... ... hotnews.ge - პოლიტიკა

“ხვალ, საღამოს 10 საათიდან, გავათენოთ საქართველოსთვის" - დემონსტრაცია ევროპის მოედანზე

ევროპის მოედანზე გრანდიოზული დემონსტრაცია მიმდინარეობს. ევროპული მარშის მონაწილეები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან დაიძრნენ, უკვე ადგილზე იმყოფებიან. როგორც აქციის წამყვანმა, ლაშა ბუღაძემ აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა, ხვალ საღამოს 10 საათიდან შეიკრიბებიან პარლამენტის წინ და ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათევენ, ვინაიდან ორშაბათს, დილის 9 საათიდან, "ოცნებამ" რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ჩანიშნა:

"დღევანდელი ჩვენი ზეიმი ცხადია გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ მობილიზებულობასაც. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ზეგ, ორშაბათს ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს საკომიტეტო სხდომა დილის 9 საათზე, ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83-ს თვალებში. მათ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი. ამიტომ, ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ ხვალ, საღამოს 10 საათიდან ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ტრადიციულად ჩვენს ეროვნულ, წმინდა და ანტირუსულ ადგილას, ჩვენი პარლამენტის წინ  და გავათენოთ საქართველოსთვის. რაც მეტი ვიქნებით და რაც მეტად არ დავიღლებით მით უფრო მეტად მალე გაიტანენ ესენი რუსულ კანონს უკან მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვცქერის. ახლა თბილისია ევროპის დედაქალაქი. ხვალ, 10 საათიდან გავათენოთ საქართველოსთვის." აღნიშნა ბუღაძემ. 

ევროპული მარში თბილისში - მტკვრის ორივე სანაპირო გადაიკეტა

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები გადაიკეტა. დედაქალაქში ევროპული მარში მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც საღამოს, თბილისის სამი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ და ევროპის მოედნისკენ მსვლელობას აწყობენ.

არა რუსულ კანონს - ესაა აქციის მთავარი ლოზუნგი და მოთხოვნა. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

სამი მსვლელობა თბილისში - ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდანაც დაიწყო

ევროპული მარშის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს რესპუბლიკის მოედნიდანაც. მარში ევროპის მოედნისკენ მიემართება. მსვლელობა ამ წუთებში დედაქალაქის სამი ლოკაციიდან ერთდროულად მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები დაიძრნენ 300 არაგველიდან და მარჯანიშვილის მოედნის ტერიტორიიდან.  

„რუსული კანონის“ შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ - ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - პარტიები ხელისუფლებას მიმართავენ და ივანიშვილის გუნდს რუსული კანონის უკან გაწვევას სთხოვენ.

გავრცელებული განცხადებით ისინი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ტერორში არა მხოლოდ "ოცნების" მიერ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები, არამედ შსს-ს საპოლიციო დანაყოფები არიან ჩართული.

"პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია" - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე მოვლენებმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად შეულახა.

"ქართული ოცნების’" წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

ივანიშვილის ამ რუსული ინიციატივის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ტერორში ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, არამედ შსს-ს საპოლიციო დანაყოფები. პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი დარტყმის ქვეშ დგას, ამიტომ, ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული.

საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვაგრძელებთ ერთიან წინააღმდეგობას რუსული კანონისა და რუსული რეჟიმის მიმართ". - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები: 

ახალი
სტრატეგია აღმაშენებელი
დროა
გირჩი - მეტი თავისუფლება
რესპუბლიკური პარტია 
ლელო საქართველოსთვის 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

"რაც შვილებს უნდათ!" - „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე მშობლების მარში "ექსპო ჯორჯიადან" დაიწყო

„ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა დაიწყო. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები, რომლებიც დღეს წერეთლის გამზირზე შეიკრიბნენ მარჯანიშვილის მოედნისკენ გადაინაცვლებენ, საიდანაც იქ შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან. ექსპო ჯორჯიასთან დღეს მშობლები შეიკრიბნენ

შეგახსენებთ, რუსული კანონის წინააღმდეგ დემონსტრაცია დღეს 19 საათზე სწორედ ევროპის მოედანზეა დაანონსებული. ევროპის მარშის მონაწილეები იქ ოთხი ლოკაციიდან მივლენ - ექსპო ჯორჯია, მარჯანიშვილის მოედანი, მეტრ 300 არაგველი და რესპუბლიკის მოედანი. 

[ფოტო "მაუწყებელი"]

ირაკლი ღარიბაშვილი ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის პარტიულ აქტივს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ბორჯომში. შევხვდით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტიის აქტივს. ვისაუბრეთ საარჩევნო და მიმდინარე საკითხებზე, შევეხეთ მოვლენებს, რომელიც ვითარდება ქვეყანაში და რეგიონში. ჩვენი მთავარი მესიჯია - პარტია კარგად უნდა იყოს მომზადებული არჩევნების დღისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ. მინდა ჩვენს მოსახლეობას, მივმართო, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას დღეს შესწევს უნარი და ძალა იმისა, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველყოს განვითარება, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა „ქართული ოცნება“. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვა ალტერნატივა, ეს არის ნგრევა, ომი და ქაოსი და უბედურება, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს" - ირაკლი ღარიბაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. სამცხე-ჯავახეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უჩას პორნოფაილები - თავისივე ოჯახის წევრის მონაწილეობით მოგროვებული კომპრომატები…“ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„უჩას პორნოფაილები - თავისივე ოჯახის წევრის მონაწილეობით მოგროვებული კომპრომატები…
(არ დაგვავიწყდეს, ეს იმ ადამიანზეა საუბარი, რომელიც მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია და აქციის სხვა ორგანიზატორებმა დაკავებისას გმირად და ყველაზე უცოდველ არსებად
გამოაცხადეს!)
ქართველობაზე გველაპარაკებიან-ხოლმე, ქალთა უფლებებზე… ევროპაზეც…
ახალგაზრდების და საქართველოს მომავლის სახელითაც ესენი გველაპარაკებიან…
ეს რა იკადრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორ გაბედა ამ საქმის გახსნაო - ესაა კოლექტიური ნაცების რეაქციები. უჩამ და მისმა ცოლმა რა იკადრესო, ან მათი დავალებების მიმცემებმაო - ერთს არ დაუწერია ჯერ!..
ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი,  დამნაშავეობა და გარყვნილება არის მათი მთავარი მახასიათებელი. მხოლოდ მათ ტვინში შეიძლება მოიხარშოს ასეთი ამაზრზენი დანაშაული! რა ზრდილობა, რა კულტურა, რა IQ, მსგავსი უმორალო და მანიაკალური დაჯგუფება მეორე წარმოუდგენელია“

„მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!” - კალაძე

კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!” - ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. თითოეული ქართველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი არის მნიშვნელოვანი. თავისი თვითშეგნებით, თავისი ღირებულებებით, საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღირსეულად ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ,  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.
ბატონმა ელჩმა ბრძანა, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ ამ გზაზეო, რისთვისაც მე მინდა მას მადლობა გადავუხადო და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იყოს მხარდაჭერა. მე მახსოვს, ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილი და მაშინ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ  ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და ამას არ ჰქონდა ახსნა. იმიტომ, რომ ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც მაშინ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველო დაიჩაგრა. ეს დამოკიდებულება და ამგვარი ქმედებები,  რა თქმა უნდა, იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. 
ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და  არაერთხელ გამოცდილა საქართველო ამ ყველაფერში. ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს და გუნდს, რომელსაც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ჰქვია. აქვე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. 
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ მეგობარ ქვეყნებს და მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო.“

„მომხრე ვარ, ამ გაუგებრობის განმუხტვისა, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას“-ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი პარტნიორებთან, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. აუცილებელია ჩვენს პარტნიორებთან დიალოგის გაგრძელება და საუბარი. მე მომხრე ვარ იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენს შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„დღეს რთული სიტუაციაა, ქვეყანას უამრავი სხვა გამოწვევა აქვს, როგორიც არის ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, რეგიონში შექმნილი ვითარება, უკრაინაში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. ეს ყველაფერი ამძიმებს ამ ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს და ვითარებას. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს.

რაც შეეხება ამ კანონს, ჩემი პირადი აზრია და არა ჩვენი პარტიის აზრი, რომ როდესაც უცხო სახელმწიფოს ინტერესების ლეგალიზება ხდება, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები - რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის. აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი. ამაზე უნდა იყოს საუბარი. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა მეგობარი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ვიყო. ეს ხომ კატასტროფაა? ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია უკვე. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე? ინტერესი არსებობს ერთი - საქართველოს ინტერესი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ” - პრემიერის გამოსვლა “ევროპის დღეზე”

ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების სურვილია ევროკავშირის განვითარების დონისა და კეთილდღეობის ანალოგიური ხარისხის მიღება.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს, ეს არის ევროპის დღე. 1950 წლის 9 მაისს დაფუძნდა ევროკავშირი, როდესაც შუმანის შეთანხმებას მოეწერა ხელი და სწორედ აქედან იწყება ევროკავშირის და, ზოგადად, ევროპის განვითარების ოქროს ხანა, რომელმაც თითქმის 60 წელს გასტანა. სწორედ ამ მომენტიდან ევროპაში შეუქცევადად დამკვიდრდა ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სოციალური სახელმწიფო და ჩაეყარა საფუძველი უწყვეტ მშვიდობას ევროპაში, რამაც შექმნა მყარი გარანტიები იმისათვის, რომ მუდმივად გაზრდილიყო კეთილდღეობის ხარისხი ევროკავშირში და ზოგადად ევროპაში. მახსოვს ევროპის შუაგულში, დუსელდორფში, ჩემ მიერ გატარებული 3 წელი. მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მაშინ მივიღე უშუალოდ ევროპული კულტურისა და კეთილდღეობის ხარისხის გაცნობით. ეს არის ძალიან დიდი შთაბეჭდილება და ჩვენი სურვილია, საქართველოშიც მივიღოთ განვითარების ზუსტად ეს დონე და კეთილდღეობის ანალოგიური ხარისხი. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა. დარწმუნებული ვარ, ის ეკონომიკური თუ ღირებულებითი პრობლემები, რომლებიც დღეს დგას ევროკავშირის წინაშე, არის დროებითი და ჩვენი პასუხისმგებლობაა დიდი ევროპელი მოღვაწეების წინაშე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ წვლილი ევროკავშირის აღორძინებაში; ისეთი სახით ევროკავშირის აღორძინებაში, როგორადაც ის დაფუძნდა 1950 წლის 9 მაისს დიდი ევროპელი მოღვაწეების მიერ, როგორებიც იყვნენ რობერტ შუმანი, ჟან მონე, კონრად ადენაუერი, უინსტონ ჩერჩილი და სხვები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწორედ ამ პასუხისმგებლობით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია.
„მჯერა, საქართველოს შეუძლია თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს ევროკავშირის აღორძინებასა და განვითარებაში. საქართველო არის მცირე, მაგრამ ძველი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანა და ევროპის ერთ-ერთი ღირებულება სწორედ მრავალფეროვნებაა. მჯერა, საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაში, ევროპის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. დღეს საქართველო არის მოწინავე, ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები. მთავარია, შევინარჩუნოთ ეს დინამიკა და ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, საქართველო ძალიან მალე გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ბრიუსელში ყოფნისას გავაკეთე ამბიციური განცხადება, რომ 2030 წლისთვის, თუკი ვინმე კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო. ამისთვის ყველაფერი კეთდება, გაკეთდება და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში, არაუგვიანეს 2030 წლისა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. გილოცავთ დღევანდელ დღეს,“ - განაცხადა პრემიერმა.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.

 

„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება“-კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ღონისძიებაზე თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დამსწრე საზოგადოებას, მეგობარ ქვეყნებსა და საქართველოს მოსახლეობას, ეს დღე მიულოცა.

კახა კალაძის თქმით, საქართველო თავისი თვითშეგნებითა და ღირებულებებით ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და რაც შეიძლება მალე გახდება ევროპული ოჯახის წევრი.

„მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“! - ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. თითოეული ქართველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი არის მნიშვნელოვანი. თავისი თვითშეგნებით, თავისი ღირებულებებით, საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღირსეულად ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.

ბატონმა ელჩმა ბრძანა, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ ამ გზაზეო, რისთვისაც მე მინდა მას მადლობა გადავუხადო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იყოს მხარდაჭერა. მე მახსოვს, ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილი და მაშინ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და ამას არ ჰქონდა ახსნა. იმიტომ, რომ ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც მაშინ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველო დაიჩაგრა. ეს დამოკიდებულება და ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლება იქნება ის გუნდი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება.

„ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ გამოცდილა საქართველო ამ ყველაფერში. ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს და ჩვენს გუნდს. აქვე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ მეგობარ ქვეყნებს და მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებებს, შეისწავლონ არასრულწლოვანების უფლებადარღვევის ფაქტები - სახალხო დამცველი​

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლონ არასრულწლოვანების უფლებადარღვევის თითოეული ფაქტი და გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება შემთხვევებზე ეფექტიანი და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირების მიზნით.

ლევან იოსელიანის განცხადებით, იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები.

"მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებებს შეისწავლონ არასრულწლოვანების უფლებადარღვევის ფაქტები,"- წერია განცხადებაში.