notnews ganivi3 

    „თუ ქართველთა შერიგებას მსხვერპლი სჭირდება, დაე, ეს მე ვიყო!“- გაიხსენეთ ექიმი, რომელმაც რუსთაველზე თავი ცოცხლად დაიწვა!

    თბილისში ისევ აგრესიით, ზიზღითა და შურისძიებით სავსე დეკემბერი დგას... რუსთაველის გამზირზე მიტინგს მიტინგი ენაცვლება და თითქოს იმ საზარელ 90-იანებში გვაბრუნებს, საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს რომ ახსოვს...

    ტრამვატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ ტყვეობაშია... სოციალურ ქსელში სხვისი გმირობით აღშფოთებულ ლაჩართა ბინძური ემოციები იფრქვევა და ეს მერამდენედ, თავს მახსენებს გია აბესაძის ცეცხლწაკიდებული აჩრდილი.

    ვინ იყო გია აბესაძე? რატომ გამახსენდა დღეს, საოკუპაციო ხაზთან გამართული აქციის შემდეგ? – 1991 წლის 21 სექტემბერს, რუსთაველზე, სამშობლოსთვის მსხვერპლშეწირვის რიტუალი განმეორდა. ახალგაზრდა ექიმმა-კარდიოლოგმა გია აბესაძემ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა!  ცეცხლმოკიდებული ქართველი ვაჟკაცი ბოლო ამოსუნთქვამდე იმეორებდა - „გაუმარჯოს საქართველოს!“- თითქოს უნდოდა, ერთმანეთს გადაკიდებული, ზიზღითა და ბოღმით შეპყრობილი ქართველები გონს მოეყვანა და გაეხსენებინა, რომ როგორც უფალი, სამშობლოც ერთი გვაქვს ქვეყანაზედა... 

    ბენზინისთვის სახლიდან ორკილოიანი ქილა წაიღო და რად გინდა-მეთქი, რომ ვკითხე, ზეთს მოვიტანო. ვიღაც ბიჭისთვის უთხოვია ბენზინის ჩასხმა, მანქანის ჩაქრობა მოიმიზეზა. მისი თავგაწირვით არაფერი შეცვლილა. გულუბრყვილო ადამიანი იყო, რადგან ეგონა, რომ მის საქციელს შეიძლებოდა შედეგი მოჰყოლოდა...- იხსენებს გია აბესაძის მეუღლე. - გია რომ გარდაიცვალა, ეკა 10 წლისა იყო. მერე ეკა ამბობდა: მეგონა, მამაჩემს ყველაზე მეტად მე ვუყვარდი და ჩემზე მეტად საქართველო ჰყვარებიაო..."

    გია აბესაძემ ქართველებს შორის აღმართულ ბარიკადებზე წერილი დატოვა: თუ ქართველთა შერიგებასა და საქართველოს აღორძინებას მსხვერპლი სჭირდება, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო. ღმერთა ქნას - ბოლო. შვილო, მაპატიე, ვიცი, რომ გამიგებ. გია 22 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის დღე ზვიად გამსახურდიამ ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

    დღეს აღარც გია აბესაძე გვახსოვს, აღარც ის ამბავი ექიმის გმირობამ გონს რომ ვერ მოგვიყვანა და ერთმანეთი გვახოცინა, რუსთაველი გადაგვაწვევინა, აფხაზეთი და სამაჩაბლო  დაგვაკარგვინა!

    გადამწვარი რუსთაველი, დაკარგული ტერიტორიები, მუხიანის ძმათა სასაფლაო ქართველი ერის ზნეობრივი სახეა... უზნეო ერს კი ზნეობრივი მაგალითებით გონს ვერ მოიყვან!

    სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს - გახსოვდეთ ცოცხლადდამწვარი გია აბესაძე და მისი სასოწარკვეთილი, მაგრამ იმედიანი „გაუმარჯოს საქართველოს!“

    ავტორი

    HotNews

    HotNews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.