... ... hotnews.ge - პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს ბორჯომში შეხვდებიან.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 11 მაისს, 13:00 საათზე შედგება.

მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

ვინმეს თუ მართლა ჰგონია, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, 26 ოქტომბერს გამოვიდეს და ხალხი მეცხრედ გასცემს პასუხს - პაპუაშვილი

არჩევნები რამდენიმე თვეშია. ვინმეს თუ მართლა ჰგონია, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, 26 ოქტომბერს გამოვიდეს და ხალხი კიდევ ერთხელ, მეცხრეჯერ გასცემს პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამასთან, პაპუაშვილმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ დღეს პირდაპირ სრულდება ის, რაზეც მმართველი გუნდი დიდი ხანია, საუბრობს.

„ეს დასტურია იმის, რასაც დიდი ხანია, ვსაუბრობთ და რაც სხვადასხვა ტრენინგით მზადდებოდა. ესეც ხომ ვიღაცას იუმორი ეგონა და სერიოზულად არ უყურებდა, როცა ვსაუბრობდით აკერმანის ტრენინგებზე. პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით ხომ სრულდება ახლა ის, რაც იმ წიგნში, ტრენინგების მასალაშია, ვიზუალი-ვიზუალზე იდება პირდაპირ. რთულია, მოიყვანო ამაზე მეტი ცხადი დასტური, მაგალითი, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.

რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, იმას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. არის პოლიტიკური უმცირესობა და ცდილობს, დემოკრატიული მეთოდებიდან გვერდის ავლით, ძალადობით და წყლის ამღვრევით მოიპოვოს ძალაუფლება.

არჩევნები რამდენიმე თვეშია. თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, 26 ოქტომბერს გამოვიდეს და ხალხი კიდევ ერთხელ, მეცხრეჯერ გასცემს პასუხს არჩევნებზე, თუ რას ფიქრობს მასზე საზოგადოება. ესაა, რასაც ეს დღეები ვაკვირდებით – პარლამენტზე თავდასხმა, თითქმის ყოველი აქცია ძალადობაში გადაიზარდა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ყოველ ჯერზე „ენჯეოების“ წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს, მშვიდობიან აქციას აქცევდნენ ძალადობრივად იმით, რომ მოუწოდებდნენ, მომხდარიყო პარლამენტის შენობის პიკეტირება, მისი ბლოკირება, რაც კანონით აკრძალულია, ამ ბლოკირების დროს პირდაპირ კონტაქტში შესულიყვნენ პოლიციასთან, რასაც აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები მოჰყვებოდა.

ვერ ვნახე ვერცერთი განცხადება დიპლომატიური წარმომადგენლობის, თუ დონორებისა, ბოდიში ან მოწოდება საკუთარი „ენჯეოს“ მიმართ, რომელთა დაფინანსებითაც მოქმედებენ „ენჯეოები“, სცენაზე რომ დგანან და მოუწოდებენ აქციას, გავიდნენ ვიწრო ქუჩებში, კანცელარიასთან ან ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის, რაც კანონის დარღვევაა. ამას ერთადერთი მიზანი აქვს, გააკეთონ ძალადობის ინსპირირება.

დაშავდა რვა პოლიციელი, ერთს დასჭირდა ოპერაცია. დღემდე არცერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება არ მომისმენია საკუთარი „ენჯეოს“ მიმართ და არცერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული „ენჯეოებიც“ მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც ძალადობას იწვევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ძალადობა იწვევს ძალადობას“-შალვა პაპუაშვილი

ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრებზე მიდიოდა პირდაპირი ძალადობა, არავინ ამასთან დაკავშირებით არ აღშფოთებულა.

„არ მახსოვს არავის აღშფოთება, როდესაც პარლამენტის წევრების პლაკატები დადო ყველა ენჯეომ . საელჩოები, რომ აფინანსებენ სწორედ იმ დიდმა ენჯეოებმა და შემდეგ ეპითეტები მოჰყვებოდა ამ პლაკატებს, პირდაპირ თავიანთ ოფიციალურ სოციალური ქსელის ანგარიშებზე დადეს. არც მაშინ მახსოვს როდესაც, პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები ქვეყნდებოდა. კითხეთ პარლამენტის წევრებს, რა სახის მუქარა მიდიოდა მათზე და მათ ოჯახის წევრებზე, დღემდე მიდის. არ მახსოვს აღშფოთება ამასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა პაპუაშვილმა

მანვე გაიხსენა მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის შემდგომ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ჟურნალისტების დამოკიდებულებაც.

„მამუკა მდინარაძეს, როდესაც ალეკო ელისაშვილი თავს დაესხა და გარეთ გამოვიდა, ჟურნალისტები ეხვეოდნენ მას და მადლობას უხდიდნენ. „პუბლიკას“ ჟურნალისტი მას გადაეხვია და მადლობები უხადა ამასთან დაკავშირებით. გვახსოვს მაშინ რა რეაქციები იყო ამასთან დაკავშირებით. ძალადობა და თავდასხმა რომელიც პირდაპირ ეთერში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოხდა. ხარობდა ნახევარი ოპოზიცია. ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება“,- განაცხადა პაპუაშვოლმა.

ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში ჩამოდის

სანქციების ჯგუფის ამერიკელი შეფი, ჯიმ ო' ბრაიანი თბილისში ჩამოდის. მაღალჩინოსანი საქართველოს დედაქალაქში “რუსული კანონის“ განხილვის დღეს ჩამოდის. 

„ტვ პირველის“ ინფორმაციით,  უკვე დანიშნულია შეხვედრები ოპოზიციასთან. 

„ქალბატონი სალომეს განცხადებაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ“-შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტის და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისგან მას გამოცხადებული აქვს იმპიჩმენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ქალბატონი სალომეს განცხადებაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ. სალომე ზურაბიშვილს თავისი გზა უკვე არჩეული აქვს. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გზა არის. ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან მას გამოცხადებული აქვს იმპიჩმენტი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, შალვა პაპუაშვილი მედიისთვის კომენტარს გააკეთებს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრის პირველი შეხვედრა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან დღეს გაიმართება.

ირაკლი კობახიძე მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. პრემიერის პასუხი ყველა აქტუალურ კითხვაზე 22:00 საათზე „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

„სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს “- წულუკიანი ელჩზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რუსული კანონის გამო გოჩა ჯავახიშვილის მიერ საფრანგეთში საქართველოს ელჩის პოსტის დატოვებას ეხმაურება და დიპლომატს აკრიტიკებს. წულუკიანი ამბობს, რომ "ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს."

კულტურის მინისტრის თქმით, წუხს, გმობს ელჩის საქციელს და რცხვენია, რომ მშრომელი, სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს და საკუთარ სახელმწიფოს თითი დაუქნიოს.

წულუკიანი ამბობს "რთულ გზაზე სიარული დამღლელია ზოგიერთისთვის, როგორც ჩანს. ვაი მას, ვინც დაიღლება და ვუი იმას, ვისაც დაავალებენ, აბა, დაღლის დროა, ქვეყნის სამსახურს განუდექიო".

"როცა ჩემთვის პროფესიულად ახლობელ და ძვირფას ადამიანს, მით უმეტეს, ელჩის მაღალი სტატუსის მქონე პირს, არ ერიდება, საჯაროდ მომაყენოს შეურაცხყოფა (თურმე ვერ ერევა მისი წარმდგენი ხელისუფლების - ცუდი ქალების და კაცების, ნამოქმედარის შედეგების გამო საყვედურებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში), არც ის უნდა ეწყინოს, თუ პასუხს ასევე საჯაროდ დაუბრუნებენ.

დაუბრუნებენ, რადგან კლავიატურა ჩვენც გვაქვს (ან კი როგორ იცლის ზოგიერთი ამდენი რახარუხისთვის, სულ პოსტის მცხობელად რომ მუშაობს ნამდვილი სამსახურის პარალელურად).

პირველ რიგში, არ ვთვლი საინტერესოდ და საჭიროდ, განვიხილო, თუ როგორ მოხვდა თანამდებობაზე და რატომ.

საინტერესო ჩემთვის ისაა, რომ მას და მის მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი ყველაზე მეტად ევროპელები არიან, უფრო მეტიც - ისინი თავად არიან ევროპა ან ევროპაზე ფეხმძიმედ და, რაც მთავარია, იმდენი იცხოვრეს ევროპაში ("ცუდი" მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე და საკუთარი ხალხის ხარჯზე), რომ ევროპული ღირებულებების მატარებელნი კი არ გახდნენ მხოლოდ, არამედ ამ ღირებულებებმა სისხლთან ერთად დაიწყო მათ ვენებში ჩქეფა. აჩქეფდა, ადგაფუნდა და გარდაიქცა იმ ცისფერ სითხედ, რომლის პრიმატსაც წარსულში სხვებიც ქადაგებდნენ.

პრიმატი არ ვიცი და, ეს გახლავთ პრიმიტიული ევროპეიზმი.

დაე, ნუ გვაპატიებთ ამ შეფასებას, ვისაც გვაქვს სისხლი წითელი. ჩვენ ხომ გლეხები ვართ, არ გაგვიხედავს ჩვენი სოფლის იქით.

ეს გახლავთ ის პრიმიტიული, რომელიც წარმოშობს წყურვილს, ვინმემ გმირი გიწოდოს, შეგაქოს და ტაში დაგიკრას, დაგიდასტუროს, რომ ხარ. ეს წყურვილი ბანგივითაა და ისეთ კეთილშობილ ხალხსაც კი ჩაადენინებს მავნებლობას, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

ასეთი საქციელებით ვერ ხდებიან ლევან მიქელაძეები. აქ თვით ანალოგიაც კი მკრეხელობაა!

ვწუხვარ. და ვგმობ ამ საქციელს. და მრცხვენია, რომ მშრომელი, სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს და საკუთარ სახელმწიფოს თითი დაუქნიოს.

ფეხი რამეს არ წამოკრათ ამ ერთმანეთთან შეჯიბრსა და რბოლაში. ერთმანეთთან, რადგან მე, ჩვენ და ჩვენნაირებს შეჯიბრი, ვთვლით, რომ არ გვჭირდება. ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს.

ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალ საფრთხეს ერთდროულად მოუცლია საქართველოსთვის და ეს საფრთხეები ყველა (!) მხრიდან მომდინარეობს. თქვენ კი ცხოვრობთ მავნებლურ ილუზიაში და ამტკიცებთ, რომ ზოგ საფრთხეზე სახელმწიფომ თვალი უნდა დახუჭოს და... ამ ელჩივით მოიქცეს. რადგან შეგვაქებენ.

ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენი გზა უფრო რთულია. ამ რთულ გზაზე სიარული დამღლელია ზოგიერთისთვის, როგორც ჩანს. ვაი მას, ვინც დაიღლება და ვუი იმას, ვისაც დაავალებენ, აბა, დაღლის დროა, ქვეყნის სამსახურს განუდექიო.

მადლობას ვუხდი ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დგას დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, მათ, ვინც შემდგომ ჩაება ამ ჯაჭვს და დღემდე მედგრად შესდგომია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი ღირსების აღმავალ, რთულ გზას.

დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და იგივე პროფესიაა. ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს," - წერს წულუკიანი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა, თანამდებობის დატოვების შესახებ, რაც რუსულ კანონს უკავშირდება, ინფორმაცია გუშინ, 9 მაისს, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ჯავახიშვილმა თქვა, რომ ვეღარ ხედავდა მის როლსა და რესურსს ამ მიმართულებით. ის ასევე წერდა, რომ "ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის." 

საგარეო საქმეთა მინსიტრი ილია დარჩიაშვილი კი ამტკიცებს, რომ ელჩმა ეს განცხადება მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებული ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებული ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა.

ცვლილებების თანახმად, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

კანონპროექტებით, ორივე სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის დროს, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს.

ცვლილებების თანახმად, საკონკურსო კომისია ორივე სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატებს შეარჩევს გაზრდილი კვორუმით, კერძოდ, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, ნაცვლად დამსწრეთა ხმათა უმრავლესობისა. ასევე, ორივე სამსახურისთვის იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები 11 კვირიდან 14 კვირამდე.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებით განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური “სისხლის სამართლის კოდექსის” ცალკეული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორის მიერ არის ჩადენილი.

კომიტეტმა, ასევე მეორე მოსმენით, განიხილა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსების მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაწყებად საჭიროა, რომ პარლამენტმა თანხმობა გასცეს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით - 76 ხმით, ნაცვლად 50 ხმისა.

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებები უკავშირდება ევროკომისიის მიერ გაცემული 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას.

ვაფუძნებთ პირველი მერცხალის მოძრაობას, ვიდგებით იქ, სადაც დასჭირდება ქართველ ხალხს - თბილისის "დინამოს" გულშემატკივართა გაერთიანება

საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" გულშემატკივართა გაერთიანება წერს, რომ აფუძნებენ "პირველი მერცხალის" მოძრაობას. გაერთიანება წერს, რომ აპროტესტებენ რუსულ კანონს და საქართველოს, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისა და კონსტიტუციის დასაცავად, გადავწყვიტეს, იმოქმედონ ერთობლივი ძალებით.

იხილეთ განცხადება:

"ჩვენთვის დინამო იყო, არის და იქნება ეროვნული სულისკვეთების სიმბოლო.

რუსული კანონის ინიცირების დღიდან გვქონდა მკაფიო პოზიცია და დაუგეგმავად ვიდექით დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

ერთი წლის შემდეგ, საპოლიციო რეჟიმის დინამიკა გვკარნახობს, რომ დათითოკაცებული აქტივობა უკვე საფრთხისშემცველია და დროა, გავერთიანდეთ.

მმართველი პარტიის მიერ უკანასკნელი კვირების განმავლობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა მიიყვანა სახიფათო გზაჯვარედინამდე. სწორედ ამიტომ აუცილებელია გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და ყველანი განურჩევლად დავგდეთ ერთ მხარეს.

საქართველოს, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის და კონსტიტუციის დასაცავად, გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ ერთობლივი ძალებით.

ვაფუძნებთ პირველი მერცხალის მოძრაობას. ვიდგებით იქ, სადაც დასჭირდება ქართველ ხალხს - ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირება, ჰუმანიტარული აქტივობები და კოორდინაციისა და ორგანიზებულობის ზრდა.

ყველა დინამოელს, ყველა ფანს, ყველა მოქალაქეს - შემოგვიერთდით!"

არა რუსულ კანონს! - ხვალ, 19 საათზე, თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება

რუსული კანონის გასაპროტესტებლად ხვალ, 11 მაისს, 19:00 საათზე თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება. ისინი თბილისის კლასიკური გიმნაზიასთან შეიკრიბებიან და ამ დღეს დაგეგმილ ევროპის მარშს შეუერთდებიან.

"მასწავლებლები და განათლების მუშაკები ვუერთდებით ევროპის მარშს და ვიკრიბებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან! ერთად გავაპროესტოთ რუსული კანონი და მხარი დავუჭიროთ ევროპულ მომავალს!
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 5 ლოკაციაზე:
‣ რესპუბლიკის მოედანი
‣ მარჯანიშვილის მოედანი
‣ მეტრო 300 არაგველი
‣ მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია
‣ მასწავლებლების მარში - თბილისის კლასიკური გიმნაზია

ხუთივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - წერენ ორგანიზატორები.

ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს: 

„ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს
გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.
ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან. ესენია „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა „ჯენზისაც“, რომლის ლიდერიც ჯენ-ზის ასაკს მკვეთრად არის გადაცილებული. აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები - „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი", რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს და უშუალო პარტიულ აქტივთან ერთად, მოძალადე ახალგაზრდების ძირითად ბირთვს შეადგენენ.
ამ არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად, რა თქმა უნდა, აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციაზე დგომით კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პოსტები ხშირად მხვდება „ფეისბუკში“ და შევეცადე მივყოლოდი მის ლოგიკას. ეს ახალგაზრდა დღეს 25-27 წლის იქნება. 2020 წლიდან ის რევოლუციის ორივე მცდელობას აქტიურად უჭერდა მხარს და ალბათ, არცერთი ოპოზიციური აქცია არ გამოუტოვებია.
2020 წელს მან ხმა მისცა ნაციონალებს. იმდენჯერ აქვს „ფეისბუკში“ დაწერილი, რომ ნაცი არ არის, სავარაუდოდ, პარტია „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემის თავის თავთანაც მოერიდებოდა. თუმცა, მის „ფეისბუკ“-აქტივობას თუ დავაკვირდებით, აშკარაა, რომ 2020 წელს მან „ნაცმოძრაობის“ ორი დანაყოფიდან ერთ-ერთი - „ევროპული საქართველო“ ან „ლელო“ შემოხაზა.
ეს ახალგაზრდა არჩევნების ღამეს აღშფოთდა, როცა „მთავარი არხისგან“ შეიტყო, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები „დაგვიანებით“ გამოაქვეყნა და ერთ-ერთი პირველი გავიდა ნაცების აქციაზე, რომელიც ცესკოში შეჭრის მცდელობით დასრულდა. მართალია, ცესკოში შეჭრა თვითონ არ უცდია, მაგრამ ამ ყველაფერს აქციაზე დგომით ამაგრებდა.
ეს ახალგაზრდა კიდევ უფრო აღშფოთდა, როცა „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული ბრალდება „ენჯეოებისგანაც“ მოისმინა. მართალია, რამდენიმე თვის შემდეგ გაიგო, რომ ერთმაც და მეორემაც მოატყუა და სინამდვილეში, ცესკომ შედეგები სტანდარტულ დროს გამოაქვეყნა, მაგრამ „მთავარი არხისა“ და „ენჯეოებისთვის“ საყვედურის „დაპოსტვა“ აზრადაც არ გაუვლია. ასეთია ნაციონალის ბუნება - მისთვის ნაცისგან, „ენჯეოსგან“ და „მთავარი არხისგან“ მოსმენილი ტყუილიც კი წმინდაა.
ეს გულწრფელი ახალგაზრდა მაშინაც აღშფოთდა, როცა ცესკოს შედეგები „ენჯეოს“ პარალელური ხმის დათვლას აცდა. თუმცა, აღშფოთება იმაზე აღარ გამოუხატავს, როცა ამ „ენჯეომ“ 5 კვირის დაგვიანებით თავადვე აღიარა, რომ სწორედ მისი პარალელური დათვლა აცდა ცესკოს შედეგებს და არა პირიქით.
მოკლედ, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ არჩევნები „ფეისბუკზე“ გაყალბებულად გამოაცხადა და თამარ ჟვანიას მსოფლიოს მთავარი გამყალბებლის ტიტული თამამად მიანიჭა. რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდას ბოდიში აღარ მოუხდია, როდესაც ეს „მსოფლიოს მთავარი გამყალბებელი“ - თამარ ჟვანია ამერიკელებმა ერთ-ერთ ქვეყანაში თავიანთი მთავარი საარჩევნო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნეს.
ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა 2021 წელს აქტიურად ითხოვდა ხელისუფლების მიერ მიშელის შეთანხმების ხელმოწერას. თუმცა, ის საერთოდ არ აღშფოთებულა, როცა „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს და საქართველოში ჩამოსულ მიშელთან მისვლაც კი არ იკადრეს. სამაგიეროდ, გაგულისდა, როდესაც ნაცების ხელმოწერის 100-დღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ეს შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა.
მოკლედ, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პირველი რევოლუციური მცდელობა იმით დასრულდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მან ისევ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს - ხაზარაძეს ან გახარიას მისცა ხმა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 47 პროცენტი მიიღო და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეაც წარსულს ჩაბარდა.
2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლის ბოლომდე ამ ახალგაზრდის „ფეისბუკ“-აქტივობა ექსკლუზიურად სააკაშვილის შიმშილობას და გათავისუფლებას უკავშირდებოდა. როგორც ყველა კლასიკური ფსევდოშუაშისტი, ისიც წერდა, რომ ახლა სააკაშვილის წარსულის გარჩევის დრო არ იყო და მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა გვეფიქრა. ამ გულწრფელ ახალგაზრდას მოგვიანებით ოდნავი გულისწყვეტაც კი არ გამოუხატავს, როცა სააკაშვილმა ორი წლის თავზე გადაწყვიტა, რომ აღარ კვდებოდა და სიმულანტობა პრინციპულად შეწყვიტა.
მრავალი დაშვებული შეცდომის მიუხედავად, გულწრფელმა ახალგაზრდამ საკუთარი ანალიტიკური უნარების კიდევ ერთხელ მყარად ირწმუნა, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ომის პირველივე დღეს მან ვლადიმირ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერად და მსოფლიო გმირად გამოაცხადა. დღეს კი ხვდება ეს ახალგაზრდა, რომ მისი ანალიტიკური დასკვნები სიმართლისგან უკიდურესად შორს იყო, თუმცა, შეცდომის აღიარება ერთხელაც არ უფიქრია. ამ ახალგაზრდის „ფეისბუკს“ დღემდე ამშვენებს წარწერა „სლავა უკრაინე“ და ჩარჩო ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით, სადაც საქართველოს დროშისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა.
2022 წლის თებერვალში გულწრფელი ახალგაზრდა ერთ-ერთი პირველი გავიდა აქციებზე და პირველ რიგში, რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. მან მყისიერად გააზიარა ლომჯარიას განცხადება, სანქციების არდაწესებას მირჩევნია, ბომბებისგან მიღებულმა ცეცხლმა დაგვწვასო. სანქციების დაწესების პირობებში, საქართველოს ეკონომიკა რომ ჩამოიქცეოდა, ამაზე ეს ახალგაზრდა პასუხს არა საკუთარ თავს, არამედ ისევ ხელისუფლებას მოსთხოვდა. ნაცის ტვინი ასეა მოწყობილი - ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს.
შემდეგ, ამ ახალგაზრდამ საქართველოს მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაც მოითხოვა. მაშინაც კი არ დაუხევია უკან, როცა ბაიდენმა და ჯონსონმა თქვეს, უკრაინაში ჩვენგან მოხალისეების წასვლას რეკომენდაციას არ ვუწევთ, რადგან არ გვინდა, ნატო რუსეთთან ომში ჩაებასო. მეტიც, ომისკენ ღიადაც იქაჩებოდა და გიგაურის განცხადება გააზიარა: რუსეთი უკრაინაში ომს აგებს, ყველა მიმართულებით ომს ვერ დაიწყებს და შესაძლებლობის ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო.
ეს ახალგაზრდა, რომელიც, ზოგადად, თავს ვალდებულად მიიჩნევს, ყველაფერ რუსულზე გაღიზიანდეს, საერთოდ არ გაღიზიანდა, როდესაც კიდევ ერთმა „მსოფლიო გმირმა“, დავით არახამიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მას რუსულ ენაზე მიმართა. აქედან ჩანს, რომ ნაცი ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს. ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი ნაციონალები, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ. ამ და სხვა ნაციონალებმა საკუთარ თავს დააჯერეს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი არა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ გახდა. ასეა ნაცის ტვინი მოწყობილი - ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს. ამიტომ, მისთვის რუსულზე გაღიზიანებაც შერჩევითია.
2022 წლის 1-ელ მარტს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ გადაირია, როდესაც სანქციების არდაწესებისა და მებრძოლების არგაგზავნის საბაბით, „მსოფლიო გმირმა“ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. „მრცხვენია, რომ ქართველი ვარ“ - ასე გამოეხმაურა ეს ახალგაზრდა ზელენსკის დემარშს. კითხვაც კი არ გასჩენია, რატომ უნდა გაეწვია ზელენსკის ელჩი საქართველოდან, როცა ომის დაწყებიდან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელჩი ბელარუსიდანაც კი არ გაუწვევია. არც დაფიქრდა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი პოდოლიაკისა და დანილოვის პირდაპირ მოწოდებებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. იმაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რომ პოდოლიაკისა და დანილოვის ამ განცხადებებზე ოდნავი პროტესტიც კი არ გამოუხატავს.
გულწრფელი ახალგაზრდის ანალიტიკური ამბიციები მწვერვალებს მისწვდა, როდესაც დღის წესრიგში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი დადგა. საზოგადოებას მრავლად გავუზიარეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეები და მეორე ფრონტის მსურველები კანდიდატის თემას შანტაჟისთვის იყენებდნენ. ყველას გავუზიარეთ ინფორმაცია ბაკურიანის შეხვედრის შესახებ, სადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - პარტიები, ენჯეოები და ტელევიზიები შეიკრიბნენ და დაგეგმეს, როგორ უნდა მოეწყოთ რევოლუცია, როდესაც (ხაზს ვუსვამ - როდესაც და არა თუ) ივნისში კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებდნენ.
ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა პირველი გავიდა აქციაზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. მან ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და კითხვაც არ დაუსვამს იმაზე, თუ რატომ არ მიანიჭეს სტატუსი საქართველოს და მიანიჭეს მოლდოვას, რომელიც დსთ-ს წევრია, რუსეთთან სანქციებს თავადაც არ მიუერთდა და თუკი რაიმეთი გამოირჩევა, კორუფცია და გაუმართავი სახელმწიფო ინსტიტუტებია. გულწრფელ ახალგაზრდას კითხვები მაშინაც არ გასჩენია, როდესაც ევროკომისიამ რამდენიმე თვეში ქულებით შეფასება გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ საქართველო კანდიდატ მოლდოვასაც და კანდიდატ ბოსნიასაც დიდი უპირატესობით უსწრებდა.
გულწრფელმა ახალგაზრდამ მაშინ გააზიარა ნაციონალი პოლიტიკოსების, „ენჯეოშნიკების“ და ჟურნალისტების განცხადებები იმის შესახებ, რომ სტატუსის ვერმიღებით საქართველომ 14 მილიარდი ევრო დაკარგა და ქვეყანამ მყისიერი გამდიდრების შანსი გაუშვა ხელიდან. წელიწად-ნახევარში ეს გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ არ გაბრაზებულა, როდესაც იმავე ადამიანებმა მას უთხრეს, რომ თურმე, კანდიდატის სტატუსი არავითარი ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლის მომცემი არ ყოფილა.
შუალედში, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ გააზიარა სხვადასხვა სტილის ნაციონალების არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ვერასოდეს მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, დღემდე ეს პოსტებიც კი არ წაუშლია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში უკვე მიიღო. გასული წლის დეკემბერში ის არ მივიდა აქციაზე, სადაც ხელისუფლებამ და ევროკავშირის ელჩებმა კანდიდატის სტატუსი ერთად აღვნიშნეთ.
მოკლედ, ამდენი შეცდომის მიუხედავად, ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა დღესაც აქციაზე დგას. არც ქართული კანონი წაუკითხავს და მით უმეტეს, არც რუსული, თუმცა, აქვს რწმენა, რომ ქართული კანონი რუსულია. ხშირად აზიარებს ხოლმე ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორების და „ენჯეოშნიკების“ ვიდეოებს, სადაც ეს ადამიანები ათას ტყუილს ამბობენ. ის კი, ამ ყველაფერს არც ამოწმებს, რადგან მისთვის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც და „ენჯეოშნიკიც“ ღმერთის სწორია, რომლის სიტყვასაც გადამოწმება საერთოდ არ სჭირდება.
ამ ყველაფრის ფონზე, დღის წესრიგში დგება საკითხი: ვის უნდა გაჰყვეს ხელისუფლება - საშუალო ინტელექტის მქონე ამ გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასული 3 წლის მანძილზე მოვლენებს სწორად აანალიზებდნენ, არცერთ ხელოვნურად შემოგდებულ პროვოკაციას არ აყვნენ და სახელმწიფოს სიმყარის შენარჩუნებაში დაეხმარნენ?
ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი.
ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია.
გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია.
როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით. ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად უჭერს მხარს.
ყველა გულწრფელ ახალგაზრდას კი, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. “