... ... hotnews.ge - პოლიტიკა

„აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება“-ANONYMOUS

მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს. 

"მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარების თაობაზე. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები თქვენ გვერდით ვდგავართ და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მივმართავთ საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება. ჩვენ ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და იმეილის pool-ებს და მათ ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა. მივმართავთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიას: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ". – ვკითხულობთ Anonymous-ის განცხადებაში. 

 

აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს ძალის გამოყენების საფუძველი - სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველი  მშვიდობიანი შეკრების დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს ეხმიანება და ბოლო რამდენიმე საათში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მეორე განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება. შესაბამისად, კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე  გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე." ნათქვამია განცხადებაში

 

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა - პრეზიდენტი

"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის 
დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. 
მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო  სპეცდანიშნულების ხალების ქმედებები. 
ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.
სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე,  როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია საეწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!"  - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში

 

აქტივისტებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს

აქტივისტებმა, რომლებმაც რუსთაველის გამზირი დარბევის შემდეგ დატოვეს, იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს.

რუსთაველზე ამ დრომდე სპეცრაზმელები იმყოფებიან. პარლამენტის შენობა სპეცრაზმის ალყაშია.  აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაუშვეს წყლის ჭავლი, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ისროლეს რეზინის ტყვიები. 

დააკავეს აქციის არაერთი მონაწილე.

ფოტო: დოდი ხარხელი

 

შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას - განცხადება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.
გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.
სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

 

ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სპეცსაშუალებებით უსწორდებიან

რუსთაველის გამზირზე პერიოდულად ვითარება იძაბება. ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციელების მხრიდან მოხდა პროვოკაცია.

შსს-ს თანამშრომელის განცხადებით, აქციის მონაწილეები ბოთლებს ისროდნენ პოლიციელების მიმართულებით.

„სამართალდამრღვევები იქნენ დაკავებული ადმინისტრაციული წესით. სამართალდარღვევა გამოიხატებოდა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში. ბოთლების წვიმას ხედავდით? მადლობა, რომ ამდენი კამერით ხართ, ყველა დაინახავს ყველას. ჩვენი ბევრი თანამშრომელია დაშავებული“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

სამართალდამცველებს აქციის ზოგიერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაჰყავთ.

აჟამად, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ.

 

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ისროლეს სხვადასხვა საგნები - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

პარლამენტთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა სცადეს, ტერიტორიიდან გაეყვანათ პარტია „ახალის“ ლიდერები, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ბაჩო დოლიძე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ისხდნენ.

დაპირისპირებისას, სამართალდამცველებმა პარტია „ახალის“ ლიდერებთან ერთად, რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

აქციის სხვა მონაწილეები ასევე ჩიტაძის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მიახლოებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შენობის თავისუფლად დატოვების საშუალებას არ მისცემდნენ.

მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ შესასვლელ-გამოსასვლელები - შსს-ს განცხადება

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.
საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.
კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება.

არა რუსულ კანონს! - სტუდენტები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

არა რუსულ კანონს! - ილიაუნის, თსუ-სა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მსვლელობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. ისინი პარლამენტის უკანა შესასვლელთან ავიდნენ.

ამბობენ, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონი უნდა გაიწვიოს რადგან ის ანტიდასავლურია და კრემლის ინტერესებს ეხმაურება.

 

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ფრანსუა რაპენი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობაზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე. 
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებს. 
აღინიშნა, რომ საქართველო საფრანგეთისა და ევროკავშირის საიმედო მოკავშირეა, რომელიც განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობას . 
პრემიერ-მინისტრმა ჟან-ფრანსუა რაპენს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საფრანგეთის  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ვიშიმშილებ, სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან - ზაზა სარალიძე

2017 წელს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, "რუსული კანონის" გაწვევის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, რუსთაველის გამზირზე განაცხადა. სარალიძე გუშინ, "ოცნების" გამართულ  მარშსაც გამოეხმაურა:  

"გუშინ მე ვიყავი აქ აქციაზე, მთავარის გამოსვლის დროს, ბიძინას გამოსვლის დროს მოვედი. მე რასაც შევხედე, ეს ხალხი არის სუყველა გადასარჩენი, გუშინ ვინც იყო აქციაზე , ეს ხალხი არის ჩვენი გადასარჩენი, მე მივმართე უკიდურეს ზომას, უნდა ვიშიმშილო სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან. გუშინდლიდან დავიწყე ეს პროცესი და სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან და ქართველი ადამიანის ღირსება არ იქნება იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეც უნდა იყოს აყვანილი და არ უნდა იყოს დაჩაგრულ არავინ, არც ქალი არც კაცი, არც ორიენტაციაშეცვლილი,  თუ ეს გაინტერესებთ ჩემო ქართველებო, არავინ არ უნდა იყოს, ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველას ქომაგი. ყველა ავადმყოფის, ყველა ჯანმრთელის, ყველა პოლიციელის, ყველა ექიმის, მითუმეტეს თავისუფალი სიტყვის, რომელსაც ემსახურება დღევანდელი ე.წ. ენჯეოსექტორი და თავისუფალი მედია. თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები რომ არ ყოფილიყო დღეს ჩემი შვილის მკვლელები გარეთ იქნებოდნენ და სამართალი ვერ იქნებოდა აღსრულებული. დღეს სარალიძის ბრძოლა მაინც გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით რომელსაც ეწოდება ადამიანის უფლებათა ცენტრი და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, თუ აქედან ცოცხალი წავედი " ამბობს ზაზა სარალიძე.