... ... hotnews.ge - კრიმინალი

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა-დაშავებულია 3 პირი

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა - ინფორმაციას gurianews ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 26 მარტს მოხდა. 

მათივე ცნობით,  ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება - უცხო ქვეყნის მოქალაქეს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 36,4801 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინს“ და 145,807 გრ. „მდმა“-ს, საიდანაც 0,6245 გრ. „მეტამფეტამინი“ და 1,9208 გრ. „მდმა“ მოქალაქეზე გაასაღა.

ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 143,8862 გრ. „მდმა“ და 35,8556 გრ. „მეტამფეტამინი“. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 29 ივნისს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა) და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - ნათქვამია განცხადებაში.

 

ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც სკოლის დირექტორი დაჭრა და მოსწავლეს სცემა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს. მას ბრალად ედება სკოლის დირექტორისა და მოსწავლის დაჭრა. როგორც მედია წერს, დაკავებული სკოლაში შეიჭრა და ჯერ დირექტორი დაჭრა, ხოლო შემდეგ ნიგერიელ მოსწავლეს ჩაქუჩით სცემა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავდამსხმელ დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის მოტივად შურისძიება სახელდება. როგორც მედია წერს, თავდამსხმელის ძმასა და ნიგერიელ მოსწავლეს შორის კონფლიქტი იყო.  

ჭიათურაში, მეწარმეს სისტემატურად სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდნენ - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.კ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს - შ.გ.-ს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის მარტის თვეში მეწარმეს კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ შ.გ.-ს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება მოახდინა.
გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

{youtube}https://https://www.youtube.com/watch?v=IyRgxkZapsE{/youtube}

ნიდერლანდების მოქალაქეს 128 424 ევრო გადმოარიცხინეს - პროკურატურამ დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო

პროკურატურის განცხადებით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს. უწყება ამბობს, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო.

უწყება ამბობს, რომ ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საბანკო ანგარიშებზე თანხებს მოტყუებით არიცხინებდნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან კომუნიკაციას ამყარებდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა ცრუ და გამოგონილი საფუძვლით, დაზარალებულებს საბანკო ანგარიშებზე თანხებს მოტყუებით არიცხინებდნენ.

ბრალდებულები სოციალური ქსელით დაუკავშირდნენ მათ შორის ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს, რომელსაც 128 424 ევრო საქართველოში, მათთვის სანდო პირების საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად გადმოარიცხინეს, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ", - წერია განცხადებაში.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ზოომაღაზია გატეხეს

თბილისის ცენტრში, დოლიძის ქუჩაზე, გამთენიისას ზოომაღაზია გატეხეს. დაზიანებულია მაღაზიის შესავლელი კარი, ჩამსხვრეულია შუშები. თუმცა, მძარცველებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანები არიან, თანხის წაღება ვერ მოახერხეს. მათ სალარო ცარიელი დახვდათ.

41 წლის კაცს ბრალი დაუმძიმდა - ქალს წამების კვალი ეტყობა

28 წლის ქალის მკვლელობის მცდელობისთვის  დაკავებულს  15 წლით პატიმრობა ემუქრება -  უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ ბიჭიკო ბაჩილავას პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მუხლი დაუმძიმა. 

41 წლის კაცს  ახლა  მეზობლის მკვლელობის მცდელობას  ედავებიან - საქმეზე კვალიფიკაცია ქალის  სხეულზე აღმოჩენილი უმძიმესი  დაზიანებების გამო შეიცვალა  - 28 წლის ქალს სახე დასერილი აქვს, ნეკნები ჩატეხილი, სხეულზე კი ათობით ჭრილობა აქვს მიყენებული. 

ცნობისთვის, თბილისში, ვაზისუბანში 30 წლამდე ქალი  24 მარტს დაჭრეს. 

სამართალდამცავები გამოძიებას თავიდან სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებდნენ, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

გუშინ კი მთავარმა პროკურატურამ თქვა, რომ ბაჩილავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობლად მცხოვრებ ქალს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ფლორენციაში, 31 წლის ქართველი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ფლორენციაში, ნოვოლის რაიონში, ბინის გაძარცვის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ძარცვის მცდელობის დროს სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო. 31 წლის კაცი დაკავების დროს ჯერ კიდევ შენობის კიბეზე იმყოფებოდა. სახლში ნაპოვნია ვერცხლის ნივთებით სავსე ზურგჩანთა, რომელიც, სავარაუდოდ, მან დატოვა.

ფლორენციის სასამართლოს მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე ფლორენციის სოლიჩიანოს ციხეში გადაიყვანეს.

თბილისში 30 წლამდე ქალი დაჭრეს

თბილისში, ვაზისუბანში 30 წლამდე ქალს შუახნის კაცმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა დააკავეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.

ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, როგორც კლინიკის მორიგე ექიმი აცხადებს მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის სამედიცინო მკურნალობას გადის.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტები. მიმდინარეობს გამოძიება.

ფონიჭალაში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ახალგაზრდა ქალი დააკავეს

ფონიჭალაში ახალგაზრდა ქალმა მეგობარი მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, თბილისში, ფონიჭალაში მოხდა. დანაშაულში ბრალდებული ქალი პოლიციამ უკვე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.