notnews ganivi3 

       

    HotNews

    HotNews

    იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბარამიძე ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსის პიკი შესაძლოა, 25 აპრილს იყოს.

    „მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კორონავირუსი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ანუ დროის რაღაც ინტერვალში შემთხვევების რაოდენობა ორმაგდება თანამიმდევრობით 1, 2, 4, 8, 16, 32, 64, 128, 256 და ა.შ. თუმცა, დროის ეს ინტერვალი, რომლის განმავლობაშიც რიცხვები ორმაგდება, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. სადღაც წავიკითხე, რომ ევროპის ქვეყნებში, სადაც კრიზისმა პიკს მიაღწია, ეს ინტერვალი 3-4 დღეა. როგორია ვითარება ჩვენთან? პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 25 თებერვალს. მეორე შემთხვევა, ანუ პირველი გაორმაგებული რიცხვი მივიღეთ 29 თებერვალს. მესამეჯერ გაორმაგებული რიცხვი - 8 მივიღეთ 6 მარტს, ანუ პირველი შემთხვევიდან მე-10 დღეს. ამ ეტაპამდე რიცხვების გაორმაგების საშუალო ინტერვალი 3.3 დღეს შეადგენდა. ეს ინტერვალი ასეთივე მოკლე რომ დარჩენილიყო, დღეისათვის დაახლოებით 1000-მდე შემთხვევა გვექნებოდა და უახლოესი 10 დღის შუალედში 8000 შემთხვევას მივიღებდით, რაც სავარაუდოდ ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს გამოიწვევდა. მაგრამ, საბედნიეროდ, 6 მარტის შემდეგ რიცხვების გაორმაგების ინტერვალი მნიშვნელოვნად იზრდება. მე-16 შემთხვევა დადგა 11 მარტს, ხოლო 32-ე შემთხვევა - 16 მარტს, ანუ ამ შუალედში ინტერვალი 5 დღემდე გაიზარდა. 64-ე შემთხვევა დადგა 24 მარტს, ხოლო, 128-ე შემთხვევა, სავარაუდოდ, დადგება ხვალ - 1 აპრილს. მაშასადამე, ბოლო ორ შემთხვევაში ინტერვალი 8 დღემდეა გაზრდილი. 8 დღიანი ინტერვალის შენარჩუნების შემთხვევაში 9 აპრილს გვექნება დაახლოებით 256 შემთხვევა, 17 აპრილს - 512, ხოლო 25 აპრილს 1024 შემთხვევა. მერე, ვინ იცის, ეგებ ეპიდემიის გავრცელების მასშტაბმა მოიკლოს და გრაფიკი დაბლა დაეშვას? ამიტომ არის საჭირო მკაცრი იზოლაცია, რათა რიცხვების გაორმაგების ინტერვალი კიდევ უფრო გაიზარდოს. ნებისმიერ შემთხვევაში, არაფრით არ უნდა დავუშვათ ამ ინტერვალის შემცირება. გვახსოვდეს, ყველაფერი შეიძლება წყალში გადაიყაროს, თუ მკაცრი წესები არ გავრცელდება ეკლესიაზეც, მით უმეტეს, მოახლოებული დღესასწაულების პირობებში,“ - წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.

    პოლიტიკოსი ირაკლი გოგავა,  worldometer.info-ზე დაყრდნობით,2020 წლის პირველი იანვრიდან 30 მარტამდე მსოფლიოში სხვადასხვა დაავათებითა თუ უბედური შემთხვევით გარდაცვლილთა სტატისტიკას აქვეყნებს, რომლიდანაც ნათელი ხდება, რომ კორონავირუსზე საპანიკო სხვა რამეა:
    „2020 წ. 1 იანვრიდან 31 მარტამდე მსოფლიოში დაიღუპა:

    10,544,780 აბორტით

    3,220,595 გადამდები სნეულებებით

    1,726,000 ჰაერის დაბინძურებით

    120,613 სეზონური გრიპით

    417,050 შიდსით

    2,037,519 კიბოთი

    243,344 მალარიით

    1,240,195 თამბაქოს მოწევით

    620,489 ალკოჰოლით

    334,892 ავტოსაგზაო შემთხვევებში

    208,915 დაბინძურებული წყლით

    1,548,000, შიმშილით

    38,092 ახალი კორონავირუსით

    წყარო/source: www. worldometer.info“

    კორონავირუსთან ბრძოლაში სპეცსამსახური ჩაერთო. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ისრაელის დაზვერვის სამსახურმა - მოსადმა ქვეყანაში 10 მილიონი სამედიცინო ნიღაბი და ფილტვების ვენტილაციის 27 აპარატი ჩაიტანა. ებრაული მედიის ცნობით, ნიღბებისა და ფილტვების ვენტილაციის აპარატების გარდა, მოსადმა ისრაელში  Covid-19-ის დამდგენია რამდენიმე ათასი ტესტი და N95 სამედიცინო ნიღაბი ჩაიტანა, რომელიც მთელ მსოფლიოში დეფიციტურია. 

    პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დავალებით, ქვეყანაში საჭირო სამედიცინო ეკიპერებით მომარაგების პროცესს სწორედ მოსადის დირექტორი, იოსი კოენი, ხელმძღვანელობს. ინფორმაცია, თუ როგორ და ვისგან ყიდულობს დაზვერვის სამსახური მთელ მსოფლიოში დეფიციტურ სამედიცინო ეკიპირებას, დახურულია. 

    წინა კვირებში ცნობილი გახდა, რომ მოსადმა ისრაელში ახალი კორონავირუსის დამდგენი 100 ათასი ტესტი შეიტანა. როგორც ცნობილია კიდევ 4 მილიონი ტესტი ადგილზე უახლოეს დღეებში ჩავა. 

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამედიცინო მოწყობილობები იმ ქვეყნებიდან ჩამოვიდა, რომელებთანაც ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. 

    სავალუტო ჯიხურები მუშაობას წყვეტენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო.

    “ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.

    ამასთან, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

    ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში),” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

     კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მთავრობის მიერ გამკაცრებულმა საკარანტინო ზომებმა და, პრაქტიკულად, კომენდანტის საათმა, სოციალური ქსელის მომხმარებლები გაახალისა და ბევრმა სახალისო პოსტიც დაწერა. ასე, მაგალითად, ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ ირონიულად იკითხა:

    „სამ კაცთან და ასაკთან ერთად შეზღუდვები წონასაც ხომ არ (შე)ეხება? არაფერი უთქვამს (ჯერ) პრემიერს ამაზე? თუ წონას და სოციალურ თემებს არ ეხება?“

    ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    „საომარი მდგომარეობაა? მალე პერსონალური იზოლაციას დაიწყებენ, კარცერში გავგვიშვებენ სათითაოდ ოქტომბრამდე და ნახადუ პირდაპირ კარცერებში ჩაატარებენ არჩევნებს, თვითონ უძლეველნი არიან და კორონავირუსი არ ეკარებათ. დარჩნენ თვითონ პარლამენტში, კანცელარიაში - იქიდან ინტერნეტით მართონ ქვეყანა. ეს არის ფსიქოპანდემიის გავრცელება.
    კეთილი, ინებოს და ხელისუფლებამ ხალხს დაურიგოს, სულ მცირე, 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, სანამ არ გააუქმებენ კომენდანტის საათს, შიმშილით რომ არ დაიხოცოს ადამიანები. 10-თეთრიანი პირბადეები არ იყიდება, იყიდება 4-6-8 ლარიანი პირბადეები. ეს კომენდანტის საათი უვადოა? პატარა ხომ არ უბერავ მთავრობავ? თუმცა სამთავრობო "Мафия бессмертный"“

    ადვოკატი და პარტია „კანონი და სამართლის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    „მსოფლიოს მოსახლეობა შეადგენს, დაახლოებით, ექვს მილიარდს, ორი თვის ვადაში დაინფიცირებულია 739.385. გამოჯამრთელებულია 156.588, გარდაცვლილია 35.018 ადამიანი. მსოფლიოში წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად იღუპება 1.300.000. სუიდიცია, ნარკომანია, ონკოლოგია, შიდსი და ა.შ ბევრი კითხვა ჩნდება, მით უმეტეს, ჩინეთში ესეთი პანიკა არ არის. საქართველოში, იცოცხლე, უმაღლესი ფსიქოპანდემიია. საქართველოს რამდენი მოქალაქე გარდაიცვალა საქართველოში  კორონავირუსით?“

    მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სრული კარანტინი გამოცხადდა, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა:

     „მთელი პასუხისმგებლობით ვგრძნობ რა ამ უმძიმეს ვითარებას, ამ პანდემიის გამო, ვცდილობ, სრულიად ობიექტური პატარა შენიშვნებით შემოვიფარგლო და არც მადლობას ვაკლებ ყველას, ვისაც ეხება (ვიმეორებ, ყველას უკლებლივ), განსაკუთრებით კი ექიმებს, რომლებსაც მიწამდე თავს ვუხრი ამ პროფესიონალიზმის და თავდადების გამო მაგრამ ვერაფრით ვერ და არ გავაკეთებ, რომ ხმამაღლა კვლავ არ ვიყვირო, რომ როგორმე ხელისუფლებამ, მთავრობამ გაიგოს, რომ უკიდეურეს მდგომარეობაშია გაჭირვებული ხალხი, პირბადე კი არა, პურის ფულზეა საუბარი, გვიკავშირდებიან! დარჩით სახლში - კი ბატონო და, როგორო, კითხულობენ, რა ვქნათ უსახსროებმა სახლშიო?! მართლა, რა ქნან?! ჩვენ, პარტია „კანონმა და სამართალმა“ წარმოვადგინეთ გეგმა! ხალხს დახმარება სჭირდება, არ აქვთს არც საჭმელი, არც გადასახადების გადახდის საშუალება, ამდენი ხანია არაფერი ჩანს მათთვის. ეს ჩვენი მშრომელი ემიგრანტები რა დღეში ჩავარდნენ, იშრომეს , იშრომეს , მთელი ცხოვრება ამ შრომაში გავიდა და ახლა დარჩნენ უსახსროდ და უკან დასაბრუნებელი თანხა არ აქვთ! ეს , რაც შემეძლო რბილად დავწერე! ახლა მარტივად და ხისტად ვიტყვი: მოპარული მილიონები , გატანილი- ბიუჯეტიდან, დაუბრუნეთ ხალხს ამ გაჭირვების ჟამს!“

    მთელი საქართველო წითელ ზონად გამოცხადდა - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე ისაუბრა:

    „კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამნისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი განთავსდება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით"

    როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ, გალის რაიონიდან დღეს ზუგდიდში კორონავირუსის ნიშნებით შუახნის ქალბატონი გადმოიყვანეს. ამასთან, არსებობს ვერსია, რომ სამეგრელოში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება სწორედ რუსეთისგან ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შესაძლო აფეთქებას უკავშირდება. პოლიტიკურ წრეებში მუსირებს ვარაუდი, რომ ყველაფერი ეს შესაძლოა, იმის წინაპირობა გახდეს, რომ ოკუოირებულმა აფხაზეთმა საქართველოსთან დაახლოებაზე იფიქროს. ამ მოსაზრებას იზიარებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეც.
     
    „ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ვერაფრით მოვხიბლეთ ამ დრომდე. აი, დადგა დრო, როცა გვაქვს შანსი, ჭირში დაუდგეთ ერთმანეთს და მათ იგრძნონ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და სხეულის ერთი ნაწილი ვართ. მათ რუსეთმა ჩაუკეტა საზღვრები და ერთადერთი ნათელი წერტილი ჩვენ ვართ და მიუხედავად დიდი რისკისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ვირუსის გავრცელების მეტი რისკოს ქვეშ აღმოჩნდეს, ვფიქრობ, აუცილებელია მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ძმეს და დავანახოთ ძმობის ფასი. ეს შანსია და ამ შანს გამოყენება უნდა!“ - წერს კობაიძე სოციალურ ქსელში.

    Please publish modules in offcanvas position.