შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დაკავეს.
დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ე.ჩ., 1996 წელს დაბადებული ტ.ხ.,1988 წელს დაბადებული გ.ქ., 1989 წელს დაბადებული ლ.ა., 1997 მ.ს. და 1994 წელს დაბადებული ბ.ა.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 6 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ძალადობის ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.
სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
კრიმინალი
გორში მანქანა გაჩერებულ 5 ავტომობილს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით,
ავარია სამხარეო პოლიციის შენობასთან მოხდა და მძღოლი ნასვამი იყო.
ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 62 წლის მამაკაცს ადანაშაულებენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაზარალებული და ეჭვმიტანილი მეზობლები არიან თუმცა, მათივე თქმით, საეჭვო არასდროს არაფერი შეუმჩნევიათ.
„ორივე ოჯახი ჩვენი მეზობელია. გადასარევი ხალხია, საეჭვო არასდროს არაფერი შეგვიმჩნევია ამ კაცზე. რა მოხდა, არ ვიცით, ჩვენც გაოგნებული ვართ. საღამოს პოლიცია იყო მოსული და მაშინ გავიგეთ. ბავშვიც უწესიერესია, სულ წიგნებშია. მეტი არაფერი ვიცით”, - აცხადებენ მეზობლები.
შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია "ისი პარი" გატეხეს. ადგილზე დილით მისულ თანამშრომლებს მინები დახვდათ ჩამსხვრეული.
მაღაზიის მენეჯერი აცხადებს, რომ სალაროში თანხა არ ჰქონდათ დატოვებული და მძარცველებმა მხოლოდ 3 ლარის წაღება მოახერხეს.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ამოღებულია კამერის ჩანაწერები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში, თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, დახვდათ რამდენიმე პირი, რომლებსაც სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის, მათ შორის სისხლნაჟღენთი დაზიანებები. აღნიშნული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარი ფაქტიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებული პირების მეგობრები და თანაპარტიელები, რომლებმაც სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა.
დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოში მოთავსებულმა პირებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებაში მისულ სამართალდამცველებს გამოკითხვაზე უარი განუცხადეს და განმარტეს, რომ ჩვენებას მისცემენ სასამართლოში.
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით ქალაქ შჩეცინში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბრალდების მიხედვით, 41 წლის კაცმა ჩანთა მოიპარა, სადაც 3 ათასი პოლონური ზლოტი იყო.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დაზარალებულს ფულით სავსე ჩანთა მანქანიდან მოპარა, იქამდე კი აკვირდებოდა, როგორ დატოვა ამ ადამიანმა ჩანთით ხელში ბანკი, ჩანთა მანქანაში ჩადო და მაღაზიაში გადავიდა. დამნაშავემ სწორედ ამ მომენტით ისარგებლა, დაზარალებულს ჯერ საბურავები დაუჭრა, შემდეგ კი ფული წაიღო.
საქართველოს მოქალაქეს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 4 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
უწყება 4 სექტემბრიდან ახორციელებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს.
უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 303 დარღვევა თბილისში გამოავლინეს, 149 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 109 - ბათუმში, 80 კი, ქალაქ რუსთავში.
641 ჯარიმიდან 508 ფიზიკური პირის სახელზე დაფიქსირდა, 133 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობისთვის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ,,კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა, -- ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდების“ - ლ.მ.-ს და რ.ხ.-ს დავალებით, საქართველოში სისტემატურად აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს“, იხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და უზრუნველყოფდნენ ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ თანხების შეგროვებას. ასევე, ორმა პირმა დავის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.
2 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 6 პირს ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (,,კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. შემთხვევა თბილისში, მუხიანში მარტში მოხდა.
"გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 22 მარტს, თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში დაზარალებულს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ნიდერლანდების პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელიც ამჟამად მიმალვაშია, იგი მწერალ გოჩა მანველიძის შვილია. 28 წლის მამაკაცს ბრალად ედება თანამემამულის, საქართველოს მოქალაქის, 32 წლის შოთიკო საკანდელიას მკვლელობა.
არსებული ინფორმაციით, მანველიძემ 32 წლის შოთიკო საკანდელიას ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა 19 სექტემბერს ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული. მას დამნაშავემ პირდაპირ საძილე არტერია დაუზიანა.
თორნიკე მანველიძის ფოტოს ნიდერლანდების ცენტრალური საოლქო პროკურატურა აქვეყნებს და წერს: "თუ იცით მისი ადგილსამყოფელი ან ფლობთ სხვა რაიმე ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ საგამოძიებო ხაზზე 0800-6070. თუ შემთხვევით გადააწყდით თორნიკე მანველიძეს, ნუ მიუახლოვდებით მას".
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, მანველიძეს შენგელიასთან უთანხმოება ჯერ კიდევ საქართველოში ჰქონდა და მოკლულის ახლობლები თვლიან, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. რა გახდა ამ შემზარავი მკვლელობის მიზეზი, ამას, ალბათ, სამართალდამცველები დაადგენენ.
მედიაში ვრცელდება ბრალდებული თორნიკეს მამის, მწერალი გოჩა მანველიძის პირველი კომენტარი:
"ბათუმში ვიყავი, იქ დამირეკეს და მაცნობეს ეს ამბავი. ორი დღის წინ თორნიკე თვითონ გავაცილე ჰოლანდიაში, მის მეგობარ გოგონასთან ერთად წავიდა. მას მერე არ დამკავშირებია, ვერც გოგონას ვუკავშირდებით. ახლა ვცდილობ ჰოლანდიაში, ნიდერლანდების საელჩოდან იქნებ რამე გავარკვიო. არ მგონია, ტყუილი იყოს, მგონია, რომ მართლა მოხდა ეს უბედურება. არ ვიცი, ის გარდაცვლილი ვინაა. თქვეს, რომ ეს ამბავი მის საქმიანობას უკავშირდება. თორნიკე ჩაკეტილი ბიჭია, არ მახედებდა მის საქმეებში და არ ვიცი, მასთან რა ურთიერთობა ჰქონდა, არასდროს შევხვედრილვარ. ჩემს შვილს ვიცნობ და ეს ამბავი ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ჯერ-ჯერობით, ყველა ჩუმადაა და მეუბნებიან, არ გვაქვს ინფორმაციაო.
ჩვენი შსს-ც და საგარეო საქმეთა სამინისტროც მეუბნება, არაფერი ვიცითო. თორნიკე 28 წლისაა და "ლიდერბეთში" კომპანიასთან თანამშრომლობდა. არ ვიცი, მაგრამ როგორც ინტერნეტში ამოვიკითხე, ის ბიჭიც პოკერ ტურნირზე ყოფილა წასული. იცით, რა იყო, თანამშრომლები ჰოლანდიაში პოკერტურნირზე ჯგუფურად უნდა წასულიყვნენ. თანამშრომლებს ერთად არ უმგზავრიათ, მაგრამ უტრეხტში ერთად უნდა ჩასულიყვნენ.
არ არის თორნიკე მოძველბიჭო და მოხულიგნო ტიპი, ევროპული აზროვნების და ყაიდის ადამიანია. ვინმესთან კონფლიქტზეც არაფერი მსმენია, ამიტომ ვარ გაოგნებული... როცა მითხრეს, კარგა ხანს აზრზე ვერ მოვდიოდი, ახლაც ვერ ვიჯერებ... კარგი განწყობით და მშვენიერ ხასიათზე წავიდა, არავისთან არავითარი პრობლემა არ ჰქონია. სამსახურიდან კი გზავნიდნენ, მაგრამ ის დასასვენებლად მიდიოდა, მითხრა, ჰოლანდიაში ერთი კვირა, ან 10 დღით დავრჩებითო. ახლა ჩამოვალ, მატარებელში ვზივარ და იქნებ, მეტი გავარკვიო, ამაღამვე დავიწყებ მოქმედებას“. - ამბობს მწერალი.
რას ჰყვება მკვლელობაში ბრალდებული მანველიძის მეგობარი?
"თორნიკეს ახლოს ვიცნობ და ვერ ვხვდები, რა მოხდა, გაოგნებული ვარ... მთელი დღეა კონსულთან დაკავშირებას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვუკავშირდები, ყველას მივწერე და მასთან მამისამართებენ. მეც ის ვიცი, რაც ყველამ. თორნიკესგან მსგავსი რამ არის წარმოუდგენელი, დაუჯერებელია, ვინც იცნობს, ამაში ყველა დამეთანხმება. იქნებ რაღაც შეცდომაა?! ის საოცრად მშვიდი, ზრდილობიანი და გაწონასწორებული ადამიანია... ეს თუ სიმართლეა, თავში არაფერი მომდის აზრად, რამ გამოიწვია მისი ეს საქციელი? არც ის ვიცი, იცნობდა თუ არა, ან რა აკავშირებდა გარდაცვლილთან. თორნიკე პოკერის ტურნირზე მარტო არ წასულა, მისი მეგობარი გოგონა ახლდა. მასზე არაფერი ვიცით, არც ის ჩანს. ბოლოს, გაფრენის წინ ვნახეთ ისინი, გუშინ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევეხმიანე, დღეს დილით კი ეს ამბავი სრულიად შემთხვევით, ტელევიზიით გავიგე. ის და თორნიკე წელს უკვე მეორედ იყვნენ ჰოლანდიაში ტურნირზე, ყველგან თან დაჰყავდა.. მხოლოდ ის მინდა, რომ გავიგო, სად და როგორაა ჩვენი მეგობარი გოგონა, დანარჩენი გამოძიებამ დაადგინოს“.
რა წერია ნიდერლანდების ცენტრალური საოლქო პროკურატურის მთავარი პროკურორის განცხადებაში?
"ეჭვმიტანილი არც ისე მაღალია, გამხდარია და აქვს ღია ფერის კანი, ყავისფერი თმა და თვალები, ატარებს წვერს. სამშაბათს საღამოს მას მუქი ან შავი ტანსაცმელი ეცვა. თუ იცით მისი ადგილსამყოფელი ან ფლობთ სხვა რაიმე ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ საგამოძიებო ხაზზე 0800-6070. თუ შემთხვევით გადააწყდით თორნიკე მანველიძეს, ნუ მიუახლოვდებით მას.
ინფორმაციის გაზიარება ასევე შესაძლებელია ანონიმურად, ტელეფონზე: 0800-7000 და ასევე ონლაინ ამ ლინკზე მოცემული ფორმის საშუალებით. აქ ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ სურათებიც", - ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში.
„ამჟამად, თორნიკე მანველიძის ადგილსამყოფელი უცნობია. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ფოტოს. ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ 112-ში, ინფორმაციის გაზიარება ასევე შესაძლებელია, ანონიმური დანაშაულის შესახებ“, - წერს პოლიცია.
რაც უფრო წინ მიდის ელექტრონული ტექნოლოგიები, მით უფრო იზრდება საფრთხე იმისა, რომ ვიღაცამ, შესაძლოა, მოახერხოს და ჩვენი საბანკო ანგარიშები დააცარიელოს. ზოგადად, ადამიანების მცირე ნაწილს უდევს დიდი თანხა ბარათზე, მაგრამ მცირე ოდენობის თანხები ყველას აქვს და თუ ამ მცირეს ბევრს მოპარავთ, ბოლოს საკმაოდ სოლიდური ოდენობა გამოვა. ბანკები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კლიენტები დაიცვან, მაგრამ ხშირად,ეს არც მათ გამოსდით. რაც ყველაზე საინტერესოა, ბანკები მაქსიმალურად ცდილობენ, დამალონ ისტორიები, რომლებიც მათი კლიენტების ანგარიშებიდან ფულის გაქრობას ეხება. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და ამიტომ, ბანკის დასახელებას არ ვაპირებთ, თუმცა მისი კლიენტებიი ათი ათასობით საქართველოს მოქალაქეები არიან.
ყველაფერი უცნაურად დაიწყო - ერთ-ერთმა კლიენტმა ბანკს მიაკითხა და უთხრა, რომ მისი ანგარიშიდან 600 ლარი გაქრა. ერთი შეხედვით, ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ ვიღაცისთვის 600 ლარი ერთი თვის სარჩოა. ბანკმა გადაამოწმა და... მომხმარებელს აუხსნა, რომ ბარათით მან ისარგებლა და ოქროს ბეჭედი შეიძინა. კლიენტი გაოცდა, მეტიც, გაოგნდა, მაგრამ ბანკი კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ ბარათით სწორედ მისმა მფლობელმა ისარგებლა. ცოტა ხნის შემდეგ, იმავე ბანკში უკვე სხვა მოქალაქე მივიდა და დაიჩივლა, რომ მისი ანგარიშიდან 2 000 ლარზე მეტი იყო გამქრალი. ბანკმა ისევ გადაამოწმა და ბარათის მფლობელს ამონაწერი უჩვენა, რომლთაც მან... ოქროს სამაჯური შეიძინა. ბარათის მფლობელი პოლიციაში წავიდა.
„მის გარდა, კიდევ რამდენიმე მოქალაქის განცხადება გვედო, ზოგს ბევრი მოპარეს, ზოგს - ცოტა, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ თანხა ერთი კონკრეტული ბანკის ბარათებიდან იკარგებოდა ანუ იყო რაღაც, თუ ვიღაც ბანკში, რაცამ ვინც ასეთ შედეგებს იწვევდა. საინტერესო ის გახლდათ, რომ ბანკი მზად იყო, ბოლომდე ეთანამშრომლა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ იკარგებოდა ფული და ამტკიცებდა, რომ თანხას მომხმარებლები ხარჯავდნენ. ეს ვერსია გამოძიებისთვის არაფრისმომცემი იყო, რადგან ვიღაც რომ 50 ლარის გამო განცხადებას დაგიწერს, იმას ნიშნავს, რომ მას ეს 50 ლარი სასიცოცხლოდ სჭირდება და რომ დაეხარჯა, განცხადებას არ დაწერდა. მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო ისიც, რომ დანახარჯი ძირითადად ორქოულობაზე მოდიოდა ანუ ხომ არ შეიძლებოდა, რომ თითქმის ყველა, ვინც ჩიოდა, წასულიყო და ოქრო-ბრილიანტი ეყიდა“,-გვიყვება ამ საქმის გამომძიებელი. სტატია სრულად იხილეთ აქ
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გაიტაცეს და სცემეს - ლექტორი საავადმყოფოში გარდაიცვალა | ერთ-ერთი ვერსიით, ანგარიშსწორება ბიზნესინტერესებს უკავშირდება.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, მათი პროფესორ ოთარ გელაშვილი მიღებული დაზიანებების შედეგად გუშინ გარდაიცვალა. როგორც უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, გელაშვილი დაახლოებით 1 თვის წინ, ქვემო ქართლის რეგიონში იპოვეს, მას მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა:
"1 თვის, 40 დღის წინ, ერთი დღე იყო საღამოს შვიდი საათიდან დილამდე მიუწვდომელი. შემდგომში ის იპოვეს რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონში, იყო ძალიან მძიმე მოტეხილობებით. გაუკეთდა მას ოპერაცია რუსთავში, შემდეგ გადმოყვანილ იყო საუნივერსიტეტო კლინიკაში. ბატონ ოთარ გელაშვილი გარდაიცვალა გუშინ დილას...
ის გარდაიცვალა ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით " ამბობს რექტორი "მთავარ არხთან".
მისივე ინფორმაციით, გამოძიებას ერთი პირი დაკავებული ჰყავს, ხოლო მეორე მიიმალა და ქვეყანა დატოვა. რექტორი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი გელაშვილის ბიზნეს-საქმიანობას უკავშირდება და ამბობს, რომ გამოძიებაც სწორედ ამ კუთხით მუშაობს:
"ეს არ უკავშირდება არც აკადემიურ და არც სამეცნიერო საქმიანობას. მეცნიერს აქვს უფლება ჰქონდეს პირადი ბიზნესი და შეიძლება ერთ-ერთ ბიზნესს უკავშირდება.
მთავარი ვერსია არის ეს. " ამბობს სტუ-ს რექტორი.
მომხდარზე შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.