... ... hotnews.ge - კრიმინალი

ლარსიდან და სადახლოდან 53 010 000 არადეკლარირებული რუსული რუბლი შემოჰქონდათ - შემოსავლების სამასახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 18 მარტიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი” და ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 53 010 000 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 546 510 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქე მ.ტ.- სანქციის სახით, 14 729.4 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდა, ხოლო 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, საქონლის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრა." ნათქვამია შემოსავლების განცხადებაში.

 

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, მეუღლე - 1987 წელს დაბადებულ მ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
 
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ნ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა.
 
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
 
{youtube}https://www.youtube.com/watch?v=3xFVvYUx500{/youtube}

 

პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიას მიმართა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.

როგორც უწყებაში „იმედს” განუცხადეს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით”, - აცხადებენ პროკურატურაში.

ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია პატიმრების წამების, ბუტა რობაქიძის მკვლელობის, კობა დავითაშვილის ცემის და სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამ წუთებში ჰააგაშია.

მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა - დააკავეს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მუქარის ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი (ი.მ.) დააკავეს.

როგორც უწყება წერს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 თებერვალს, ბრალდებული აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მეუღლესთან უთანხმოება მოუხდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული კვლავ აგრძელებდა მეუღლის მიმართ მუქარას. მიმდინარე წლის მარტში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, იგი მეუღლეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა როგორც უშუალოდ, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებით.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა. სამხედრო პოლიციელს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს," - ნათქვამია განცხადებაში.

 

სამტრედიაში ქალმა ქმარი მოკლა

სამტრედიაში კაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი ცოლმა მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმე - სასამართლომ კიდევ ორი პირი დამნაშვედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე, სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო:

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულების თანდასწრებით, ერთმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ აყვანილი 4 მოზარდი, „ბანანის“ მკვეთრი მოძრაობის შედეგად, შუა ზღვაში გადმოაგდო. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. აღნიშნულის შედეგად, ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო.

ბრალდებულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 2023 წლის 28 დეკემბერს ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. არასრულწლოვან პირს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო მეორე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 27 მარტს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა." აცხადებს პროკურატურა.

ცნობისთვის, არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს გასულ კვირას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

19 წლის ქართველს, რომელმაც ათენის სკოლაში მოსწავლე და დირექტორი დაჭრა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

19 წლის ქართველს, რომელმაც ათენის კიფსელის საჯარო სკოლაში მოსწავლე და დირექტორი დაჭრა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 ბერძნული მედიის ცნობით,  დანაშაულის მოტივი ბრალდებულის უმცროსი ძმის თანასკოლელთან კონფლიქტი გახდა. 

"თავში დამარტყა, საკლასო ოთახში და შემდეგ გარეთ,  კიბესთან... მან დირექტორიც დაჭრა. თავდამსხმელის ძმა ჩემი კლასელი არ არის, ის სხვა კლასში სწავლობს.." - აცხადეს დაშავებული არასრულწლოვანი.

დაკავებული ქართველი დუმილის უფლებას იყენებს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა სკოლის დირექტორი დანით დაჭრა, ხოლო მოსწავლეს ჩაქუჩი დაარტყა.

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით), 11 პრიმა 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ იძულება) და 11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ. დააკავა.

ბათუმში, საკეისრო კვეთის შედეგად, 31 წლის ქალი დაიღუპა - დაწყებულია გამოძიება

უბედური შემთხვევა თუ ექიმების დაუდევრობა? - ბათუმის კლინიკა BMS-ში 31 ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ქირურგიული ჩარევისას კი მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.

ოჯახი ყვება, რომ მშობიარე ქალის ადგილზე მკურნალობა ვერ მოახერხეს და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კლინიკა "ბაუში" გადაამისამართეს. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ოჯახი მედიკოსების დაუდევრობაზე საუბრობს. 

"ჯანმრთელი ქალი მივიყვანე და მკვდარი გამომატანეს. კლინიკა BMS-ში პასუხი ვერ მითხრეს, თუ რა გააკეთეს ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივედით. გაუკეთდა ოპერაცია. უყურადღებობა, პირველ რიგში, შემდეგ დაიწყო სისხლდენა და ვერ შეუჩერეს. ორი ექიმი იყო, ერთი ვაჟა ექიმი იყო, მეორე დალი ირემაძე. უნდა დაისაჯონ. პასუხები მჭირდება, თუ რა მოხდა," - ამბობს გარდაცვლილი ქალის მეუღლე.

ცნობისთვის, კლინიკა "ბაუში" აცხადებენ, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. რაც შეეხება კლინიკა BMS-ს, მათ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ექიმების კორუფციის უპრეცედენტო სკანდალი - დაკავებულ მედიკოსთა ნაწილი ბრალს ეთანხმება

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მედიკოსთა ნაწილი ბრალს ეთანხმება. სასწრაფო დახმარების ცენტრის სამი ყოფილი თანამშრომლიდან ორი ამბობს, რომ დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს, ანუ აღიარეს რომ წინასწარ გარიგებით მძიმე პაციენტებს "ვიანის" ანუ იგივე "ევექსის" კლინიკებში გადაჰყავდათ.

"პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ ხმაურიან დაკავებამდე გამოძიება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, იმ პერიოდში, როდესაც ზურაბ აზარაშვილის ჯერ კიდევ ჯანდაცვი მინისტრი იყო, ამიტომ უცნობია, როგორ გამორჩა მინისტრს ქრთამის აღების კორუფციული სქემა.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ჯერ კიდევ 8 თვის წინ გამოიკითხნენ და მათ მიაწოდეს გამოძიებას ინფორმაცია. ისინი ბრალის დადგენილებას ეთანხმებიან.

ჩემი დასაცავი პირები გამოკითხულები არიან ჯერ კიდევ 8 თვის წინ. ისინი პირველივე მომენტიდან თანამშრომლობენ გამოძიებასთან და აძლევენ აბსოლუტურად სრულყოფილ ინფორმაციას. ისინი ეთანხმებიან გამოძიებაში მიცემულ იმ ინფორმაციას, რაც 8 თვის წინ მიაწოდეს გამოძიებას. გამოძიება შარშან, თებერვალში დაიწყო. ჩვენი პოზიციაა მათი თავისუფლებაში დატოვება, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღკვეთი ღონისძიების შერჩევის საფუძველზე. 

ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს ქალი, რომელიც ჰოსპიტალიაციის ცვლის უფროსი  იყო და სავარაუდოდ, მთელი დანაშაულებრივი ქსელი ააწყო, რომლის საშლებითაც, ქრთამის სახით მედიკოსებმა ჯამში ნახევარ მილიონ ლარამდე მიიღეს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებით, ბრალდებაში ბევრი შეუსაბამობაა ფაქტებთან. მას რაიმე სახის ჩარევა პროგრამაში ან ნებისმიერ პროცესში  რაც გამოიწვევდა პაციენტების რომელიმე კლინიკაში გადამისამართებას, ასეთ პროესში მას მონაწილეობა არ მიუღია და არ განუხორციელებია. აქედან გამომდინარეობს მისი პრეტენზიაც და სწორედ ამიტომა, ამ ეტაპზე არ აღიარებს დანაშაულს", - აცხადებს ადვოკატი.

დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში იმსჯელებს. 

გარდა სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელებისა, კიდევ დაკავებულია ორი პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, დასაქმებულები იყვნენ "ევექსისი" კლინიკაში.

ექიმების კორუფციის უპრეცენდენტო სკანდალი - სუსმა აზარაშვილის მინისტრობის დროინდელი დანაშაული გახსნა. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული არიან სასწრაფო დახმარების ექიმები, ქრთამის გაცემის ფაქტზე კი კომპანია "ვიანის", იგივე "ევექსის" ორი თანამშრომელი. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშუალებრივი გარიგების შედეგად ქვეყანაში მძიმე პაციენტებით ვაჭრობა მიდიოდა.    

საქმის მასალებით კომპანია "ვიანი" იხდიდა ქრთამს, რომ სასწრაფოს პაციენტები არა უახლოეს კლინიკაში, არამედ მათ დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო ცენტრებში გადაეყვანათ. სასწრაფოს ცვლის უფროსებს კი წინასაწარ ჰქონდათ მისამართები გადაგზავნილი და სწორედ მათი მითითებით გადაჰყავდა ბრიგადას პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო ცენტრში. ასეთი მასშტაბის სქემა ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში ისე მოქმედებდა, რომ ამ დრომდე ვერავინ ვერაფერი გაიგო. 

 

წყარო:ტვ პირველი 

ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაცია დილიდან განახლდა - მაშველები 50-წლამდე კაცს ამ დრომდე ეძებენ

ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაცია დილიდან განახლდა - უკვე მესამე დღეა, მაშველები 50-წლამდე მამაკაცს ეძებენ, რომელიც ზვავმა მოიყოლა და გაუჩინდარდა.

დიტო გოგოლაძის კვალი ოთო-ოშორის გზასთან იკარგება. არსებული ცნობებით, კაცი მეგობრებთან ერთად თოვლმავალით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მთას თოვლის მასა მოწყდა და შიგნით მოიყოლა.

სამძებრო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო, ხოლო მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებიან.

პროკურატურამ "სასწრაფო დახმარების საქმეზე" 5 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ყოფილ სამ მენეჯერს და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ორ წარმომადგენელს შორის კორუფციული გარიგება შედგა. გარიგების თანახმად, ბრალდებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, პაციენტების არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას, არამედ მათ აღნიშნული სამედიცინო კორპორაციის კლინიკებში გადაყვანას უზრუნველყოფდნენ.

„აღნიშნული კორუფციული სქემით, 2020-2023 წლებში, ხსენებული სამედიცინო კორპორაციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერებს საბანკო ანგარიშზე 500 000 ლარზე მეტი ჩაერიცხათ, რაც ერთმანეთში გადაინაწილეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტს, სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ თანამშრომელს, ბრალდება 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმციაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.