... ... hotnews.ge - პოლიტიკა

პარლამენტთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა სცადეს, ტერიტორიიდან გაეყვანათ პარტია „ახალის“ ლიდერები, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ბაჩო დოლიძე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ისხდნენ.

დაპირისპირებისას, სამართალდამცველებმა პარტია „ახალის“ ლიდერებთან ერთად, რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

აქციის სხვა მონაწილეები ასევე ჩიტაძის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მიახლოებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შენობის თავისუფლად დატოვების საშუალებას არ მისცემდნენ.

მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ შესასვლელ-გამოსასვლელები - შსს-ს განცხადება

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.
საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.
კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება.

არა რუსულ კანონს! - სტუდენტები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

არა რუსულ კანონს! - ილიაუნის, თსუ-სა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მსვლელობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. ისინი პარლამენტის უკანა შესასვლელთან ავიდნენ.

ამბობენ, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონი უნდა გაიწვიოს რადგან ის ანტიდასავლურია და კრემლის ინტერესებს ეხმაურება.

 

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ფრანსუა რაპენი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობაზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე. 
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებს. 
აღინიშნა, რომ საქართველო საფრანგეთისა და ევროკავშირის საიმედო მოკავშირეა, რომელიც განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობას . 
პრემიერ-მინისტრმა ჟან-ფრანსუა რაპენს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საფრანგეთის  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ვიშიმშილებ, სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან - ზაზა სარალიძე

2017 წელს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, "რუსული კანონის" გაწვევის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, რუსთაველის გამზირზე განაცხადა. სარალიძე გუშინ, "ოცნების" გამართულ  მარშსაც გამოეხმაურა:  

"გუშინ მე ვიყავი აქ აქციაზე, მთავარის გამოსვლის დროს, ბიძინას გამოსვლის დროს მოვედი. მე რასაც შევხედე, ეს ხალხი არის სუყველა გადასარჩენი, გუშინ ვინც იყო აქციაზე , ეს ხალხი არის ჩვენი გადასარჩენი, მე მივმართე უკიდურეს ზომას, უნდა ვიშიმშილო სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან. გუშინდლიდან დავიწყე ეს პროცესი და სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან და ქართველი ადამიანის ღირსება არ იქნება იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეც უნდა იყოს აყვანილი და არ უნდა იყოს დაჩაგრულ არავინ, არც ქალი არც კაცი, არც ორიენტაციაშეცვლილი,  თუ ეს გაინტერესებთ ჩემო ქართველებო, არავინ არ უნდა იყოს, ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველას ქომაგი. ყველა ავადმყოფის, ყველა ჯანმრთელის, ყველა პოლიციელის, ყველა ექიმის, მითუმეტეს თავისუფალი სიტყვის, რომელსაც ემსახურება დღევანდელი ე.წ. ენჯეოსექტორი და თავისუფალი მედია. თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები რომ არ ყოფილიყო დღეს ჩემი შვილის მკვლელები გარეთ იქნებოდნენ და სამართალი ვერ იქნებოდა აღსრულებული. დღეს სარალიძის ბრძოლა მაინც გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით რომელსაც ეწოდება ადამიანის უფლებათა ცენტრი და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, თუ აქედან ცოცხალი წავედი " ამბობს ზაზა სარალიძე.

პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციაში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, სანდრო ჯოხაძესა და თემუკა კოკოზაშვილს შეხვდა და მათ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადასცა.

შეგახსენებთ, ორივე ახალგაზრდა ცნობილი  გახდა ფოტოდან, რომელიც 16 აპრილსაა გადაღებული და სადაც ისინი დროშებშემოხვეულები 
სპეცრაზმელების წინ დგანან.

სანდრო ჯოხაძე, რომელიც სკოლის მოსწავლეა, ამავე აქციაზე დააკავეს და ის სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა.

შს მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით მყოფ მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს - იოახიმ შტამპს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე.

ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების საკითხზე და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას.

თავის მხრივ მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და არსებული პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მზაობა გამოხატა.

შეხვედრის დასასრულს, იოახიმ შტამპმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მხარეები არაერთი წარმატების მიღწევას შეძლებენ.

 

თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას - პრემიერი

ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ გზაზე, ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. 

„მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ქმნის მყარ საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას. 
კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს და გისურვებთ გამარჯვებებს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს. გფარავდეთ ღმერთი!“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკომისის გენერალური დირექტორი საქართველოში ჩამოდის

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, 30 აპრილიდან 4 მაისამდე სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხების განხილვისა და ახალი ინიციატივების წარდგენის მიზნით, - ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. 

"30 აპრილს, ბატონი კოოპმანი სომხეთს ეწვევა. მისი ვიზიტი უშუალოდ მოსდევს ევროკავშირი– აშშ–სომხეთის 5 აპრილის მაღალი დონის შეხვედრას და სომხეთისთვის მედეგობის და ეკონომიკური ზრდის გეგმის გამოცხადებას. ვიზიტის დროს, გენერალური დირექტორი ისაუბრებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის სექტორული თანამშრომლობის გაზრდასა და ევროკაშვირის ინვესტიციებზე, ასევე, ევროკავშირის დახმარებაზე რეფორმების განხორციელებასა და დევნილთა ინტეგრაციაში. ბატონი კოოპმანი შეხვდება სომხეთის პრემიერ–მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, მთავრობის წევრებს, მათ შორის ვიცე–პრემიერებს მჰერ გრიგორიანს და ტიგრან ხაჩატრიანს, ეროვნული ასამბლეის წევრებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს; ბატონი კოოპმანი, ასევე, გახსნის ევკროკაშირისა და გერმანიის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და მდგრადი ენერგოინიციატივების განხორციელებაა.

1-ელ და 2 მაისს, ბატონი კოოპმანი საქართველოს ეწვევა და ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. ბატონი კოოპმანი შეხვდება პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, მთავრობისა წევრებს, მათ შორის, ვიცე–პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის, ასევე ,შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში. ბატონი კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალი გაზრდაში და სესხების ეროვნული ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

3 და 4 მაისს, ბატონი კოოპმანი ეწვევა აზერბაიჯანს, რომ განიხილოს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, რეგიონულ კავშირებისა და განახლებადი ენერგიების სექტორებში, კლიმატის ცვლილების კონფერენციის COP29 კონტექსტში, რომელსაც ნოემბერში აზერბაიჯანი უმასპინძლებს. გენერალური დირექტორი შეხვდება მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაევს და ციფრული განვითარების და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს. გენერალური დირექტორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად გახსნის "ევროპის გუნდის" ინიციატივას, რომელიც აზერბაიჯანში ჭურვების გაუვნებელყოფაზე იქნება მიმართული და დაეხმარება შესაძლებლობების გაზრდას, ჭურვებთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცოდნის გაზრდას და მსხვერპლთა მეტ ხელშეწყობას. ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, გენერალური დირექტორი, ასევე, გახსნის ევროკავშირის დახმარების პროექტს მიკრო, მცირე და საშუალო საწაროებისთვის საფინანსო ჩართულობის გასაუმჯობესებლად", - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. 

"ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია" - ირაკლი კობახიძე

ჩვენს ჯარზე, ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქართული ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე.

„საქართველოს თავდაცვის ძალები 33 წლისაა. ყველას გილოცავთ ამ დღეს, რომელსაც განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ. ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თავისუფლებას.

ჩვენი ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ქედს ვიხრი ყველა მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც გმირულად დაეცა სამშობლოს დასაცავად თუ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მათი სიმამაცე, პატრიოტიზმი და სიმტკიცე ის ღირებულებებია, რომლებსაც თავდაცვის ძალები ეფუძნება. მინდა ეს დღე მივულოცო ყველა ვეტერანს და მადლობა ვუთხრა მათ სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის.

თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ ჩვენს დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს. ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მათ მხარი და დავაფასოთ მათი თავგანწირვა. ჩვენს ჯარზე, ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის..." - პრემიერი

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ყველა ღმერთის წინაშე აგებს პასუხს.

 

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო,

პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით!ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს,“- განაცხადა პრემიერმა.

7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.