... ... hotnews.ge - მსოფლიო

ერდოანმა დამარცხება აღიარა - თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

თურქეთში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მარცხი აღიარა. მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა.

მთავარი ყურადღება მიპყრობილი იყო თურქეთის მეგაპოლის სტამბოლისკენ, სადაც ერდოანის პარტიას წინა მუნიციპალური არჩევნების შედეგად დაკარგული პოზიციების აღდგენა სურდა, თუმცა ვერ შეძლო.

თურქეთის მედია არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ზე მეტით თანამდებობა შეინარჩუნა. დახლოებით 39% მიიღო „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა მურატ ქურუმმა.

მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ხმების 60%-ზე მეტით გაიმარჯვა მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავაშმა. მის კონკურენტს ერდოანის პარტიიდან თურგუტ ალტინოკს ხმა მისცა დაახლოებით 32%-მა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ ერდოანის ოპოზიციაში მყოფი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატები მერის არჩევნებში ლიდერობენ 20-ზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირსა და ანტალიაში.

გვიან ღამით, ანკარაში, მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ 2023 წლის მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში წარმატებისგან განსხვავებით, ამჯერად, ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს, რომლებსაც ობიექტურად და თვითკრიტიკულად გააანალიზებენ და დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებენ.

სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ერდოანმა თქვა, რომ მუნიციპალურ არჩევნებში პირველ ყოვლისა, გაიმარჯვა თურქეთის დემოკრატიამ და ხალხის ნებამ, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას.

31 მარტს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში მერების და ადგილობრივი დონის სხვა თანამდებობების დასაკავებლად 34 პარტიის კანდიდატები იბრძოდნენ. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობდა 61 მილიონზე მეტი ამომრჩეველი.

მუნიციპალური არჩევნები იყო თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის პოპულარობის ერთგვარი საზომი 2023 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მორიგი გამარჯვების შემდეგ. მოელიან, რომ სტამბოლის მერის არჩევნებში ექრემ იმამოღლუს მორიგი გამარჯვება გააძლიერებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მისი, როგორც ერდოანის პოტენციური მეტოქის პოზიციებს.

რეჯეპ ტაიპ ერდოანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლიდან. მანამდე, ათი წლის განმავლობაში ერდოანი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო.

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინის რამდენიმე რეგიონში, რუსების მხრიდან ბალისტიკური იარაღის საფრთხის გამო, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. დაფიქსირდა რაკეტების გაშვებაც. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებენ.

ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, განგაში 16:12 საათზე ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, პოლტავას, ხერსონის, მიკოლაივის, ჩერკასა და კიროვოგრადში გამოცხადდა. 16:35 საათზე კი განგაში ასევე გამოცხადდა კიევის ოლქში.

საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ

საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ.

დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ღვთისმსახურება თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში ჩატარდა. ლიტურგიას, ტრადიციულად, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

ეპისკოპოსმა მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

„ქრისტეს აღდგომა არის სასიხარულო. ჩვენს ოჯახებში, საზოგადოებაში შეიძლება იყოს პრობლემები, მძიმე მომენტები, მსოფლიოში ომებია და სწორედ ამისთვის არის საჭირო, ვთქვათ: ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა ნიშნავს, რომ სიკვდილი დამარცხებულია, თუ სიკვდილი დამარცხებულია, ის არ არის ბოლო სიტყვა ჩვენთვის. ქრისტე აღდგა ნიშნავს, რომ გულში ყოველთვის უნდა გვქონდეს იმედი და ეს იმედი ჩნდება, ვინაიდან ქრისტე აღდგა. მინდა, მივულოცო კათოლიკეებს, პროტესტანტებს, სომხებს, რომლებიც დღეს ზეიმობენ, აგრეთვე მათ, ვინც ამ დიდ საიდუმლოს ერთი თვის შემდეგ ზეიმობს, ვინაიდან ყველანი ქრისტიანები ვართ“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.

კათოლიკეებისთვის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს წინ უძღოდა 40-დღიანი მარხვა.

ამ დღისთვის კათოლიკე ეკლესია განსაკუთრებულად ემზადება. დიდ შაბათს არის სიჩუმის დღე. მორწმუნეებს სჯერათ, რომ სწორედ შაბათის ღამეს ქრისტე მობრუნდა ჯოჯოხეთიდან და მკვდრეთით აღდგა.

გერმანია ევროპის ჩემპიონატის პერიოდში სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

უპილოტო საფრენი აპარატები ევროპის ჩემპიონატისთვის ყველაზე დიდი ტერორისტული საფრთხეა - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ. 

"დრონები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხდება. ქვეყნის მასშტაბით ფრენის სრული აკრძალვა მთელ გერმანიაში [უნდა ამოქმედდეს] ევროპის ჩემპიონატის წინ, მიმდინარეობისას და ცოტა ხნით, დასრულების შემდეგაც". - განუცხადა გამოცემა BILD-ს გერმანიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელმა, ანდრეას როსკოფმა.

ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა კი Rheinische Post-თან საუბრის თქვა, რომ ტურნირის მიმდინარეობის დროს "ექსტრემისტებისა და კრიმინალების" ქვეყანაში შემოსვლის მზარდ საფრთხესთან ბრძოლის მიზნით, გერმანიის ყველა სასაზღვრო ზონაში დროებითი სასაზღვრო კონტროლი იგეგმება.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

 

პერუს პრეზიდენტის სახლი ძვირფასი საათების საქმეზე გაჩხრიკეს

პერუს პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს სახლში ძვირადღირებული საათების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

გამოძიების მტკიცებით, 2021 წელს ვიცე პრეზიდენტად, 2022 წელს კი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დინა ბოლუარტემ საკუთარი ძვირადღირებული საათების კოლექცია არ დაადეკლარირა.

მანამდე ბოლუარტემ განაცხადა, რომ აქვს Rolex-ის ფირმის ერთი საათი, რომელიც საკუთარი შემოსავლებით შეიძინა. თუმცა გენერალური პროკურორი ხუან ვილიენა ამბობს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ წარმოუდგინოს გამოძიებას Rolex-ის ფირმის სამი საათი.

31 მარტს ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან

31 მარტს ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ხვალ მნიშვნელოვანი დღე იქნება: ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ოჯახს შეუერთდებიან. მივესალმები შიდა საჰაერო და საზღვაო სასაზღვრო შემოწმებების გაუქმებას. ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ისტორიული მომენტია შენგენის ზონისთვის, რომელიც თავისუფალი გადაადგილების მსოფლიოში ყველაზე დიდ ზონას წარმოადგენს. ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ და ერთიან ევროპას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

Euronews-ის ცნობით, ავსტრიის მოთხოვნით ძალაში რჩება სასაზღვრო შემოწმება სახმელეთო გამშვებ პუნქტებზე. ოფიციალური ვენა შიშობს, რომ რუმინეთი და ბულგარეთი უკანონო მიგრანტების ნაკადებს ვერ უმკლავდებიან.

დაკავებულია კაცი, რომელმაც ნიდერლანდების ქალაქ ედეს კაფეში მძევლები აიყვანა

დაკავებულია კაცი, რომელმაც ნიდერლანდების ქალაქ ედეს ერთ-ერთი კაფეში მძევლები აიყვანა - ირკვევა, რომ კაცმა ოთხი მძევალი, რომლებიც დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, გაათავისუფლა.

ქალაქის მერი ადასტურებს, რომ ამ დროისთვის მძევლებთან დაკავშირებული საკითხი მოგვარებულია.

ცნობისთვის, ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა ადგილობრივ ბარშიმძევლები აიყვანა.

“თუკი აშშ-სგან დახმარება არ იქნება, ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა მოგვიწევს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, რუსეთთან ომში უკრაინულ ძალებს უკან დახევა მოუწევთ.

„თუკი არ იქნა მხარდაჭერა აშშ-სგან, ეს ნიშნავს, რომ არ გვექნება საჰაერო თავდაცვა, არ გვექნება „პატრიოტის“ რაკეტები, არ გვექნება 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები“, - უთხრა მან ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტს“ 29 მარტს.

„ეს ნიშნავს, რომ უკან წასვლა, უკან დახევა მოგვიწევს, ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა ნაბიჯებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინა, თუკი დახმარებას ვერ მიიღებს, იძულებული იქნება, „რესურსების პრიორიტეტიზაცია მოახდინოს“, რასაც უარყოფითი შედეგები ექნება:

„თუკი ყოველდღიურად 8000 ჭურვი გჭირდება ფრონტის ხაზის დასაცავად, მაგრამ გაქვს, ვთქვათ, მხოლოდ 2000, ნაკლები რამის გაკეთება შეგიძლია“, თქვა მან და დასძინა, რომ გამოსავალი, შესაძლოა, ფრონტის ხაზის შემოკლება იყოს.

„თუკი იგი [ფრონტის ხაზი] გატყდება, რუსები, შესაძლოა, დიდი ქალაქებისკენ წავიდნენ“, - განაცხადა მან.

თებერვლის ბოლოს გამოცემა Bloomberg-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან, რომ რუსეთი ზაფხულის შეტევისთვის მნიშვნელოვანი იმპულსის მოპოვებას შეძლებს, თუ კიევის მოკავშირეები უკრაინის საბრძოლო მასალით მომარაგებას არ გაზრდიან.

შტატების დახმარება რამდენიმე კვირაა, შეფერხებულია.

კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.

კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას.

აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.

რომის პაპმა პატიმარ ქალებს ფეხები დაბანა - რიტუალის ბოლოს 87 წლის ფრანცისკე თითოეულ ქალს ფეხზე ეამბორა

რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ აღ­დგო­მის კვი­რის ფარ­გლებ­ში ციხე მო­ი­ნა­ხუ­ლა და დიდი ხუთ­შა­ბა­თის რი­ტუ­ა­ლის დროს, 12 პა­ტი­მარ ქალს ფე­ხე­ბი და­ბა­ნა. 87 წლის ფრან­ცის­კემ რი­ტუ­ა­ლი ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლში მჯდო­მა­რემ შე­ას­რუ­ლა, რად­გან ბოლო დროს ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს. რი­ტუ­ა­ლის ბო­ლოს, პაპი თი­თო­ე­ულ ქალს ფეხ­ზე ეამ­ბო­რა.

პაპი ფრან­ცის­კე ყო­ველ წელს მოგ­ზა­უ­რობს რო­მის ცი­ხე­ებ­სა და ლტოლ­ვილ­თა ბა­ნა­კებ­ში. ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავს იმ ფაქტს, რომ მღვდლის მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა ემ­სა­ხუ­როს მათ, ვი­საც ეს ყველ­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა.

"იესო თავ­მდა­ბა­ლი იყო. მე აქ ვარ არა იმის­თვის, რომ მემ­სა­ხუ­რონ, არა­მედ ვემ­სა­ხუ­რო" - გა­ნა­ცხა­და პაპ­მა.

პა­ტიმ­რებ­მა მას ცი­ხის ბაღ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ბოსტნე­უ­ლი და მათ მიერ მო­ქარ­გუ­ლი ორი ლი­ტურ­გი­უ­ლი ქუდი აჩუ­ქეს, პა­პის­გან კი სა­ჩუქ­რად ღვთის­მშობ­ლის ხატი გა­და­ე­ცათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტი­კა­ნი 2 კა­თო­ლი­კე მა­მა­კაცს არ­ჩევ­და ცე­რე­მო­ნი­ის­თვის. თუმ­ცა, პაპ ფრან­ცის­კეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ცე­რე­მო­ნი­ა­ში ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა ქა­ლებ­საც მი­ე­ცათ.

რუსეთის ეფ-ეს-ბე აცხადებს, რომ ტერაქტი აღკვეთა და დააკავა სამი პირი შუა აზიის ქვეყნიდან

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა (FSB) სამსახურმა განაცხადა 29 მარტს, რომ დააკავა „შუა აზიის ქვეყნის“ მოქალაქეები, სამი პირი, რომლებიც ქვეყნის სამხრეთში თავდასხმას გეგმავდნენ.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს მოჰყავს FSB-ს განცხადებიდან ფრაგმენტი, რომ „სამსახურმა აღკვეთა ამ სამი პირის ტერორისტული“ საქმიანობა. ისინი აფეთქების მოწყობას აპირებდნენ სტავროპოლის ოლქის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე.

AFP-ის ცნობით, რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ჰყავთ მიწაზე დაწვენილი უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებს რამდენიმე ადამიანი.

რია-ნოვოსტი იტყობინება, რომ ერთ-ერთი მათგანის ბინაში იპოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა.

თუ პუტინი გაიმარჯვებს, ევროპის უსაფრთხოებაც და საერთაშორისო წესრიგიც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება - ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს არ აქვს იმის იმედი, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი სწრაფად დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოელის, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება დაიძაბება, რადგან პუტინის სისასტიკეს საზღვარი აღარ აქვს.

„ის [პუტინი] მკაფიოდ აცხადებს, რომ არ იღებს რაციონალურ არგუმენტებს და კაცობრიობის ღირებულებებს. და მას, რა თქმა უნდა, არ სურს მოლაპარაკებების წარმოება

შეუძლებელია იმის წარმოდგენა, თუ რა მოხდება უკრაინის დამარცხების შემთხვევაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს, ევროპის უსაფრთხოებაც და საერთაშორისო წესრიგიც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების გარანტიაა“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს 9 მაისს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება.  ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს იქნება თურქეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი თეთრ სახლში. შეხვედრის დამატებითი დეტალები უცნობია.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლიდერები განიხილავენ ისრაელ-„ჰამასის“ ომს, ასევე თურქეთის მიერ ამერიკისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენის საკითხს.

შეგახსენებთ, ერდოღანი აშშ-ს ბოლოს 2019 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეწვია.