... ... hotnews.ge - პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე შს სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას,"საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით", სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.
ახალგაზრდებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და აკადემიის რექტორი, ვახტანგ გაბრიჭიძე შეხვდნენ.
ალექსანდრე დარახველიძემ სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე აქტუალური საკითხები მიმოიხილა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზდრებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.
სტუდენტები ასევე, დეტალურად გაეცნენ აკადემიის საქმიანობას და იქ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში დღეს „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში დღეს პარტიულ აქტივს შეხვდება. შეხვედრა 13:00 საათზე გაიმართება.

პარტიის თავმჯდომარესთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და აქტივს პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შეხვდებიან.

შეხვედრას ასევე, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, პარმენ მარგველიძე დაესწრება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

 

სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ხელს შევუწყობ ფეხბურთელების წინსვლას - კახა კალაძე

ყველა გზას და კავშირს გამოვიყენებ, რომ ჩვენი ქართველი ფეხბურთელები იყვნენ წარმატებულები, თამაშობდნენ მაგარ გუნდებში, რადგან მათი წარმატება და გამარჯვება პირადად ჩემი გამარჯვება და ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კახა კალაძემ ცილისმწამებლური და აბსურდული უწოდა პარტია „ახალი“-ს ლიდერის, ნიკა გვარამიას ბრალდებას, თითქოს საქართველოს ნაკრებში ადამიანები თბილისის მერის დამსახურებით ხვდებიან, რაც ყოვლისმომცველი კორუფციაა.

„მე დღეს ვთქვი, რომ გიორგი ქოჩორაშვილის ნაკრებში თამაშში პატარა წვლილი მეც მიმიძღვის. გიორგის ვაკვირდებოდით „ლევანტედან“, მაშინ, როდესაც ძალიან ცოტა თამაშს თამაშობდა და ვამბობდით, რომ ის იქნებოდა ერთ-ერთი გამორჩეული, უნიჭიერესი ფეხბურთელი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის. აღარ გავაგრძელებ და დეტალებში არ შევალ. დღეს გამოვიდა ნიკა გვარამია და თქვა, რომ სუფთა კორუფციაა, რომ კახა კალაძე რეკომენდაციას უწევს ვინმეს, ნაკრებში მოხვდესო. დახმარებას, ხელშეწყობას უწოდა ქართული ფეხბურთის სფეროში არსებული კორუფცია. თუ ვინ არის ნიკა გვარამია, ამის ახსნას არ დავიწყებ, რაც არ უნდა სახელი შეიცვალოს, გინდა, „ახალი“ ან „ოქრო“ დაირქვას, ყველამ ვიცით, ვინ იყო პროკურორი ნიკა გვარამია. რა სიბინძურით, რა ბოროტებით და ცილისწამებით იყო დაკავებული მის გუნდთან ერთად, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ერქვა. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ეცადოს, ვერ ჩამოირეცხავს იმ სიბინძურეს, რაც აკეთა. დღესაც იმავეს აგრძელებს. მე მახსოვს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისეთი რაღაცები იკადრა. საოცარი ისაა, რომ დღეს ეს ადამიანები ერთად არიან და ერთ რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ.

მას სპორტის საერთოდ არაფერი გაეგება და არც სიყვარული გააჩნია სპორტის მიმართ. გვარამიაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ის არის ერთ-ერთი წარმომადგენელი იმ ძალის, რომელიც ებრძვის მშვიდობას, ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ებრძვის წარმატებულ ადამიანებს.

მე, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ხელს შევუწყობ ფეხბურთელების წინსვლას, განვითარებას, თუკი რაიმე კავშირები, შესაძლებლობები გამაჩნია, მეგობრობა - ყველაფერს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთი იყოს წარმატებული, ჩვენი ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ მაგარ გუნდებში და იყვნენ წარმატებულები, რადგან, მათი წარმატება და გამარჯვება პირადად ჩემი გამარჯვება და ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა და რა თქმა უნდა, მათ ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სახელმწიფოს მხრიდან სპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ამ მხარდაჭერის შედეგი მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.

„ის გამარჯვებები და წარმატებები შემთხვევით არ მოსულა არც ფეხბურთში და არც სპორტის ნებისმიერ სახეობაში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს. ეს უშუალოდ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. გარკვეულწილად ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგიცაა, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები. რადიკალური ოპოზიცია როდესაც ხელისუფლებაში იყო, დაკავებული გახლდათ სპორტული მოედნების გასხვისებით, რის გამოც მუნიციპალიტეტი დღესაც ბიუჯეტის თანხებს იხდის, რომ დაიბრუნოს ის არეალები და შემდეგ იქ სპორტული მოედნები გაკეთდეს. ქართულ ფეხბურთს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება მხარდაჭერა, თანადგომა. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. ეს არის სიმართლე და რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მივიღე გადაწყვეტილება, შევიწყალო ლაზარე გრიგორიადისი - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

"ტვ პირველის" ეთერში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს.

„მე დღეს გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე დილით, 10:00 საათზე, არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაიწერს ქულებს, არც მუქარებს. ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, რადგან არის პროცედურები. მაგრამ გადაწყვეტილება იყო უკვე მიღებული ყველანაირი აზრის გარეშე. ვიდრე არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს ვერ გადავწყვეტდი.
ახლა იქნება მცდელობა, რომ მთავარსარდალი და პოლიცია და ეს დაპირისპირება. მინდა პოლიციას ვუთხრა, რომ ეს არანაირი წაქეზება არ არის. აქ არ არის ის მტკიცებულებები, რომ ასეთი რამეები ასე მოხდა. იმ პერიოდში, სადაც ჩვენ ახლა შევდივართ, პოლიციის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
 

 

პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა - გერმანიის პრეზიდენტის ოფისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბელვიუს სასახლეში. გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა დღეს საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიიღო და მასთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა. პრემიერ-მინისტრმა განათლება დიუსელდორფში მიიღო და გერმანულად თავისუფლად საუბრობს”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი. თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, რომ იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის - პრემიერი

როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რაც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სახელწოდებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია.

„გამჭვირვალობის კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია იწოდება უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რაც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. როდესაც ვიღაც გაურბის ფაქტის კონსტატაციას, ეს არის თავისთავად დამაფიქრებელი, რაზეც საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რატომ გაურბის ვირაც ფაქტის კონსტატაციას. არა სახელის მინიჭებას, არამედ ფაქტის კონსტატაციას. ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი. თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, რომ იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის“, - განაცხადა პრემიერმა.

კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, ასეთ პირობებში ყველა ყველაფერს სწორად გაიგებს - პრემიერი

მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არის ძალიან მანკიერი გამოვლინებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ასახვა.

„რაც შეეხება კანონს გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია ბატონ კანცლერთან. მე განვუმარტე მას ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას. გვქონდა საუბარი ამ ყველაფრის მიზეზებზე, მათ შორის, განვმარტეთ ისიც, თუ რამ განაპირობა კონკრეტულად ამ დროს ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება. ეს არის ის, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან, ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა რეალურად ეს არ შესრულდა. არის ძალიან მანკიერი გამოვლინებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ასახვა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მე განვმარტე ძალიან  მკაფიოდ ისიც, რომ ძალიან მოკლეა ეს კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული და ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ ყოველწლიური ანგარიშის დეკლარირება, მეტი არაფერი. რა შეიძლება იყოს ამაში პრობლემური დემოკრატიისთვის, ეს არის გაუგებარი, პირიქით, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგები ექნება ამ ყველაფერს დემოკრატიისთვის. 
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელება, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს განხილული სათანადო მსჯელობის, ღია მსჯელობის პირობებში. თქვენ გახსოვთ შარშან ყველანაირად არიდებდნენ თავს დისკუსიას გამომდინარე იქიდან, რომ შარშანაც მიაჩნდათ,  შინაარსი იყო ჩვენი ველი. ჩვენ შინაარსობრივად ვართ მყარად, ამ კანონის შინაარსის თვალსაზრისით არის ყველაფერი გამართულად. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის ძალიან ღია დისკუსია ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ნუ გაურბიან დისკუსიას. 

რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ეს არ არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც ეს კანონი იყოს 6-გვერდიანი თავისი მოცულობით. ეს არის ბიუროკრატიის ამოცანა. ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება წესრიგში და ყველა ყველაფერს სწორად გაიგებს“, -  განაცხადა პრემიერმა.

იმედი მაქვს, კანცლერის სამსახური გაერკვევა, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად - პრემიერი

მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები“, ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები - „აგენტების კანონი“, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პასუხს მოთხოვენ კანცლერის სიტყვების გაყალბებისთვის.

„როდესაც მე ვსაუბრობდი ოფიციალურ პოზიციაზე, მაშინ ვახსენე, რომ ბიუროკრატიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა, რომ მაგალითად კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მოხდა. ამის გაგრძელება, რაც მოხდა თარჯიმანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები“, ბოროტად გამოიყენა ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები - „აგენტების კანონი“, მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო. აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი, მთავარი პრობლემა არის ბიუროკრატიაში. მე იმედი მაქვს, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ასევე მოთხოვენ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დისკუსიებში მზად ვარ პირადად ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები - ირაკლი კობახიძე

ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ დისკუსიებში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის მზად არის, პირადად დაარწმუნოს ოპონენტები, რადგან აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციები მყარია.

„ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები.  პირადად ვარ მზად, ნებისმიერს დავუჯდე, რატომ, იმიტომ, რომ ძალიან მყარია ჩვენი პოზიციები. ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ კანონი მხოლოდდამხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ. აქ საუბარია საზოგადოების წინაშე არსებულ რისკებზე. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წლის ბოლოს, როდესაც გვქონდა რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ მცდელობაში  პირდაპირ იყვნენ გარეულნი დამიანები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ბევრი სხვა რამ გააყალბეს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ საზოგადოებისთვის ასეთი ნეგატიური სცენარები, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამისთვისაც არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, იმისათვის, რომ ყველამ იმუშაოს გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად. გამჭვირვალობა არის კეთილსინდისიერების არა მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი პირობა. სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ იყო გამჭვირვალობა, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა იკადრეს და გააყალბეს მაგალითად „პივიტი“ ან გააყალბეს სხვა მონაცემები. სადაც იქნება გამჭვირვალობა, იქ იქნება ნაკლები ცდუნება გაყალბების კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და დინამიკაც ძალიან პოზიტიურია, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე - პრემიერი

ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  მთავარი ამოცანაა, რომ შენარჩუნდეს და  კიდევ უფრო გაძლიერდეს ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის.

„ჩვენ დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში. გვქონდა 3 არაჩვეულებრივი შეხვედრა კანცლერთან, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ასევე, გერმანიის პრეზიდენტთან. სამივე შემთხვევაში საუბარი გვქონდა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ორმხრვი ურთიერთობებზე. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ შევეხეთ თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ  განათლებისა და კულტურის სფეროში, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე“, -  განაცხადა პრემიერმა.

ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი, გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი - პრემიერი

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  ყველამ უნდა წაიკითხოს „გამჭვირვალობის კანონი“, რადგან ერთადერთი, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.

„ჩემი პასუხი დაფუძნებული იყო სიმართლეზე, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი, კანონის შინაარსი არის ჩვენს მხარეს - რატომ? იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. რა შეიძლება, იყოს ცუდი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტში, აბსოლუტურად გაუგებარია. რა არის კარგი - ეს უნდა იყოს ყველასთვის ასევე აბსოლუტურად გასაგები. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ ამ კანონში. თუ გვეტყვიან, კი ბატონო, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრარგუმენტები, ამ შემთხვევაში ბოლომდე იქნება მიღებული კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერის როლი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  ხელისუფლება ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია და უახლოეს მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ამ პროცესში გერმანიის თანადგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გერმანიის ხელისუფლების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.