... ... hotnews.ge - პოლიტიკა

პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა - „გორბის“ კვლევა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.

კითხვაზე „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - ალოკაციის შემდეგ პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 60.4%
  • ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი - 12.6%
  • ლელო - 4.7%
  • ევროპული საქართველო - 4.5%
  • საქართველოსთვის - 3.7%
  • გირჩი მეტი თავისუფლება-დროა - 3%
  • „ახალი“ - 1.6%
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი - 1,4%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 0.9%
  • მოქალაქეები - 0.6%
  • ლეიბორისტული პარტია - 0.6%
  • სხვა და არა-ალოცირებული - 6%

შენიშვნა: პარტია „ახალი“ ოფიციალურად დაფუძნდა მას შემდეგ, რაც საველე სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად ეს პარტია კითხვის პასუხებში არ იყო მითითებული. შედეგები, რომელიც წარმოდგენილია ამ პარტიის შესახებ, ეფუძნება რესპონდენტების მიერ სპონტანურად გაცემულ პასუხებს.

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა.
11-18 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1711 რესპონდენტი, რომლის 68.4 %, ანუ 1170 სავარაუდო ამომრჩეველია.
ეს მაჩვენებელი, სავარაუდო ხმის მიცემის 2 შეკითხვაზე გაცემულ პასუხებსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ხმის მიცემის თვითგაცხადებული ისტორიის მიხედვით გამოვლინდა.
ცდომილების ზღვარი: +/- 3%

წყარო: იმედი 

სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ - კობახიძე

კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ოპოზიცია, აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს.

„ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება.

სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს.

ქართულმა სპორტმა ბოლო წლებში უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. პირველად ისტორიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, პირველად ისტორიაში მორაგბეებმა 6 ერის გუნდებს მოუგეს, პირველად ისტორიაში კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა, პირველად ისტორიაში წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი, პირველად ისტორიაში ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია. თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა.

კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ.

სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც საქართველოს იდენტობა უკავშირდება. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც.

ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას”, - აღნიშნავს პრემიერი.

პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
პრემიერმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუსლიმი თემი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და განსაკუთრებით ძვირფასია მეგობრობის ის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის.
„მიხარია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად, ჩვენს მუსლიმ ძმებთან ერთად. მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე, რამადანის მარხვის დასრულება, თქვენი რწმენის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ყველა განსაკუთრებულად აღნიშნავთ. თქვენთან ერთად, მინდა მივულოცო საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს, ჩვენი მუსლიმი თემის თითოეულ წარმომადგენელს.
ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობით, ძმობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ ქრისტიანებსა და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს შორის. თქვენი უნიკალური კულტურა არის ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი.
ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად ვშრომობდით, ერთად ვიბრძოდით ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისთვის, მისი წინსვლისა და განვითარებისთვის. ეს არის ის ურთიერთობა, ძმობა, რომელსაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. მინდა გისურვოთ კეთილდღეობა, ბედნიერება თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს. გილოცავთ და უღრმესი მადლობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ, ქართველი მუსლიმები რამადან ბაირამს დღეს აღნიშნავენ.
თბილისის მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აგრეთვე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა, საქართველოს შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.
მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს დღესასწაულის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.
თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მტკიცდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში ძლიერი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და საიმედო პარტნიორია.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

 

"კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი" - პრემიერი

ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. 


„საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. 
ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის. 
კიდევ ერთხელ, უმაღლეს სამართლებრივ დონეზე გამყარდა ის, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებებზე, რომელიც ე.წ ბორდერიზაციასა და ადამიანის უფლებების განგრძობით, სისტემურ დარღვევაში გამოიხატება, პასუხისმგებელი სწორედ რუსეთია. 
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. 
მადლობას ვუხდი სახელმწიფო უწყებებს - იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, -  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

პრეზიდენტი დღეს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდება

დღეს, 11:15 საათზე საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდება. 

შეხვედრა დახურული იქნება და ინფორმაციას პრესსამსახური გაავრცელებს. ადმინისტრაცია წინასწარ არ საუბრობს რა თემებზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობილია, რომ პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. მან გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:

ორშაბათს, საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან აქცია დაანონსდა

ორშაბათს, 15 აპრილს,  საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან აქცია  "კი ევროპას - არა რუსულ კანონს"! გაიმართება. აქცია რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ მიმდინარე საპროტესტო მარშზე დაანონსდა.

რუსული კანონის განხილვას საქართველოს პარლამენტი ორშაბათს, იურიდიულ კომიტეტზე იწყებს. კანონპროექტი ბიუროზე ოფიციალურად გუშინ, 8 აპრილს დაარეგისტრირდა.  

"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - პარლამენტთან მსვლელობა დაიწყო

"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით ამ წუთებში თავისუფლების მარში მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო ორგანიზაციები - საერთაშორისო გამჭვირთვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები და სამოქალაქო საზოგადოების ფონდი. მსვლელობაში ასევე მონაწილეობას სხვადასხვა პარტიის წევრები და სტუდენტები იღებენ.

მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდება.

 

"საქართველომ ამ სიმბოლურ დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა საბოლოო გამარჯვებისკენ" - რატი ბრეგაძე

საქართველომ ამ სიმბოლურ დღეს გადადგა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი საბოლოო გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია ჰქვია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, საქართველომ სტრასბურგში 2012 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი გამარჯვება მოიპოვა.

„2012 წლიდან საქართველომ არაერთ საქმეზე მოიპოვა გამარჯვება და დაამტიცა ქართული სიმართლე. კერძოდ, 2012 წლიდან სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დეპორტირებულების საქმეზე, რის შედეგადაც ათი მილიონის კომპენსაცია დაეკისრა რუსეთს, ასევე მიღებული იყო ისტორიული გადაწყვეტილება ომის საქმეზე, რის შემდეგაც ჩვენ, ყველას მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგვიძლია თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ეს არის სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი. ასევე საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყველა საქმე ამოირიცხა წარმოებიდან.

დღეს, ამ სიმბოლურ დღეს, ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით, ვულოცავ ყველა ქართველს. დღევანდელი გადაწყვეტილებით გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას. კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა და დადგინდა, რომ სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება და ასევე გადაადგილების თავისუფლება.

ამ გამარჯვებას ჰყავს თავისი ბევრი გმირი. მადლობა ჩვენს ყველა თანამშრომელს, ვინც ა საქმეში იყო ჩართული. ასევე მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გენერალურ პროკურატურას და შსს-ს ასეთი სანიმუშო თანამშრომლობისთვის. რომლის შედეგადაც, საქართველომ, ამ სიმბოლურ დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი საბოლოო გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია ჰქვია“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.

„არჩევანი საქართველოსთვის ესაა, ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან რუსეთი“-ზურაბიშვილი

"მე არ ვიცი რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება, მაგრამ აქ მთავარი არის ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა, გვინდა ის რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს, არჩევანი საქართველოსთვის ეს არის, ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან რუსეთი და ჩვენ ვიცით რა გვინდა". -თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საუბარია ბორდერიზაციის გზით ადამიანის უფლებების უხეშ და მასშტაბურ დარღვევაზე. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მათ შორის დასახელებულია სიცოცხლისა და საკუთრების უფლება.

უფრო კონკრეტულად კი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მეოთხე სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ადმინისტრაციული საზღვრების „ბორდერიზაციას“.

პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (საჩივარი №39611/18) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას: მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 ( არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 §1 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), 1-ლი ოქმის 1 (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მეორე მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).

2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც დაიწყო 2009 წელს და ცნობილია როგორც "ბორდერიზაცია", რომელიც ხალხს უკრძალავს ადმინისტრაციული საზღვრების თავისუფლად გადაკვეთას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ქართულ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.

ვითარებას მოიხსენიებენ, როგორც „2008 წლის აგვისტოს, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობას“. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ადამიანები მოკლეს აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში შესვლის ან გასვლის მცდელობისას, ხოლო სხვები დააკავეს, დააპატიმრეს და/ან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ ადმინისტრაციული საზღვრის „არალეგალურად გადაკვეთისთვის“. ხალხს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი მიწათმოქმედებისთვის იყენებდნენ, ოჯახები ერთმანეთისგან დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ არჩევანი გაეკეთებინათ რუსულ ენაზე სწავლასა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში სასიარულოდ, გრძელი და სახიფათო გზის გავლას შორის.

სასამართლომ დაადგინა, რომ მას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის რეპორტაჟები და საერთაშორისო მასალები, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა დაასკვნას, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო იზოლირებული შემთხვევები, არამედ საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული შემთხვევები იყო, რომელიც საბოლოო ჯამში დარღვევათა ტენდენციას ან სისტემას წარმოადგენს. უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტური გამოძიების აშკარა ნაკლებობა და ყველა ამ პირთა მიმართ ზომების ზოგადი გამოყენება მოწმობს, რომ რუსეთის ხელისუფლება ასეთი პრაქტიკების მიმართ ოფიციალურ შემწყნარებლობას ავლენს.

დეტალებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში 15:00 საათზე მედიისთვის განცხადება გაკეთდება.

პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალთან  იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.