... ... hotnews.ge - მსოფლიო

ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა

ტაივანში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, ცხრა ადამიანი.

ტაივანის სახანძრო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაშავებულთა რაოდენობამ 1038-ს მიაღწია, დაკარგულთა საერთო რაოდენობა კი, სულ მცირე, 52-ია.

ერთ-ერთი სასტუმროს ათობით თანამშრომელი ტაროკოს ეროვნულ პარკში იპოვეს, თუმცა 38 თანამშრომელი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში კუნძულზე ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრას ასობით მეწყრული პროცესის განვითარება მოჰყვა.

კუნძულ ტაივანზე ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ტაივანის ოფიციალური უწყების ცნობით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კუნძულზე ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა. 

მიწისძვრის ეპიცენტრი ტურისტული ქალაქ ჰუალიენიდან სამხრეთით დაახლოებით 18 კილომეტრში იყო.მას მოჰყვა ძლიერი ბიძგები, მათ შორის ერთი 6,5 მაგნიტუდის.

ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს (NFA) ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ოთხი ადამიანი. NFA-ს ცნობით, ყველა შემთხვევა მოხდა ჰუალიენის ოლქში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს. დაშავებულია სულ მცირე 57 ადამიანი. 

სულ მცირე 26 შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.

სტამბოლის ცენტრში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლის ცენტრში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ განაცხადა.

ხანძარი დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. ღამის კლუბი 16-სართულიანი შენობის ქვემოთ, ბეშიქთაშის რაიონში მდებარეობდა.

სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

მერის ცნობით, ღამის კლუბში ცეცხლი ჩააქრეს. ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

 

უკრაინა რუსეთთან ომის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა - ბლინკენი

უკრაინა რუსეთთან ომის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საფრანგეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

„აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვას. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს დამატებითი დახმარების შესახებ მოთხოვნა, რომლითაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მიმართა“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დახმარებას თუ არ მიიღებს, მათ მოუწევთ უკან დახევა „მცირე ნაბიჯებით“.

ამასთან, ენტონი ბლინკენი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრამდე მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფან სეჟურნესთან. როგორც ფრანგი დიპლომატები აცხადებენ, მათ სურთ, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მისაღებად გაერო-ში ძალისხმევა გააძლიერონ.

უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის ასაკი მცირდება - ზელენსკიმ ახალ კანონპროექტს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მოვალეობის შესრულების მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

კანონპროექტის ინიციატორი უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იყო.

მანამდე, 30 მაისს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა გაწვევის მაქსიმალური ასაკის 25 წლამდე შემცირებას. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 304-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამჟამად, სანამ უკრაინა საომარი მდგომარეობის პირობებში იმყოფება, არ არის საჭირო მოქალაქეების დიდი ხნით (27 წლამდე) დარჩენა წვევამდელთა სამხედრო რეესტრში.

ტრამპმა თაღლითობის საქმეზე გირაოს სახით დაკისრებული 175 მილიონი დოლარი გადაიხადა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში თაღლითობის საქმეზე გირაოს სახით დაკისრებული 175 მილიონი დოლარი გადაიხადა, რითაც თავიდან აიცილა აქტივების, მათ შორის ნიუ-იორკში მდებარე ცათამბჯენ "ტრამპ-ტაუერისა" და ფლორიდის "მარ-ა-ლაგოს" რეზიდენციის, ჩამორთმევა.

თავდაპირველად ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპს გირაოდ 464 მილიონი დოლარი დაუწესა, მაგრამ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის შედეგადაც გირაოს ოდენობა შემცირდა. თუმცა, თუ ტრამპი აპელაციას წააგებს, მას 464 მილიონის გადახდა მაინც მოუწევს. მიმდინარე წლის თებერვალში ტრამპი დამნაშავედ ცნეს განზრახ ფინანსურ თაღლითობაში. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი ათი წლის განმავლობაში "განზრახ ბერავდა საკუთარი ქონების ღირებულებას," რათა შეცდომაში შეეყვანა ბანკები და მიეღო უკეთესი სასესხო პირობები.

 

ფინეთში სკოლაში 12 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა - დაჭრილია სამი ბავშვი

ფინეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yle ავრცელებს.

ამასთან, პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც არასრულწლოვანია.

შემთხვევა ქალაქ ვანტააში მოხდა. პოლიცია ადგილზე ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 09:08 საათზე გაემართა. დაწყებულია მომხდარის გამოძიება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ქალაქის კრიზისების მართვის ჯგუფის შეხვედრა.

სკოლას, სადაც სროლა მოხდა, 800 მოსწავლე და 90 თანამშრომელი ჰყავს. ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას თვითმხილველებმა თქვეს, რომ სკოლის ტერიტორია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორმა მანქანამ დატოვა.

"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩენი პოლიციაში გარდაიცვალა

რუსეთში, საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი, ასხაბ უსპანოვი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "Агентство" დაღუპულის დედაზე, ტაისა უსპანოვაზე, დაყრდნობით ავრცელებს.

დედის თქმით, ასხაბ უსპანოვი მაშინ დააკავეს, როცა მეუღლესთან ერთად სამსახურში მიდიოდა. დაკავების შემდეგ მან მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისვლა საჭირო არ იყო, რადგან სამართალდამცავებს "მასზე არაფერი ჰქონდათ". თუმცა, მოგვიანებით ისევ დარეკა და მისვლა სთხოვა. როდესაც მეუღლე განყოფილებაში მივიდა, დარეკვიდან ორი საათის შემდეგ, უთხრეს, რომ მისი ქმარი გარდაცვლილი იყო.

მისი გარდაცვლაების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ჩეჩნურ ოპოზიციურ Telegram არხზეც, სადაც წერენ, რომ ​უსპანოვს გატეხილი ჰქონდა ნეკნები და ხერხემალი, სხეულზე კი დახრჩობის და სისხლჩაქცევების ნიშნები აღენიშნებოდა. 1ADAT-მა გამოაქვეყნა მორგში გადაღებული ვიდეოც, სადაც უსუპოვის ცხედარზე ძალადობის ნიშნები ჩანს. ვიდეოს ავტორი ირწმუნება, რომ პოლიციამ უსპანოვის თვითმკვლელობა დანაშაულის დაფარვის მიზნით მოაწყო. თუმცა, უსპანოვის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიასა და ტერაქტში მის მონაწილეობას უარყოფს.

 

ერდოღანმა მუნიციპალურ არჩევნებში ანკარასა და სტამბოლში თავისი პარტიის მარცხი აღიარა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მუნიციპალურ არჩევნებში დემოკრატიამ და ხალხის ნებამ გაიმარჯვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარასა და სტამბოლში თავისი პარტიის მარცხი აღიარა და აღნიშნა, რომ თვითკრიტიკისა და შეცდომების გამოსწორების დროა:

„31 მარტის არჩევნები ჩვენთვის არა დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია.თურქმა ერმა მუნიციპალურ არჩევნებში საკუთარი აზრი დააფიქსირა. გაიმარჯვა დემოკრატიამ და ხალხის ნებამ. არჩევნები დემოკრატიისთვის შესაბამისი შედეგით დასრულდა. გასული წლის მაისის არჩევნების შემდეგ ჩვენ, სამწუხაროდ, ახლა ვერ დავდეთ ის შედეგი, რისი იმედიც გვქონდა. გავაანალიზებთ 31 მარტის შედეგებს პარტიაში, ვიქნებით თვითკრიტიკულები და განვიხილავთ ამ უკუსვლის მიზეზებს“

 

ისრაელში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით

"ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების ოჯახის წევრები შეუერთდნენ მასშტაბურ საპროტესტო აქციას და ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისკენ მოუწოდეს. 

მომიტინგეები შეკრებილები იყვნენ თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის გარეთ, ასევე,  ისრაელის პარლამენტის წინ. 

"ახლავე დააბრუნეთ ყველა სახლში. მძევლების დაბრუნების გარეშე ისრაელის არსებობას არ აქვს  გამართლება", - ეწერა ერთ-ერთ ბანერზე.

ისრაელის პოლიციის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კვირას დააკავეს ერთი პირი და ამოიღეს პიროტექნიკა. ცალკე, ღაზაში მძევლად მყოფი ისრაელელი ჯარისკაცის ოჯახმა განაცხადა, რომ კვირას ნეთანიაჰუსთან შეხვედრიდან "არანაირი კარგი ამბავი" არ გამოვიდა.

19 წლის ჯარისკაცის მამამ თქვა, რომ იმედოვნებდნენ რომ მოლაპარაკებების წინ კარგ ამბავს გაიგებდნენ, მაგრამ მსგავსი სიახლე ვერ მოისმინეს, მისივე თქმით, წუხან, რომ მოლაპარაკებების პროცესი ნელა მიმდინარეობს. 

კვირას ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორში, ალ-შიფას ჰოსპიტალში 200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აუცილებელია "ჰამასის" დამარცხება.

შაბათს პრემიერის გადადგომისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა თელ-ავივის, იერუსალიმის, კესარიის, რაანასა და ჰერცლიის ქუჩებში. ისრაელის პოლიციის ცნობით, სულ მცირე 16 ადამიანი დააკავეს.

პალესტინას ახალი მთავრობა ჰყავს

პალესტინას ახალი მთავრობა ჰყავს. მინისტრთა კაბინეტის ახალმა წევრებმა ერთგულების ფიცი პალესტინის ლიდერის, მაჰმუდ აბასის წინაშე დადეს.

ქვეყნის ახალ მთავრობას აბასის თანამოაზრე, ბიზნესმენი მოჰამედ მუსტაფა უხელმძღვანელებს. ის პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობასაც შეასრულებს. მასვე დაევალა ღაზის სექტორის აღდგენა და იქაური მოსახლეობისთვის დახმარების გაწევაც.

ერდოანმა დამარცხება აღიარა - თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

თურქეთში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მარცხი აღიარა. მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა.

მთავარი ყურადღება მიპყრობილი იყო თურქეთის მეგაპოლის სტამბოლისკენ, სადაც ერდოანის პარტიას წინა მუნიციპალური არჩევნების შედეგად დაკარგული პოზიციების აღდგენა სურდა, თუმცა ვერ შეძლო.

თურქეთის მედია არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ზე მეტით თანამდებობა შეინარჩუნა. დახლოებით 39% მიიღო „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა მურატ ქურუმმა.

მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ხმების 60%-ზე მეტით გაიმარჯვა მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავაშმა. მის კონკურენტს ერდოანის პარტიიდან თურგუტ ალტინოკს ხმა მისცა დაახლოებით 32%-მა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ ერდოანის ოპოზიციაში მყოფი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატები მერის არჩევნებში ლიდერობენ 20-ზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირსა და ანტალიაში.

გვიან ღამით, ანკარაში, მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ 2023 წლის მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში წარმატებისგან განსხვავებით, ამჯერად, ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს, რომლებსაც ობიექტურად და თვითკრიტიკულად გააანალიზებენ და დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებენ.

სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ერდოანმა თქვა, რომ მუნიციპალურ არჩევნებში პირველ ყოვლისა, გაიმარჯვა თურქეთის დემოკრატიამ და ხალხის ნებამ, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას.

31 მარტს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში მერების და ადგილობრივი დონის სხვა თანამდებობების დასაკავებლად 34 პარტიის კანდიდატები იბრძოდნენ. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობდა 61 მილიონზე მეტი ამომრჩეველი.

მუნიციპალური არჩევნები იყო თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის პოპულარობის ერთგვარი საზომი 2023 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მორიგი გამარჯვების შემდეგ. მოელიან, რომ სტამბოლის მერის არჩევნებში ექრემ იმამოღლუს მორიგი გამარჯვება გააძლიერებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მისი, როგორც ერდოანის პოტენციური მეტოქის პოზიციებს.

რეჯეპ ტაიპ ერდოანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლიდან. მანამდე, ათი წლის განმავლობაში ერდოანი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო.