... ... hotnews.ge - პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
 შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას. 
 ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის არაერთი მიმართულებით. 
 პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს კურსი შეუქცევადია.
 შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს. ამის შესახებ, მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

“პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონზე ვეტოს დაადებს” – თქვა სხილაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დღეს, 8 აპრილს, ბიუროს სხდომას ესწრებოდა, სადაც რუსული კანონი დააინიციირეს. განხილვისას, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ უნდა დარეგისტრირებულიყო. თუმცა, ბიურომ მისი აზრი არ გაითვალისწინა.

ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიღების შემთხვევაში პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს.

9 აპრილს, თბილისში "რუსული კანონის" წინააღმდეგ მარში გაიმართება

ხვალ, 9 აპრილს, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება.

ე.წ. რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე ამ წუთებში გადის. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება. ონლაინმედიების ჟურნალისტები, რომლებსაც აკრედიტაცია აქვთ, პარლამენტში არ შეუშვეს. გარდა ამისა, "პუბლიკას" ჟურნალისტს პარლამენტში შესვლის დროს დაცვამ სუფთა ფურცელი ჩამოართვა.

"შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის!

ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!

ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - წერენ აქციის ორგანიზატორები.

მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცდა

საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო  აღწერის პროგრამის  განახლებული პროექტი დაამტკიცა.

კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ კომისიის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია აღწერის მეთოდოლოგიისა  და კითხვარების შესახებ.

საქართველოს მოსახლეობის მომდევნო საყოველთაო აღწერის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.  ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.  სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

 

მთავრობა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარის პრეზენტაციას გაეცნო

საქართველოს მთავრობა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებისა და პროცედურების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის პრეზენტაციას გაეცნო.

 

ცესკოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს დეტალურად ესაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკოს მზადების პროცესსა და  ტექნოლოგიურ სიახლეებზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება  არჩევნების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.

 

ელექტრონული არჩევნები საქართველოში წელს პირველად ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმირების კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურებში ახორციელებს.

 

„არა რუსულ კანონს“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

"არა რუსულ კანონს! " - პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. "რუსებო!" სკანდირებენ აქციის მონაწილეები და ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღებას არ დაუშვებენ. 

"ქართული ოცნება" რუსული კანონის განხილვას  ოფიცილაურად იწყებს. "ოცნების" დეპუტატები და ოპოზიცონერი პოლიტიკოსები უკვე ბიუროს დარბაზში არიან შეკრებილი. საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს.

"დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი" - ირაკლი კობახიძე

გაირკვა, რომ  „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში, ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ესაა „factcheck“ და „მითების დეტექტორი“, ანუ გვარებით რომ ვთქვათ, სერგი კაპანაძე, თამარ კინწურაშვილი, ყველამ იცით ეს სახელები და გვარები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად დაიცავს როგორც გამჭვირვალობის, ისე სიტყვის თავისუფლების პრინციპს.

 

„ეს ადამიანები, თავის დროზე როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებულნი,  თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს ამის საშუალება მათ აღარ აქვთ ამ მასშტაბით, თუმცა სადაც შეუძლიათ იქ აწარმოებენ ამ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია, რაც გაირკვა ამ დღეების განმავლობაში და საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის ამ ცენზურას მოყვა ძალიან დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი. ეს აჩვენებს ხელწერას და ეს აჩვენებს ღირებულებებს, ანუ გაუმჭვირვალობა და ცენზურა არის ამ ადამიანებისთვის ევროპა, ასე წარმოგვიჩენენ და საპირისპირო განცხადებები რაც არის თქვენ ძალიან კარგად იცით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ასევე ცენზურა. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს, ორივე ღირებულებას, ესენია გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება,“- განაცხადა პრემიერმა.

"NGO-ების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ვინ რისთვის ფინანსდება" - ირაკლი კობახიძე

NGO-ების საქმიანობა არის თვისობრივად გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რისთვის ფინანსდება. შესაბამისად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს თანხები არის სრულიად გამჭვირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ამოღებული იქნა ინფორმაცია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე და ფაქტები აჩვენებს იმას, რომ გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი.

 

„ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ახლაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე, რაც არის სიცრუე. ჩვენ ამოვიღეთ ინფორმაცია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე. ესენი არიან ყველაზე რესურსულად ძლიერი, მდიდარს არ ვიტყვი ამ შემთხვევაში, ასევე ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები, საიდანაც გაირკვა, რომ 2012 წლიდან მათ მაქსიმუმ 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსების, რომელსაც ხარჯავენ. კერძოდ, მთლიანმა თანხამ, რაც იყო ნაჩვენები, დეტალების გარეშე, იყო 85 400 000 ლარი. ეს არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმუმ ამდენი ხარჯი აქვს გაწეული შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინფორმაცია ამ თანხების მიზნობრიობისა და კონკრეტული წყაროების თაობაზე. აქედან დეტალური ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ 18%-თან დაკავშირებით, ანუ 15 400 000 ლართან დაკავშირებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 85 მილიონიდან მინიმუმ 70 მილიონი მათ აქვთ დახარჯული ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ. ანუ მთავრობასაც კი არავითარი ინფორმაცია არ აქვს ამასთან დაკავშირებით. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ  თავისთავად, ეს ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, ანუ, მე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი ვერ ვაკონკრეტებ. შესაბამისად, საზოგადოებისთვის საერთოდ, ნული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უშუალოდ სამთავრობო დაწესებულებებისთვის არის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მაქსიმუმ 18%.

 

გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ მათი ხარჯებიდან დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ნაჩვენები ფინანსთა სამინისტროში. აქ არ შედის მაგალითად, სამივლინებო ხარჯები, ოფისის ქირის უდიდესი ნაწილი, ელექტრონული ზედნადების გარეშე განხორციელებული შესყიდვები, რაც არის საკმაოდ დიდი მოცულობა, შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა 82%, არამედ  მათ მიერ დახარჯული თანხების 90%-ზე ბევრად მეტი არის სრულიად გაუმჭვირვალე. საზოგადოებისთვის არის პრაქტიკულად სრულიად გაუმჭვირვალე. მთავრობისთვისაც კი არის აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რისთვის დაფინანსდა შესაბამისი ორგანიზაციები. არის ერთ-ერთი ფინანსურად ყველაზე ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც 0,4% აქვს მხოლოდ დეკლარირებული. არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა ექსტრემიზმით და მათ ნული აქვთ ნაჩვენები, საიდან და რა მიზნით მიიღეს დაფინანსების სახით. ეს არის საერთო სურათი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აქედან ჩანს, რომ NGO-ების საქმიანობა არის თვისობრივად გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რისთვის ფინანსდება. შესაბამისად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს თანხები არის სრულიად გამჭვირვალე, თუმცა ფაქტები აჩვენებს იმას, რომ არავითარი გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმის შესახებ, თუ რა წყაროებიდან და რისთვის ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, შესაბამისი მედიასაშუალებები და ამისათვის ახლად ინიცირებული კანონპროექტის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

"შარშან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თუმცა მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ" - პრემიერი

კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა მეორედ ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა.

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  - ამ კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით მე პირადად ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე, ამიტომ დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე. ზოგადად ვიტყვით, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში, გამჭვირვალობას არ აქვს, ბუნებრივია, ალტერნატივა. აკვირდებით დებატებს, ვერავინ ასაბუთებს, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. გუშინ მოვისმინეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება, მან განაცხადა, რომ არ უნდა შევიდეთ შინაარსშიო, შინაარსი არის ხელისუფლების ველიო. ანუ, უშინაარსობა არის ჩვენი ოპონენტების ველი და შინაარსი არის ხელისუფლების ველი, ამაზე უკეთეს აღიარებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში არის ეს ყველაფერი გამართული, კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა მეორედ ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება - სხდომა 15:00 საათზე დაიწყება. 
განაჩენს მოსამართლე, სავარაუდოდ, დღესვე გამოაცხადებს. სასამართლოს ეზოში 14:00 საათიდან ლაზარეს მხარდასაჭერად მისი ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბებიან. 

პარალელურად, 14:00 საათზევე, მეორე აქცია გაიმართება თბილისში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან. პროტესტის მიზეზი კი "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახალი ინიცირებაა. "ოცნება" ამ კანონს დღეს, 15:00 საათზე, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. 

"თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი" - ირაკლი კობახიძე

მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ახალი აეროპორტი ვაზიანში აშენდება.

 

„პირველი საკითხი უკავშირდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. 6 აპრილს გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4,5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში. მომავალშიც მოსალოდნელია ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფი და  თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ.

 

ჩვენ განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე გულისხმობდა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი იყო დაახლოებით 900  მილიონი დოლარი, ახლის აშენების ფასი 1 მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ახლის მშენებლობა გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით,  ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.

 

„არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება, ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გათვლებით  ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი“. 0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ დაახლოებით 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იმისთვის, რომ მოამზადა ეს პროექტი. ახლა მთავარია, რომ სათანადოდ წავიდეთ წინ და უზრუნველვყოთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა ულტრათანამედროვე ახალი აეროპორტით , - განაცხადა პრემიერმა.

 

აქტივისტებს, რომლებიც ოცნების პროპაგანდისტულ ბანერებს ხსნიდნენ, თავს დაესხნენ

აქტივისტებს, რომლებიც ოცნების პროპაგანდისტულ ბანერებს ხსნიდნენ, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს.

სამოქალაქო აქტივისტები იხსენებენ, რომ თავდამსხმელები აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, მათ შორის, პოლიციის თვალწინაც. 

"ჩემს მეგობრებთან ერთად ვცდილობდი ამ პროპაგანდისტული ბანერების ჩამოხსნას, ვინაიდან დეზინფორმაციას ავრცელებდნენ საზოგადოებაში. ამ დროს მოვიდა ერთი ახალგაზრდა ჩვენთან, დაიწყო აგრესიული ქმედება ჩვენ მიმართ და განსაკუთრებით ჩემს მიმართ, ფიზიკურადაც არაერთხელ შემეხო და ასევე, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რამდენჯერმე უკან შემობრუნდა და დაგვიწყო აგრესიული საუბარი პოლიციის თვალწინაც და ამის შემდეგ, პოლიციელებმა წამოგვიყვანეს განყოფილებაში", - ამბობს აქტივისტი ნინო ლიპარტელიანი. 

მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო. 

"მოვარდნენ დაგეგმილი პროვოკატორები და ვფიქრობ, რომ საერთოდ მათ გააკრეს ის ბანერები, ისეთი გამწარებით იცავდნენ. თაროზე არ შემოვდებთ ამ საქმეს და მსგავსი ადამიანები, ვინც ქალაქის იერსახის დამახინჯების მომხრეები არიან და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოდიან, იმედია, მიიღებენ საკადრის პასუხს", - ამბობს კიდევ ერთი აქტივისტი, სანდრო ქინქლაძე. 

მათივე თქმით, სამართალდამცავებს თავდამსხმელები განყოფილებაში არ გადაუყვანიათ.