... ... hotnews.ge - კრიმინალი

თბილისში, ერთ-ერთი პიცერიიდან აღებულ ქათმის ფილეს ნიმუშში სალმონელოზი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა. უწყება ამბობს, რომ პიცერია "TASHIR PIZZA GEORGIA"-ში, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. 

ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.

დადგინდა, რომ პიცერიას ქათმის გაყინული ფილე შპს "სიფუდ გრუპ თელავმა" მიაწოდა.

"სააგენტომ შპს "TASHIR PIZZA GEORGIA"-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს "სიფუდ გრუპ თელავს" აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი", - წერია განცხადებაში.

სააგეტო ამბობს, რომ შპს "სიფუდ გრუპ თელავიდან" აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები და ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად", - აცხადებს უწყება.

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.

ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და 550 აშშ დოლარად გაასაღა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სახელით გაცემული ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა და ყალბი ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ", - წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა ავტომანქანის მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

 

ფოთში მანქანა გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა - არის მსხვერპლი

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. 

ცნობილია, რომ დაღუპული სავალდებულო სამსახურს შავნაბადას ბაზაზე იხდიდა.

 

"მთავარი არხი"

„ფორმულას“ ჟურნალისტს მეტროში თავს დაესხნენ

ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, მათ ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ. 

მედიის ცნობით, კაცი ჟურნალისტს ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერი შეურაცხყოფას. 

ია სართანია ამბობს, რომ კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიური ლექსიკით მიმართავდა. 

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დირბის მიმდებარედ ორი ადამიანი გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

"აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას," - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

სუს-ის თქმით, შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისიძიებებს," - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ქობულეთში ავტომობილი მდინარეში გადავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

"აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც გამოცემა წერს, სოფელ ლეღვაში, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. ადგილობრივთა თქმით, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ახალი ნიშნულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - სოფელ დვანთან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ

ახალი ნიშნულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ.

ისინი საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული პერიოდულობით, სხვადასხვა ტიპის უკანონო ინსტალაციის მონტაჟს ახორციელებენ. თითოეული მსგავსი ფაქტი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაგირების ობიექტია. როგორც "კურიერს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ინციდენტის დაფიქსირებისთანავე, უწყებამ ევროკავშირის მიერ ოპერირებული ე.წ. ცხელი ხაზი გაააქტიურა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს აცნობა.

აღნიშნულ ქმედებას ქართული მხარე მკაცრად დააყენებს "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" შეხვედრების მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც მაისის დასაწყისში გაიმართება.

3 ნარკომოვაჭრეს უვადო, 2 კი 17 და 18-წლით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელს სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წევრს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის 3 მოქალაქის ხელმძღვანელობით მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი, სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელით, დისტანციურად იღებდა ნარკოტიკული საშუალების ე.წ. შეკვეთას, სპეციალურად გახსნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ კი ე.წ. დამდების მეშვეობით სასურველი ნარკოტიკული საშუალების წინასწარ შერჩეულ ადგილზე განთავსებას უზრუნველყოფდა, რის შემდეგაც შემძენს ლოკაციის და ადგილმდებარეობის ფოტოები ეგზავნებოდა. აღნიშნულმა პირებმა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში საქართველოს 2 მოქალაქე ჩართეს, რომლებიც ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების საქართველოში შეგროვებას, გადარიცხვა/კონვერტაციის გზით წარმომავლობის შენიღბვას და დანაშაულის ორგანიზატორებისთვის საზღვარგარეთ მიწოდებას, ასევე საბანკო დაწესებულებებთან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფდნენ. პარალელურად, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, როგორც ადვოკატს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების შემთხვევაში თითქოსდა იურიდიული დახმარების გაწევის გზით ორგანიზატორებთან დაკავშირებული, გამოძიებისთვის ცნობილი ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზატორებისთვის მიწოდება უნდა განეხორციელებინა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში 2021-2023 წლებში ზემოაღწერილი სქემით ნარკორეალიზაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 17 367 263 ლარის, 2 523 302 აშშ დოლარისა და 24 030 ევროს უკანონო შემოსავალი მიიღო, რომლის ლეგალიზაციაც  რამდენიმე ხერხით განხორციელდა. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხების ნაწილი ქართულ საბანკო ანგარიშებზე უმიზნო ტრანზაქციებისა და კონვერტაციის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა უცხოურ ანგარიშებზე ირიცხებოდა. თანხის ნაწილის განაღდება კი საქართველოში ხორციელდებოდა და სხვადასხვა პირის სახელით ფულადი გზავნილის სახით საზღვარგარეთ იგზავნებოდა, ასევე საქართველოში და კვიპროსში შეძენილ იქნა ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება. 

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მეშვიდე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული 2 ავტომანქანა და 310 000 ლარზე მეტი ჩამოერთვათ. 

სამი პირის დაჭრა ვაკეში - პროკურატურამ ერთ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 17 აპრილს, ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ მომხდარ შემხვევას, რა დროსაც სამი ადამიანი დაჭრეს. 

უწყების ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად ს.ქ.-მ გახსნა, მას დაზარალებულების თანმხლები პირი - ბრალდებული ვ.ს. დაედევნა და თავის არეში დაჭრა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, თბილისში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ქ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გ.რ-ს და კ.ბ-ს. აღნიშნულის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებულების თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებული ვ.ს. დაედევნა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახითაფო დაზიანება მიაყენა თავის არეში. სამივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ორი პირის, მათ შორის ს.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და იგი რეანიმაციაში გადის მკურნალობას.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ორი სპეცრაზმელი და გამომძიებელი დამნაშავედ ცნო

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ კიდევ ორი ყოფილი სპეცრაზმელი ცნო დამნაშავედ.

მკვლელობის მუხლით ბრალდებულ ყოფილ სპეცრაზმელს, თემურ მგელაძეს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თემურ მგელაძე საპატიმრო დაწესებულებას ორ თვეში დატოვებს, რადგან თითქმის ათი თვეა, პატიმრობაში იმყოფება. მგელაძემ აღიარა შავაძის მკვლელობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოში სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

რაც შეეხება მეორე ყოფილ სპეცრაზმელს, რომელიც სასამართლომ შავაძის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ, ზვიად ნურიძემ ასევე აღიარა შავაძის მკვლელობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩვენება მისცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ორი სპეცრაზმელის გარდა, საპროცესო შეთანხმებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ შავაძის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სულიკო ვარშანიძის მიმართაც. მას ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც უკვე მოხდილი აქვს.

რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, რომლებმაც დანაშაული არ აღიარეს, მათ შორის აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს, თეიუმურაზ პატარიძეს და ყოფილ სპეცრაზმელს, გიორგი არაბულს, მათ საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება.

მანამდე ორი ბრალდებულის – ყოფილი სპეცრაზმელისა და აჭარის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და მათ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორი ბრალდებულის საქმე, რომლებიც გვიან დააკავეს, ჯერ კიდევ გამოძიებაშია.

ავარიას სენაკში მსხვერპლი მოყვა - დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოავარიას მსხვერპლი მოყვა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი დაშავებული კი, კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს