... ... hotnews.ge - მსოფლიო

რუსეთი აგრძელებს ბრუტალურ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე, ეს უნდა შეჩერდეს - ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება:

„რუსეთი აგრძელებს ბრუტალურ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე, ღამის საათებში დრონებითა და რაკეტებით დაბომბა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი, ეს საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს უნდა შეჩერდეს, ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში“

​შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა.

 

 

აზერბაიჯანში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ მწვრთნელს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გასული წლის აპრილში, აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაიტში, სამბოს ვარჯიშის დროს 7 წლის ფარიდ ბაკაროვის მკვლელობაში ბრალდებული მწვრთნელის, მეჰმან ხალილოვის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ ის დანაშაულში დამნაშავედ ცნო და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სუმგაიტში გამართულ სასამართლო პროცესზე პირველად მოისმინეს ბრალდებული მეჰმან ხალილოვის ბოლო სიტყვა. მისი თქმით, ბავშვი განზრახ არ მოუკლავს, მაგრამ ინციდენტი ვარჯიშის დროს დაუდევრობის გამო მოხდა.

“ფარიდი ჩემი საყვარელი მოსწავლე იყო. როგორ შემეძლო მისი განზრახ მოკვლა? ვინ კლავს ბავშვს კამერების წინ?!“ – თქვა მან.

რა მოხდა?

შემთხვევა გასული წლის 29 აპრილს მოხდა. 2016 წელს დაბადებული ფარიდ ბაკაროვი, რომელიც ვარჯიშის დროს მძიმედ დაშავდა, სუმგაიტის საქალაქო ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო გავრცელდა. ამ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს სამბოს ვარჯიშის დროს მწვრთნელი ბავშვს, რამდენჯერმე ჰაერში აჰყავს და იატაკზე აგდებს.

7 წლის ფარიდ ბაკაროვმა და მისმა ძმამ ორთვიანი წვრთნები სამბოს სექციაში ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსან მწვრთნელ, მეჰმან ხალილოვთან ერთად გაიარეს.

ინციდენტის დროს იქ ფარიდ ბაკაროვას დედაც იმყოფებოდა.

მომხდარის შემდეგ მეჰმან ხალილოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126.3-ე მუხლით წარედგინა (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიკვდილი). თუმცა, გამოძიების დროს ბრალდება გამკაცრდა და ქმედება განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა.

დახურული სასამართლო პროცესი, საბოლოო სიტყვა და განაჩენი

მეჰმან ხალილოვი, რომელიც ბოლო სიტყვებს ამბობდა, მედიასა და სოციალურ ქსელებსაც უყენებდა პრეტენზიებს. მისი თქმით, ეს მოვლენა საზოგადოებამ არასწორად გაიაზრა და ამ აჟიოტაჟის შედეგად მას განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.

„სად იყავით, როცა მე, როგორც სპორტსმენმა, ამ ქვეყნის დროშა ავწიე? მაშინ რატომ არ გადაიღეთ და არ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია?!” – განაცხადა ხალილოვმა.

მოსამართლეთა კოლეგია ხანმოკლე დისკუსიის შემდეგ დაბრუნდა და მეჰმან ხალილოვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მეჰმან ხალილოვს პირადი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვის დედასთან, აინურა მალიკოვასთან და მან ბავშვი განზრახ, ცემით მოკლა.

აინურა მალიკოვამ სასამართლოში ასევე განაცხადა, რომ მეჰმან ხალილოვმა შვილი მასზე შურისძიების მიზნით მოკლა.

მაგრამ მეჰმან ხალილოვი ამ ბრალდებებს უარყოფს. სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში მან ასევე განაცხადა, რომ შემთხვევა ვარჯიშის დროს მოხდა. მისი თქმით, ბავშვის დედამ იცოდა, რა პირობებში ვარჯიშობდა მისი შვილი. მეჰმან ხალილოვი მიიჩნევს, რომ პირიქით, მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა ბავშვის დედამ შურისძიების მიზნით.

აინურა მალიკოვამ, როგორც დაზარალებულის კანონიერმა წარმომადგენელმა, სასამართლოს სთხოვა სასამართლო პროცესის დახურვა.

წყარო: jam-news.net

უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევაა

გამთენიისას უკრაინის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი თავდასხმის გამო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ქვეყნის სხვადასხვა ოლქს რაკეტებით და დრონებით შეუტია.

15-მდე აფეთქების შესახებ იუწყება ქალაქ ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი. მისი ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. ხარკოვში აფეთქებებით გამოწვეული ხანძრებია. არაერთ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

8 სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყება ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი. მისი წინასწარი მონაცემებით, დაინგრა 2 კერძო სახლი და 7 დაზიანდა. არიან დაშავებულები, რომელთა რიცხვი ჯერ დაზუსტებული არ არის.

რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დარტყმები იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის გაავრცელა პირველი ცნობა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კასპიის ზღვის რაიონიდან გაუშვეს ფრთოსანი რაკეტები. მანამდე, შუაღამის შემდეგ, საჰაერო ძალებმა მოსახლეობა გააფრთხილეს უპილოტო საფრენი აპარატებით მოახლოებული თავდასხმის შესახებ. შეტევის მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

21 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე. ხელისუფლების ინფორმაციით, დაიჭრა 20-მდე ადამიანი, დაზიანდა სახლები, საბავშვო ბაღი და სხვა შენობები. უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ კიევში 31-ვე რუსული რაკეტა, მათ შორის „კინჟალი" გაანადგურეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისე, რომ კონკრეტულად კიევი არ უხსენებია, 21 მარტს განაცხადა, რომ საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა შორ მანძილზე მოქმედების იარაღით, მათ შორის აერობალისტიკური რაკეტებით „კინჟალი", დაარტყეს „უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზებს და სპეცოპერაციების ძალების და დაქირავებული უცხოელების დისლოკაციის პუნქტებს".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" უთხრა, რომ რუსეთის მიერ კიევის წინააღმდეგ 21 მარტს გამოყენებული რაკეტების უმრავლესობა მიმართული იყო სამხედრო დაზვერვის ობიექტებისკენ, თუმცა ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკებები იწყება

ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაიწყებს მოლაპარაკებას ევროპის კავშირში ამ ქვეყნის მისაღებად. გადაწყვეტილება 21 მარტს, ღამით ბრიუსელში მიიღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა.

ორდღიანი სამიტის პირველ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი ტვიტერი) დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, ბოსნია და ჰერცეგოვინის ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროკავშირისკენ მის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა.

მიშელის თანახმად, ახლა საჭიროა რთული სამუშაოს გაგრძელება წინსვლისთვის, როგორც ეს ხალხს სურს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტამდე, 12 მარტს, ევროკომისიამ დაუჭირა მხარი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრების საკითხზე მოლაპარაკების დაწყებას.

ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2016 წელს წარადგინა, კანდიდატის სტატუსი კი მხოლოდ 2022 წელს მიიღო.

ევროკავშირის ლიდერებმა 2023 წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე გადაწყვიტეს, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკება დაიწყებოდა მას შემდეგ, რაც ქვეყანა მიაღწევდა ევროკავშირის კრიტერიუმების საჭირო დონეს დემოკრატიის, ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა სფეროებში.

ევროკავშირის ლიდერებმა 2023 წლის დეკემბრის სამიტზე მიიღეს კანდიდატ ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. ამ სამიტზე საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

2024 წლის იანვარში ევროკომისიამ დაიწყო მუშაობა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩოზე - დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების წარმოების პრინციპებსა და პროცედურებს. ამ დოკუმენტს და მოლაპარაკებების დაწყების თარიღს ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები „ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ერთ დროს მოწინავე საქართველო უკან დახიეს. „ქართული ოცნების" ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის უკრაინასა და მოლდოვაზე უფრო გვიან მინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო.

 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ისტორიაში პირველი რეზოლუცია ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტს მიიღო ისტორიაში პირველი რეზოლუცია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების გლობალური რეგულირების შესახებ. ამ დოკუმენტში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა, ლაპარაკია ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ერთიანი საერთაშორისო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე. გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია ერთხმად მიიღო.

აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ლინდა ტომას-გრინფილდი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა. მან ისაუბრა თავის არგუმენტებზე ასეთი რეზოლუციის მიღების სასარგებლოდ.

„რატომ უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტით დაკავებული ეს ორგანიზაცია, რომელსაც ამდენი ეგზისტენციალური საკითხის განხილვა უწევს? პასუხი მარტივია - ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ეგზისტენციალურია“, - თქვა ტომას-გრინფილდმა. „და არა მხოლოდ საფრთხის თვალსაზრისით, რომელსაც ის წარმოადგენს, არამედ შესაძლებლობებისაც, რომლებსაც ის იძლევა“.

ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება დაავადებათა დიაგნოსტიკისა და ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზისთვის, ის ფერმერებს ეხმარება მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოყვანაში, მასწავლებლებს კი - მეტი რაოდენობის მოსწავლეთათვის სწავლებაში, თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.

ხუთშაბათს, 21 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას.

„შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს მუშაობას მთავრობებთან და სხვა პარტნიორებთან, რათა გარანტირებული იყოს, რომ ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, პროექტირება, განვითარება, დანერგვა და გამოყენება, იყოს უსაფრთხო, საიმედო და სანდო“, - თქვა ბლინკენმა.

ესპანელ ჟურნალისტს რუსეთი დაატოვებინეს ჯარისკაცთა ცოლების აქციების გაშუქებისთვის

რუსეთის ხელისუფლებამ ვიზა არ გაუგრძელა ესპანური გაზეთის, El Mundo-ს კორესპონდენტს, ხავიერ კოლასს და მას ერთი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

El Mundo-ს თანახმად, კოლასს პრობლემებით დაემუქრნენ, თუკი ის რუსეთს არ დატოვებდა ვიზის ვადის გასვლამდე. რეპორტიორმა დატოვა ქვეყანა.

„ძნელია, საკუთარი ცხოვრების თორმეტი წელი ერთ ღამეში ჩატენო სამ ჩემოდანში და კარი გაიხურო, თან იცოდე, რომ ხვალიდან ეს ბინა შენთვის აკრძალულ ზონად იქცევა. ჩვენ, კორესპონდენტები, იქ ვართ, სადაც ყოფნის უფლებას გვაძლევენ, მაგრამ არავის ვაძლევთ იმის უფლებას, მიგვითითონ, რა ვთქვათ და რა - არა,“ განაცხადა კოლასმა.

El Mundo აღნიშნავს, რომ ახლა რუსეთში უცხოელი ჟურნალისტების საქმიანობა ჩვეულებრივზე უფრო მეტად არის გართულებული. მაგალითად, კოლასს სახლში აკითხავდა პოლიცია და აფრთხილებდა, რომ შეეწყვიტა წერა სამხედროთა ცოლებზე, რომლებიც თავიანთი ქმრების შინ დაბრუნებას მოითხოვენ. გაზეთი ამ საპროტესტო გამოსვლებს უწოდებს „ომით უკმაყოფილების ხილული ნიშნებიდან ერთ-ერთ მცირეთაგანს“.

ჟურნალისტური ვიზის გაგრძელებაზე უარი ჩვეულებრივი მეთოდია ავტორიტარული რეჟიმებისა, რაც გამოიყენება სიტყვის თავისუფლებისთვის ძირის გამოსათხრელად და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საერთაშორისო გახმაურების წინააღმდეგ საბრძოლველად, წერს El Mundo.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთში საგრძნობლად გაიზარდა ცენზურა და ჟურნალისტებზე ზეწოლა. მრავალი მედიასაშუალება იძულებული გახდა, თავისი ოფისი უცხოეთში გადაეტანა, სხვებმა მუშაობა შეაჩერეს ან ომის გაშუქებაზე უარი თქვეს. მედიასაშუალებების თანამშრომლებმა მასობრივად დატოვეს რუსეთი, რათა გაეგრძელებინათ ომის გაშუქება და არ გამხდარიყვნენ სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტები.

2023 წლის მარტში ეკატერინბურგში დააკავეს Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი. ფსბ-ს მტკიცებით, ჟურნალისტი აშშ-ის დავალებით აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესახებ, რაც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა. გერშკოვიჩი ბრალდებას უარყოფს. ჟურნალისტი დღემდე მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია ჯაშუშობის ბრალდებით.

 

ზელენსკი კიევში NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა, სადაც მათ უკრაინის მხარდაჭერაში ალიანსის საკოორდინაციო როლის გაძლიერების შესაძლებლობა განიხილეს.

"მადლობა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში პირველი ვიზიტისთვის. ეს არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის სერიოზული სიგნალი. NATO-ს და ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი უკრაინელების ზნეობისთვის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ შეგვიძლია თქვენი იმედი გვქონდეს," - განაცხადა ზელენსკიმ.

მან NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელს უკრაინის პრიორიტეტული თავდაცვის საჭიროებების შესახებ აცნობა და ხაზი გაუსვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაუდებელ აუცილებლობას, რათა საიმედოდ დაიცვან უკრაინელები მუდმივი სარაკეტო და თვითმფრინავების თავდასხმებისგან.

ზელენსკიმ ბაუერს ასევე გააცნო უკრაინული მხარის მოლოდინები, ვაშინგტონში, NATO-ს წლევანდელი სამიტიდან.

"ჩვენი იმედი გვაქვს ჩვენი ქვეყნის მიღწევებისა და ვაშინგტონის სამიტის გადაწყვეტილებების სამართლიან შეფასებაზე, რომელიც შეძლებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაახლოებას," - აღნიშნა მან.

რუსეთის სასამართლომ კოლონიის წინააღმდეგ ნავალნის დედის სარჩელი არ დაუშვა

რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის დედას უარი უთხრა სარჩელზე, რომელიც მისი შვილისთვის არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევას ეხებოდა.

ქალაქ ლაბიტნანგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლუდმილა ნავალნაიას უფლებები ხარპის კოლონიის თანამშრომლების მხრიდან არ დარღვეულა, ხოლო მოსარჩელე ამ საქმეზე მხოლოდ თვითონ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნი შეიძლება იყოს.

"ალექსეიმ არაერთხელ შეიტანა სარჩელი კოლონიაში სამედიცინო დახმარების არგაწევასთან დაკავშირებით. ახლა ის მოკლედ, მის ახლობლებს კი დამცინავი ფორმულირებებით სარჩელზე უარს ეუბნებიან", - წერს ნავალნის გუნდის წევრი ივან ჟდანოვი.

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა. 

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახს ცხედარი მხოლოდ 9 დღის შემდეგ გადასცეს. 

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.

ავღანეთში აფეთქებას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

ავღანეთის სამხრეთით, ქალაქ ყანდაჰარში აფეთქების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ BBC-ის რეგიონული საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა.

თალიბანის განცხადებით, თვითმკვლელმა პირმა თავი ქალაქის ცენტრში მდებარე ბანკში აიფეთქა. ცხედრები და დაშავებულები მირვეისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ავსტრალია უკრაინის „დრონების კოალიციას“ შეუერთდა

ავსტრალია უკრაინისთვის დახმარების მიზნით შექმნილ „დრონების კოალიციას“ შეუერთდა, - ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა ბრიტანელ კოლეგასთან, გრანტ შაპსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ავსტრალია ჩაერთვება დრონების კოალიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობენ გაერთიანებული სამეფო და ლატვია“, - აღნიშნა რიჩარდ მარლსმა.

შეგახსენებთ, 8 მარტს, კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა ასევე პირობა დადო, რომ კანადა შეუერთდება საერთაშორისო დრონების კოალიციას, რომელსაც ლატვია და გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობენ.

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება.

ორდღიანი სამიტის ფარგლებში ლიდერები ევროპის თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრებენ. მთავარი თემა კი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.

როგორც ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, საუბარი ასევე შეეხება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, მიგრაციასა და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ პრობლემებს.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება. ამ დრომდე ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა 138 მილიარდი ევროს მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.

როგორც ცნობილია, სამიტზე ასევე განხილული იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, უფრო კონკრეტულად კი, საუბარი შეეხება უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას.

იტალიაში, ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იტალიური მედია წერს, რომ შეტყობინება პოლიციაში გამთენიას შევიდა - 112-ში ერთ-ერთმა მოქალაქემ დარეკა და თქვა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ორი ადამიანის სილუეტი შენიშნა.

ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტეს, რის შემდეგაც ორი ადამიანის დაკავება შეძლეს. 34 და 39 წლის ბრალდებულებს ჩხრეკისას ხელთათმანები, ხრახნი და საკეტი აღმოუჩინეს.

დადგინდა, რომ დაკავებულებმა ორი ბინა გაძარცვეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება - საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.