... ... hotnews.ge - პოლიტიკა

ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

ჩიტაძის ქუჩაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, პარლამენტის ეზოს ტერიტორიიდან, წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება დაძაბულია. პარლამენტის მიმდებარედ, სავარაუდოდ, ჩაახშეს სიგნალი, რის გამოც ინტერნეტის გამოყენება თითქმის შეუძლებელია

თუ პრორუსული პარტიები 2013-2014 წლებში იღებდნენ ხმების 20%-ზე მეტს, ახლა იღებენ 2-3 %-ს -პრემიერი

მარტივ კითხვას გისვამთ, მითხარით ერთი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება კანონი არ მოგწონდეთ. 10 წუთია, გთხოვთ ერთი არგუმენტის თქმას და თქვენი არგუმენტი არის - „აბა წაიკითხეთ 14 სენატორის წერილი“ და აბა ნახეთ, რას ამბობს ქუჩაში ვიღაცო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისივე თქმით, საიდანაც მეტი საფრთხე მოდის, იქ კიდევ უფრო მეტად მუშაობს ხელისუფლება და იმიტომ ქვია ამ ქვეყანას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ მან საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას ყველა მიმართულებით.

 

„რაც შეეხება იმას, აყენებს თუ არა ეს კანონი ერთ სიბრტყეზე მტერს და მოყვარეს. ეს არის იმხელა სამარცხვინო, მარტივი სპეკულაცია, რომ ასეთი მეორე ვერ წარმომიდგენია, გეტყვით რატომ - მაგალითად, არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, ამ კანონის მიხედვით, პარტიის დაფინანსება არის აკრძალული ნებისმიერი ქვეყნიდან, იქნება ეს რუსეთი, ამერიკა, ევროპა, აფრიკა თუ ავსტრალია, ანუ ნებისმიერი ქვეყნიდან და კონტინენტიდან არის აკრძალული პარტიის დაფინანსება. ზუსტად იგივე სპეკულაციური მიმართულებით, თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ პარტიების კანონი, მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთ სიბრტყეზე აყენებდა მტერს და მოყვარეს. ეს ხომ უმარტივესი, სამარცხვინო სპეკულაციაა.

არის პარტიების შესახებ კანონი, რომელიც ერთ სიბრტყეზე აყენებს ყველა ქვეყანას, შესაბამისად ეს, რაზეც მიდიოდა საუბარი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ თითქოს ეს ნიშნავს ევროკავშირის ან ამერიკის მტრად გამოცხადებას, არის ცარიელი სიყალბე, იმიტომ რომ უკვე მოქმედებს საქართველოში, წლებია, პარტიების შესახებ კანონი, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად ამერიკას, ევროპას, ეკრძალება საქართველოში პარტიების დაფინანსება. არათუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, საერთოდ ეკრძალებათ პარტიების დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა არის მტრად გამოცხადებული, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონით?! რომელიც თუ არ ვცდები 1997 წელს არის მიღებული და იქიდან მოქმედებს, არავის შეუცვლია.

რაც შეეხება საფრთხეებს, საიდანაც მეტი საფრთხე მოდის, იქ კიდევ უფრო მეტად ვმუშაობთ და ამის შედეგი არის ის, რომ თუ მაგალითად საუბარი გაქვთ ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20%, თუ პრორუსული პარტიები და საარჩევნო სუბიექტები 2013-2014 წლებში ამ ქვეყანაში იღებდნენ ხმების 20%-ზე მეტს, ახლა იღებენ 2-3 %-ს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა მიმართულებებით არ უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე. როცა გიფინანსებენ ღიად, უხეშად, ამ ქვეყანაში მაპოლარიზებელ ორგანიზაციებს, იქ რატომ არ უნდა დავიცვათ სახელმწიფო სუვერენიტეტი, იქ არ არის დასაცავი? ამიტომ არის, რომ ნებისმიერი კანონი, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას ერთ სიბრტყეზე უნდა აყენებდეს. იმიტომ ქვია ამ ქვეყანას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ მან საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას ყველა მიმართულებით,“- განაცხადა პრემიერმა.

“ეს იყო მიტინგის დაშლა ევროპული სტანდარტებით” - პრემიერი

ვინც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით იტყუება, ყველა იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ, კეზერაშვილის, ხაზარაძის და სხვა სუბიექტების მიერ დაფინანსებული ახალგაზრდების შესრულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოელებს, რომლებიც იტყუებიან „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებულ ძალადობაზე. პრემიერის განცხადებით, არავის აწყობს, მისი ფინანსები იყოს გამჭვირვალე.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიტინგის დაშლა მთლიანობაში ევროპული სტანდარტებით განხორციელდა.

„იყო გადაცდომები, ინციდენტები, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო მიტინგის დაშლა ევროპული სტანდარტებით. რაც შეეხება გადაცდომებს და ინციდენტებს, ამასთან დაკავშირებით ყველა საკითხი იქნება შესწავლილი. რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი იყო, რომელიც იქნება შესწავლილი. ძალიან მკაფიოდ დასტურდება ის, რომ შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შემდეგ უკვე ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, არსებობდა შეკრების დაშლის ლეგიტიმური საფუძველი. გარკვეული გადაცდომების, ინციდენტების მიღმა, მთლიანობაში ევროპული სტანდარტებით ჩატარდა ოპერაცია, რისთვისაც მადლობა გადავუხადე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას,“- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მომიტინგეების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე პასუხისმგებლობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ეკისრებათ.

შსს-ის სხვადასხვა დანაყოფებმა სრულად დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობას იწყებენ

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში „არაძალადობრივ მოძრაობას" იწყებენ.

ამის შესახებ აქციის წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა და აქციის მონაწილეებს მიმართა.

მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეთა ერთი ნაკადი პირველი გიმნაზიიდან დაიწყებს მოძრაობას, ხოლო მეორე ნაკადი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან.

დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან - საპატრიარქო

ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს.

“გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.

სამწუხაროდ, ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის.

როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყველასთვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცავების მიმართ, ასევე აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება.

დღეს, საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი და საქართველო”,- აღნიშნულია განცხადებაში.

"სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატების უსაფრთხოდ გამოსვლა; წესრიგის დამრღვევების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უსაფრთხოდ გამოსვლა".

"პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მოვლენების ხელოვნურად ესკალაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უსაფრთხოდ გამოსვლა.

ამ დროისთვის, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.

კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება" - წერია განცხადება 

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა პარლამენტის 23 წევრი.

კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო მეორე მოსმენით 2 დღის განმავლობაში, მუხლობრივად განიხილავდა. პროცესი როგორც გუშინ, ისე დღეს, უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ცხადე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

სპეცრაზმმა პარლამენტის უკანა და გვერდითა შესასვლელები დაიკავა - მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც

პარლამენტთან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოიყვანეს - საკანონმდებლო ორგანოს უკანა და გვერდითა შესასვლელები სპეცრაზმელებმა დაიკავეს. მათ უკანა შესასვლელთან შეკრებილი მოქალაქეების ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს გადაწევაც დაიწყეს. ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარედ ხმაურია.

თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა - პრემიერი

თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ.  პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საჭიროა სწორედ ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა.

„რეალურად მარტივად არის საქმე. კონკრეტული ძალებისთვის პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი და ამ კუთხით „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა მათთვის ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. სწორედ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა აძლევს მათ საშუალებას, რომ საქართველო დატოვონ ე.წ. პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში. სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებიან შესაბამისი ძალები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რომ მათ სურთ ქვეყანა მუდმივად ამყოფონ რადიკალიზმის რეჟიმში და ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში. 
კიდევ ერთხელ გავიხსენებ, თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა 2020 წლის ბოლოს, რა ხდებოდა 2021 და 2022 წელს, შემდეგ 2023 წელს. 3 წლის გამავლობაში ქვეყანა იყო მუდმივი რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობის პირობებში და ეს აწყობთ კონკრეტულ ძალებს, მაგრამ ეს არ აწყობს ქართულ სახელმწიფოს და ეს არ აწყობს, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, არის აუცილებელი  ამ კანონის მიღება. იქნება, რა თქმა უნდა, აქციები დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი, თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ამ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან. ეს არის ძალიან პრინციპული ეროვნული ამოცანა. თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ.  პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“, -  განაცხადა პრემიერმა.

რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა - ირაკლი კობახიძე

მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა და შეურაცხყოფით, პოლიციელებისთვის სხვადასხვა საგნის - მათ შორის შუშის ბოთლებისა და ქვების სროლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა. ამით გამოირჩეოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ამით გამოირჩევა ის ახლაც.

 

„რაც შეეხება გუშინდელ ძალადობრივ აქციას, რომელიც სრულად აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით დაიგეგმა და წარიმართა. მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა და შეურაცხყოფით, პოლიციელებისთვის სხვადასხვა საგნის - მათ შორის შუშის ბოთლებისა და ქვების სროლით.

პოლიტიკური უმცირესობის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ქმედებების გამო, გუშინ აუცილებელი გახდა 6 პოლიციელის ჰოსპიტალში გადაყვანა, მათ შორის ერთ-ერთს აღენიშნებოდა თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა და დასჭირდა გადაუდებელი ოპერაცია.

ასევე, გუშინდელი ძალადობრივი აქციის შემდეგ, სხვადასხვა ნაკლებად მძიმე დაზიანებით კლინიკებში გადაყვანილ იქნა 4 მომიტინგე, რომლებიც მალევე გაეწერნენ კლინიკებიდან.

რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა. ასევე, შეკრების დაშლის დროს დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი. სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას. თითოეული ადამიანის ფიზიკურ დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს და ადამიანს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ახალისებდა და იწონებდა ძალადობას, აქეზებდა ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, იწონებდა ელისაშვილის მიპარვით ძალადობას, ძალადობდა სიტყვიერად ხელისუფლების წარმომადგენლებზე, როდესაც მათ სხვადასხვა უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენიებდნენ.

ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა. ამით გამოირჩეოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ამით გამოირჩევა ის ახლაც. ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ის ფაქტიც, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მათ არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ ამ კანონს მაინც უხეშ იარლიყებს აწებებენ, მათი ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა,“- განაცხადა პრემიერმა.

შსს-ს აქციის მონაწილეებს მორიგი წერილობითი განცხადებით აფრთხილებს

"მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფორმებში და არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება"-  წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღესაც იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა.

ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფორმებში და არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტის მონაწილეები კვლავ გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებისა და გასასვლელების პიკეტირებას.

ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან და გამოსასვლელებთან, განთავსება პოლიციის კორდონები.

აქციის მონაწილეებს, ექნებათ შესაძლებლობა პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს.

კიდევ ერთხელ, აღვნიშნავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.

ასევე, აღვნიშნავთ, რომ 30 აპრილს, აქციის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავებული ერთი სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება" - წერია განცხადებაში