... ... hotnews.ge - კრიმინალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ე.ა. თბილისში დააკავეს.პატრულ-ინსპექტორებმა ე.ა.-ს ავტომობილით მოძრაობისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი: 2002 წელს დაბადებული რ.შ. და 1984 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 9 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ს.მ., 1995 წელს დაბადებული რ.ი. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 16 ვაზნა ამოიღეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი - 1987 წელს დაბადებული რ.ვ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 105 ვაზნა, 2 მჭიდი და ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს, ხოლო 1992 წელს დაბადებული პირი ამხილეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის 2 პისტოლეტი და 9 ვაზნა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.რ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 პირი: 1973 წელს დაბადებული გ.თ. და 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. დააკავეს.ბრალდებულების ავტომობილის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 73 ვაზნა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ამოიღეს.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული რ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ე.წ. აბრეზი და 19 ვაზნა ამოიღეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

“სილქნეტის” ბაზიდან 5000 აბონენტის მონაცემის მოპარვის ფაქტზე 23 წლის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა.
ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

პროკურატურამ ზურა მახარაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა

ძალადობრივი, პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერს, ზურა მახარაძეს და მათ კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

საქმე 23 მარტს ზუგდიდში მომხდარ ძალადობას ეხება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე გ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ოპერაში ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვეს

ოპერა ყოველთვის იყო ის ადგილი, სადაც შემთხვევითი ადამიანი იშვიათად მოხვდებოდა. ოპერა ან გიყვარს, ან არა და თუ არ გიყვარს, უბრალოდ, ვერ დაჯდები და ვერ მოუსმენ. ვიღაცისთვის ოპერა საოცრება, ცხოვრება და ოპერის თეატრში წასვლა ცალკე ხელოვნებაა. საოპერო კაბები, თავსაბურავები, ჩანთებიც კი განსაკუთრებულია. ალალად გეტყვით, ორჯერ ვარ ოპერაში ნამყოფი, ორივეჯერ იმიტომ, რომ ბილეთები გვაჩუქა მეგობარმა და იმის მიუხედავად, რომ თურმე საოცარი რამ ვნახეთ, ვერ აღვიქვი, ვერ მივხვდი, რა და რატომ უნდა მომწონებოდა.

 

70-იანი წლების გარიჟრაჟზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის ლოჟაში, ახალგაზრდა ქალის გვამი დამლაგებელმა იპოვა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა და ექსპერტებმა შვებით ამოისუნთქეს - გვამს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა და ყველაფერი ძალიან ჰგავდა ბუნებრივ სიკვდილს. გამოითქვა ვარაუდი, რომ გოგონას გულის პრობლემები ჰქონდა და სწორედ ამის გამო გარდაიცვალა. ვარაუდის მიუხედავად, აუცილებელი იყო ექსპერტიზა და გვამი პროზექტურაში გადაასვენეს. მანამდე კი, სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ გარდაცვლილი სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, ოპერას ხშირად სტუმრობდა, ძირითადად, მეგობართან ერთად. ის მეგობარი მის ჯგუფში სწავლობდა, ბინაც ერთად ჰქონდათ ნაქირავები, უფრო ზუსტად, დიასახლისთან ერთად. როცა გოგონას გარდაცვალების შესახებ დიასახლისმა შეიტყო, სახე ჩამოიხოკა, როგორი ნიჭიერი ადამიანი დავკარგეთო და მეგობარმაც ცრემლები წამოყარა, სამი წელია, ერთად ვცხოვრობდით, მის გარეშე, რა მეშველებაო. ჰოდა, სწორედ იმ დროს, როცა ყველა შეეგუა გოგონას ბუნებრივ სიკვდილს, პათანატომმა დასკვნა დადო: „გარდაცვალების მიზეზი „დიტილინის“ გადაჭარბებული დოზაა. გოგონას ნემსი მკლავზე, იდაყვის კუთხესთან გაუკეთეს და გაუკეთეს უშუალოდ ოპერაში, ლოჟაში, რადგან სიკვდილი ინექციიდან 15 წუთში დადგა“...

ამ დასკვნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. გამოდიოდა, გოგონა ვიღაცამ შეგნებულად მოკლა და რაც მთავარია, მოკლა ადამიანმა, რომელიც სამედიცინო სფეროში კარგად ერკვეოდა. რა თქმა უნდა, ეჭვი მეგობარზე მიიტანეს, რომელიც იმ დღეს, გარდაცვლილს ოპერაში ახლდა და რაც მთავარია, იქაურობა ზუსტად 15 წუთით ადრე დატოვა. თანაც, ის სამედიცინოს სტუდენტი იყო და ზუსტად იცოდა, რისი გამოწვევა შეეძლო „დიტილინის“ გადაჭარბებულ დოზას.

გოგონა დაკითხვაზე გადაიყვანეს და მან გაოცებისგან პირი დააღო, რას ამბობთ, ოპერაში მისი ხათრით წავედი, უბრალოდ, ბოლომდე ვეღარ გავძელი და იქაურობა მალე იმიტომ დავტოვე, მომღერლები ძალიან კიოდნენ და აღარ შემეძლოო. მეგობარმა ისიც თქვა, ჩემს გარდა, ლოჟაში, სადაც ვისხედით, კიდევ სამი ქალი იყო და ეგებ, რომელიმე მათგანმა გაუკეთა ინექცია, მით უმეტეს, მას რომ ერთი ქალი ემუქრებოდა, ზუსტად ვიცოდი და ის ქალი ჩვენი ლექტორის ცოლიაო.

სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ გარდაცვლილს ახლო ურთიერთობა ერთ-ერთ ლექტორთან ჰქონდა, მისი ცოლიც ინსტიტუტში მუშაობდა და მოარული ხმების შესახებ იცოდა, თუმცა იმ დღისთვის ქალს უტყუარი ალიბი ჰქონდა - ნათესავის გასვენებაში, დასავლეთ საქართველოსი იმყოფებოდა და ამას 300-მდე ადამიანი დაამოწმებდა, თუმცა ქალი არ მალავდა, რომ „თავხედი სტუდენტის“ გარდაცვალების გამო, გული არ დასწყდა. გამომძიებლებმა ლექტორიც დაჰკითხეს. სტატია სრულად იხილეთ აქ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ ფინანსურ დირექტორს და ამავე კლინიკის თანამშრომლებს 6-6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით,  სასამართლოს გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს და ინდივიდუალურ მეწარმეს სასჯელის სახედ და ზომად - 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კომპანიის დირექტორს - 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა განესაზღვრათ.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უფლებამოსილების გადამეტების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ინდივიდუალური მეწარმე და კომპანიის დირექტორი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020-2021 წლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, კლინიკაში 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ხელშეკრულები გააფორმეს. ბრალდებულებმა  „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი ინსპექტირების, მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლის საფუძველზეც, სახელმწიფოს კუთვნილ 143 846 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ და სცადეს დარჩენილი 436 921 ლარის დაუფლება.    

ასევე დადგინდა, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და შპს „ნიუმშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო  კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საიდანაც ბრალდებულები სახელმწიფოს კუთვნილ 78 032 ლარს დაეუფლნენ  და დარჩენილი 90 568 ლარის დაუფლება სცადეს.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების ფაქტებზე. ასევე, ,,საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს და ინდივიდუალურ მეწარმეს სასჯელის სახედ და ზომად - 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კომპანიის დირექტორს - ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით განესაზღვრათ" აცხადებს პროკურატურა.

 

ორი წლის გოგონა, რომელიც პარაცეტამოლმა მოწამლა, გარდაიცვალა

2 წლის გოგონა, რომელიც რესპირატორულ ვირუსულ დაავადებას ებრძოდა, შინ მკურნალობის დროს გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, მშობლები მას ორი დღის განმავლობაში პარაცეტამოლის ჭარბ დოზას აძლევდნენ, რამაც ღვიძლი დაუზიანა. ამის შესახებ ინფორმაცია ბურიატიის რეგიონალური ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა.

„ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მაგრამ ბავშვი ღვიძლის დაზიანებით გარდაიცვალა, სხეულმა გართულებებს ვერ გაუძლო“, - ნათქვამია უწყების ანგარიშში.

ექიმები ბავშვისთვის ღვიძლის გადანერგვას გეგმავდნენ, მაგრამ ოპერაცია სხეულმა ვერ გადაიტანა.

ზაკამენსკის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს პრესსამსახურმა 20 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი წლის ბავშვი პარაცეტამოლით მოიწამლა. ის "უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში" 17-18 მარტის ღამეს სასწრაფო დახმარების სპეციალური რეისით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„გამოკვლევამღვიძლის ფუნქციის ტესტებში კრიტიკული ცვლილებები გამოავლინა. ღვიძლი მთლიანად განადგურდა ჩვენს თვალწინ“, - განმარტეს სამედიცინო დაწესებულებაში.

მიზეზი პარაცეტამოლის ჭარბი დოზა იყო. ვირუსით დაავადებული ბავშვი მიიღო თითო კილოგრამ წონაზე 200 მგ პრეპარატს ორი დღის განმავლობაში იღებდა, რაც რამდენჯერმე აღემატება ბავშვებისთვის დასაშვებ მაქსიმალურ დოზას.

წყარო:mshoblebi.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს.
„ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული კ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.შ., 1975 წელს დაბადებული რ.მ. (მეტსახელად „ლოლო“), 1990 წელს დაბადებული ბ.ს., 1964 წელს დაბადებული კ.ბ., 1974 წელს დაბადებული მ.ყ. (მეტსახელად „ყურშა“), 1991 წელს დაბადებული თ.ჩ. (მეტსახელად „თაზო“) და 1987 წელს დაბადებული ი.კ.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და თ.ჩ.-ს შორის, სამშენებლო ბიზნესიდან გამომდინარე ფინანსური დავა წარმოიშვა. სადაო თანხა შეადგენდა 130 000 ლარს. ამავე, კომპანიაში დასაქმებულმა 1964 წელს დაბადებულმა კ.ბ.-მ დახმარება აღუთქვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ფულის „ქურდული“ წესით ამოღების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა, მათ შორის თავის შვილს - 1989 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს.
თავის მხრივ, თ.ჩ.-მ, დასახმარებლად ასევე, კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, საქმის კურსში ჩააყენეს „კანონიერი ქურდები“ - ნიკა გითოლენდია და ნოდარ შუკაკიძე. ამის შემდგომ „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შს მინისტრის მოადგილე შშმ პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ხელმძღვანელმა - დუშან ქერინმა გახსნეს.
მინისტრის მოადგილემ შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს გააცნო სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები და ხაზი გაუსვა საბჭოს ჩართულობის მნიშვნელობას სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო აქტივობების განხილვას.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.

შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა

შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს, ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

ცნობისთვის, სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გასულ, 2023 წელს 24 ქალი მოკლეს. 

კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის 2,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

 ქალაქ ახმეტაში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობაში ჰქონდა დამონტაჟებული.

უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის 2,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი (დაჭრილი მერქანი).

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა", - წერია განცხადებაში 

თბილისში, მიკროავტობუსი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, გორგასლის ქუჩაზე. მიკროავტობუსი და BMW-ს ტიპის მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. ცნობილია, რომ მანქანის მძღოლი მძიმედ, მიკროავტობუსის მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულს თელავის სასამართლომ 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე, ერთი პირი დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს „ბუპრენორფინს“ და „გამომშრალ მარიხუანას“. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ნაწილი მან თბილისში გაასაღა. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი (3 ეპიზოდი) და მე-4 ნაწილებით (2 ეპიზოდი) (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს," - წერია განცხადებაში.