... ... hotnews.ge - მსოფლიო

მსოფლიოში ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ისრაელის ჯარის რაფაჰში შესვლას - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მსოფლიოში ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ისრაელის ჯარის რაფაჰში შესვლას, რათა „ჰამასის“ დარჩენილი შენაერთები გაანადგურონ:

„ჩვენ დავასრულებთ „ჰამასის“ ბატალიონების განადგურებას, მათ შორის რაფაჰში. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც შეგვაჩერებს. ბევრი ძალა ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ ეს არ უშველის, რადგან ეს მტერი მას შემდეგ, რაც ჩაიდინა, აღარ გააკეთებს ამას, ის შეწყვეტს არსებობას“

ოლაფ შოლცი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა

ოლაფ შოლცი ჩინეთს სამდღიანი ვიზიტით ეწვევა. გერმანიის კანცლერი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება და რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ საერთაშორისო მედია გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, ვიზიტი მომავალ კვირას, 14 აპრილს დაიწყება, სი ძინპინთან შეხვედრა კი 16 აპრილსაა დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში შოლცი ჩინეთის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება.

ესპანეთი „ოქროს ვიზებს“ გააუქმებს

ესპანეთის მთავრობა გააუქმებს „ოქროს ვიზის“ პროგრამას, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში უცხოელებს ბინადრობის უფლებას ანიჭებს. ესპანეთის მინისტრთა კაბინეტი პროგრამის ლიკვიდაციის პროცესს დღეს, 9 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე დაიწყებს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 8 აპრილს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროგრამის შეწყვეტა საცხოვრებელზე წვდომას აქცევს უფლებად და არა სპეკულციურ ბიზნესად.

„ოქროს ვიზის“ პროგრამით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქე იპოთეკის გარეშე სულ მცირე 500 ათასი ევროს უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში იღებს სამი წლის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრების და მუშაობის უფლებას.

ესპანეთის მთავრობის მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან, 2013 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით გაიცა 5000-მდე ასეთი ნებართვა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2023 წლის ანგარიშით, „ოქროს ვიზის“ პროგრამით მოსარგებლეთა სიაში პირველ ადგილზე ჩინელი ინვესტორები არიან, მეორეზე კი - რუსები, რომლებმაც ესპანეთში 3,4 მილიარდი ევროს უძრავი ქონება შეიძინეს. საერთაშორისო ორგანიზაციას ეჭვი ეპარება, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ ამ ინვესტორების ქონების წარმომავლობა გამოიკვლია.

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში ზაპოროჟიეზე მიიტანეს - დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები, ჯანდაცვისა და კულტურული დაწესებულებები დაზიანდა.

 

რომის პაპი აბორტს, სუროგაციასა და სქესის შეცვლას გმობს

რომის პაპი ფრანცისკე აბორტს, სუროგაციასა და სქესის შეცვლას გმობს.

როგორც პონტიფიკოსი „დიგნიტას ინფინიტას“ (ლათინურიდან „უსაზღვრო ღირსების“) სახელწოდებით მომზადებულ 25-გვერდიან დოკუმენტში საუბრობს, ორსულობის შეწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა „ყველაზე დაუცველთა და უცოდველთათვის“ ადამიანური ღირსების ჩამორთმევა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადამიანი, დაუბადებელიც კი, წმინდა და ხელშეუხებელია და ეს მოიცავს ნებისმიერ ვითარებას, მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.

რომის პაპს ანალოგიური პოზიცია აქვს სუროგაციაზე. პონტიფიკოსის აზრით, სარგებლის მიღების მიზნით დაორსულებისას ბავშვი ხდება მხოლოდ „ობიექტი“ და ასევე ითელება ქალის ღირსება. მისი თქმით, „ბავშვის ყოლის კანონიერი სურვილი არ შეიძლება გარდაიქმნას შვილის ყოლის უფლებად“.

რომის პაპი შეეხო სქესის შეცვლის საკითხსაც და ქალსა და მამაკაცს შორის სქესობრივი განსხვავების მოშლის „გენდერულ თეორიებს“, რასაც ფრანცისკე ღმერთის მიერ მონიჭებული ღირსების სერიოზულ დარღვევად აფასებს.

„სურვილი, განაგებდე თავს, სხვა არაფერია, თუ არა მარადიული ცდუნების მიმართ დანებება თავის გასაღმერთებლად“, – ამბობს რომის პაპი ფრანცისკე.

რომის პაპის აზრით, ადამიანმა უნდა მიიღოს და პატივი სცეს საკუთარ სხეულს, როგორადაც ის არის შექმნილი, სქესის შეცვლა კი საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის უნიკალურ ღირსებას, რომლითაც ჩასახვის მომენტიდან არის დაჯილდოებული.

პონტიფიკოსმა ასევე დაგმო სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანთა დევნა, რაც ადამიანის ღირსების შელახვად შეაფასა, ისევე როგორც სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანების წამება და მოკვლა. ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობაზე, დაგმო ომები და ტრეფიკინგი.

25-გვერდიანი დოკუმენტი რამდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა.

 

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ილონ მასკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ილონ მასკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამერიკელ მილიარდერსა და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელს ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირებაში ადანაშაულებენ.

საქმე ეხება ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს წევრი მოსამართლის, ალეშანდრო დე მორაესის განკარგულებას, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ი დაავალდებულა, დაბლოკოს რამდენიმე ანგარიში, რომლებიც თითქოსდა დეზინფორმაციას ავრცელებენ. ილონმ მასკმა ეს განკარგულება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ არაკონსტიტუციურია.

ამასთან, მასკმა ბრაზილიელ მოსამართლე მორაესს „აგრესიულ ცენზურასა და ბრაზილიელი ხალხის ნების დარღვევაში“ დასდო ბრალი და მისი გადაყენება მოითხოვა. საპასუხოდ, ბრაზილიელმა მოსამართლემ განაცხადა, რომ სოციალური ქსელი სასამართლოს განკარგულების იგნორირებას თუ  გააგრძელებს, მას ყოველდღიურად ჯარიმის სახით 18 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

„სოციალური ქსელი სამართლებრივი ნორმებისაგან თავისუფალი ზონა არ არის. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა მილიარდერებმა გააკონტროლონ სოციალური ქსელები და გათელონ სასამართლო სისტემა, ახდენენ რა სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირებას და ემუქრებიან ჩვენს უწყებებს“, – განაცხადა მოსამართლე მორაესმა.

„ბიბისი“ წერს, რომ სრულიად შესაძლებელია, ამ დავის ფონზე სოციალური ქსელი X-ი ბრაზილიაში საერთოდ დაბლოკონ.

ცნობისთვის, მოსამართლე მორაესმა მანამდეც არაერთხელ შეზღუდა ბრაზილიაში სოციალური ქსელების მუშაობა. ის ასევე იძიებს ბრაზილიაში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელიც შარშან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერებმა მოაწყვეს, როდესაც ისინი ბრაზილიის კონგრესში, უზენაეს სასამართლოსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. როგორც „ბიბისი“ იუწყება, მოსამართლე ილონ მასკისგან, სავარაუდოდ, იმ ულტრამემარჯვენე მოძრაობებისა და მათი ლიდერების ანგარიშების დაბლოკავს ითხოვდა, რომლებიც შარშან მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებულ მასალას ავრცელებდნენ.

 

სერგეი ლავროვი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ ლავროვი მოლაპარაკებებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. ზახაროვას განმარტებით, სხვა საკითხებთან ერთად, კოლეგები განიხილავენ უკრაინასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

სერგეი ლავროვის ვიზიტი 9 აპრილამდე გაგრძელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინს ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ეწვია.

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის კანდიდატმა, პიტერ პელეგრინმა გაიმარჯვა

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის კანდიდატმა, პიტერ პელეგრინმა გაიმარჯვა.

არჩევნების მეორე ტურში პელეგრინმა ხმების 53.26 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ოპოზიციის კანდიდატმა, ივან კორჩოკმა – 46.73 პროცენტი.

„მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც მხარს დაუჭერს მთავრობის ძალისხმევას ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ყველაფერს გავაკეთებ, რათა სლოვაკეთი სამუდამოდ დარჩეს მშვიდობის და არა – ომის მხარეს“, – აღნიშნა პიტერ პელეგრინმა.

როგორც მედია წერს, სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პიტერ პელეგრინის გამარჯვებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ძალაუფლება კიდევ უფრო გაძლიერდება.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ფიცომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა პრორუსულ შეხედულებებს დააფუძნა, ასევე წამოიწყო რეფორმები სისხლის სამართლისა და მედიის მიმართულებით, რამაც შეშფოთება გამოიწვია.

 

პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერობს

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართალი“ ლიდერობს.

IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, პარტია „კანონმა და სამართალმა“ ხმების 33.7 პროცენტი მოიპოვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო კოალიცია“ კი 31,9 პროცენტს აგროვებს.  მესამე ადგილს პარტია „მესამე გზა“ იკავებს ხმების 13,5 პროცენტით, ხოლო „მემარცხენეებმა“ ხმების 6,8 პროცენტი დააგროვეს.

როგორც მედია წერს, ეს შედეგები ხელს შეუშლის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს თავისი ძალაუფლების განმტკიცებაში.

დონალდ ტუსკი პოლონეთის ხელისუფლებაში ოთხი თვის წინ მოვიდა, დაპირებებით, რომ შეაჩერებდა დემოკრატიულ უკუსვლას, გააძლიერებდა ქალებისა და უმცირესობების უფლებებს, ასევე გააუმჯობესებდა კავშირებს დასავლელ მოკავშირეებთან.

ფლორიდაში, ერთ-ერთ ბარში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა

აშშ-ის ფლორიდის შტატის ერთ-ერთ ბარში სროლა იყო, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი დაშავდა.

როგორც პოლიციამ მედიასთან განაცხადა, სროლა დაპირისპირების ნიადაგზე დაიწყო და ბარის ერთ-ერთმა მეპატრონემ დაცვას ესროლა.

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. მედიის ინფორმაციით, მიზეზი ეკვადორის პოლიციის მიერ მექსიკის საელჩოში ჩატარებული რეიდი გახდა, რომლის დროსაც ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხორხე გლასი დააკავეს. კორუფციისთვის გასამართლებული გლასი მექსიკის საელჩოს აფარებდა თავს. მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და მექსიკამ მისი მოთხოვნა პარასკევს დააკმაყოფილა.

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის განცხადებით, პოლიცია საელჩოში ძალის გამოყენებით შევიდა.

ეკვადორში მიიჩნევენ, რომ მექსიკის მთავრობის მიერ თავშესაფრის უზრუნველყოფა არაკანონიერი გადაწყვეტილება იყო. ეკვადორი მექსიკას დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ახმატის სპეცრაზმში ვაგნერის 3 ათასი მებრძოლი გადავა - კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის 3000 მებრძოლი ამხატის სპეცრაზმში გადავა. დანაყოფში შესაბამისი ვაკანსიების რაოდენობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე შექმნა.

როგორც ახმატის სპეცრაზმის მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა თქვა, ყოფილი დაქირავებული მებრძოლების ხელმძღვანელი ვაგნერის პირველი მოიერიშე რაზმის მეთაური ალექსანდრ კუზნეცოვი იქნება, იგივე "რატიბორი". მისი თქმით, კუზნეცოვი დაჭრის შემდეგ დიდხანს გადიოდა მკურნალობას - და ჩეჩნურ დანაყოფში ჩარიცხვის შესახებ ამ ხნის განმავლობაში მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ნოემბერში ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ახმატის სპეცრაზმში ვაგნერის ასობით მებრძოლი და სამედიცინო ჯგუფი გადავიდა. ახალი დანაყოფს "კამერტონი" დაარქვეს.

ახმატი - რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარში შემავალი სპეციალური დანაყოფია, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკაშია განლაგებული. სპეცდანიშნულების რაზმი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის სახელს ატარებს.