... ... hotnews.ge - სპორტი

რუს სპორტსმენებს აუკრძალეს პარიზის ოლიმპიადის აღლუმში მონაწილეობა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი სპორტსმენები მონაწილეობას არ მიიღებენ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ტრადიციულ მსვლელობაში - მონაწილე ქვეყნების ოლიმპიურ ნაკრებთა აღლუმში. მასში მონაწილეობა აუკრძალეს ბელარუსის სპორტსმენებსაც.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ 19 მარტს მიღებული გადაწყვეტილებითვე, ამ ორი ქვეყნის სპორტსმენების მიერ მედლების მოპოვების შემთხვევაში ნეიტრალური ჰიმნი შესრულდება და აღიმართება სპეციალური მწვანე დროშა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენთა მონაწილეობის ფორმა მოგვიანებით გაირკვევა.უკრაინაში რუსეთის ფართომასშატაბიანი შეჭრის და ბელარუსის მიერ რუსეთის მხარდაჭერის გამო, ამ ორი ქვეყნის სპორტსმენები ზაფხულის ოლიმპიადაში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წელს მიიღო. ამასთან, მონაწილეობა საერთოდ აუკრძალეს უკრაინის წინააღმდეგ ომის აქტიურად მხარდამჭერ და რუსეთის და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან და უშიშროების სამსახურებთან კავშირის მქონე სპორტსმენებს.

პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. წინასწარი ინფორმაციით, ოლიმპიადაში რუსეთიდან მონაწილეობას მიიღებს 36, ხოლო ბელარუსიდან 22 სპორტსმენი.

ლუკა მაისურაძეს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

-90კგ-ში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ტატამზე უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ვერ გავა. ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო ანტისადოპინგო საბჭომ მიიღო. როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არაშასეჯიბრო ტესტირების დროს, ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, კერძოდ კი, გერმანიის ქალაქ კიოლნში და ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

„ერთი წლის წინ აღებულ ტესტზე ვითო მიპოვეს რაღაც ოსტარინი, რომელიც იყო რაღაც დანამატებთან ერთად. ადვოკატი ავიყვანე, ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე“,-განაცხადა მაისურაძემ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლუკა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლას ვერ მოახერხებს და მწვრთნელებსაც ბევრი ფიქრი არ მოუწევთ - ამავე წონაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური გვყავს. მეორეს მხრივ კი, საინტერესოა, საიდან მოხვდა მაისურაძის სისხლში აკრძალული პრეპარატი და ზოგადად, ქართული სპორტისთვის ასეთი დაუდევრობა ახალი ხილი არაა. არაერთხელ და ორჯერ ყოფილა, რომ სახელოვანი სპორტსმენის სისხლში ისეთი პრეპარატი აღმოჩენილა, მათაც კი გაჰკვირვებიათ და ეგებ, ცოტა მეტი კონტროლი უნდა ყველას და ყველაფერს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრა გაიმართა. მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

„არსენალი“ - „ბაიერნი“

„რეალი“ - „მანჩესტერ სიტი“

„ატლეტიკო“ - „დორტმუნდი“

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ბარსელონა“.

პირველი მატჩები 9-10 აპრილს, საპასუხო მატჩები კი 16-17 აპრილს გაიმართება.

კენჭისყრის შედეგად გაირკვა, როგორი შეიძლება იყოს ნახევარფინალური წყვილები.

„არსენალი“/„ბაიერნი“ - „რეალი“/„მანჩესტერ სიტი“

„ატლეტიკო“/„დორტმუნდი“ - „პარი სენ-ჟერმენი“/„ბარსელონა“.

ნახევარფინალის პირველი მატჩები 30 აპრილს და 1 მაისს, საპასუხო მატჩები კი 7-8 მაისს გაიმართება.

ფინალს 1 ივნისს „უემბლი“ უმასპინძლებს.

მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის" ფეხბურთელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კვინსი პრომესი ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს. ფეხბურთელს 1 კგ. და 362 გრამი კოკაინი საზღვარზე გადაჰქონდა. ის დუბაიში დააკავეს.

პრომესი ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი წევრია, ქვეყნის ხელისუფლებამ მისი ექსტრადირება მოითხოვა. კვინსი პრომესი, სხვადასხვა დროს, ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა "სევილია" და "აიაქსი".

მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დისკვალიფიცირებულია

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) საიტზე გამოქვეყნდა GADA-ს სადისციპლინო კომისიის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (-90 კგ) დოპინგტესტზე ჩავარდნის გამო, ერთი წლით დისკვალიფიცირებულია. შესაბამისად, ლუკა წლეულს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს.

"კომისიაში შემოსული დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს, GADA-ს დოპინგ კონტროლის ოფიცერმა(DCO) აიღო ლუკა მაისურაძისგან შარდის ნიმუში, რომელიც გაიყო ორად და მიეცა საცნობარო ნომრები A1190309 (A ნიმუში), B1190309 (B ნიმუში). ტესტირების ჩატარების პროცესზე, ლუკა მაისურაძეს შენიშვნა პროცესის მიმართ არ ჰქონია, რის შესახებაც მითითებულია დოპინგკონტროლის ფორმაში და დადასტურებულია ხელის მოწერით. იმავე დღეს, 2023 წლის 12 აპრილს ნიმუში გადატანილი იქნა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს მიერ (WADA) - აკრედიტებული ლაბორატორიაში, დოპინგის ლაბორატორია, კიოლნი, გერმანია (ლაბორატორია).
ლაბორატორიამ, გაანალიზა A ნიმუში WADA-ს ლაბორატორიების საერთაშორისო
სტანდარტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ნიმუშის ანალიზმა დაადასტურა არასასურველი ანალიტიკური შედეგი: (AAF) – S1.2 სხვა ანაბოლური აგენტები/ანობოზარმი (ოსტარინი).
შედეგის შესახებ ლაბორატორიამ საქართველოს ანტი-დოპინგურ სააგენტოს აცნობა 2023 წლის 9 ივნისს".

ოსტარინი WADA-ს აკრძალული სიის S1 კლასის მიხედვით ითვლება აკრძალულ განუსაზღვრელ (არასპეციფიკურ) ნივთიერებად. სწორედ ივნისში წარედგინა სპორტსმენს ოფიციალური ბრალი და მას მიეცა დროებითი დისკვალიფიკაცია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც აგვისტოში გაუქმდა. 

5 დეკემბრის გადაწყვეტილებით: " საქართველოს ანტიდოპინგური წესების 10.6 მუხლის 10.6.1.2. პუნქტის შესაბამისად სპორტსმენს სანქციის სახით უნდა განესაზღვროს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია". დისკვალიფიკაცია ძალაში სწორედ 5 დეკემბრიდან შევიდა, თუმცა მხედველობაში იქნა მიღებული დროებითი დისკვალიფიკაციის პერიოდი (50 დღე). ასე რომ, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონი დისკვალიფიცირებულია 2024 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით. 

შეგახსენებთ, რომ ლუკამ 2023 წლის მაისში მსოფლიოს ჩემპიონატზე (დოჰა) ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი და თანამემამულე ლაშა ბექაური დაამარცხა და ტიტული მოიპოვა. ვინაიდან მისი ტესტი მსოფლიოს ჩემპიონატამდეა აღებული, უცნობია, შეუნარჩუნდება თუ არა მას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, თუმცა ჯერჯერობით, ფაქტია, მას ეს ტიტული უნარჩუნდება. ლუკას 2 დეკემბერს ტოკიოს გრანდ სლემის შემდეგ არსად უასპარეზია. 

ის, რომ მაისურაძეს, შესაძლოა, დოპინგტესტთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა ქართული სპორტის სამყაროში ბევრისთვის იყო ცნობილი, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ იძებნებოდა, დუმდა ძიუდოს ფედერაციაც. 

მიქაუტაძე ტრანსფერზეა

გასულ ზაფხულს, ერთ-ერთი ხმაურიანი ტრანსფერი, გიორგი მიქაუტაძის „აიაქსში“ გადაბარგება იყო. ჰოლანდიურმა კლუბმა, მის სანაცვლოდ ფრანგულ „მეცს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა და მაშინ, როცა გვეგონა, რომ გიო ამსტერდამულ გრანდში ხმამაღალ სიტყვას იტყოდა, ყველაფერი პირიქით მოხდა - მწვრთნელთა ხშირი ცვლა, გუნდის საზიზღარი თამაში და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ საფრანგეთში ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი, სათადარიგოთა სკამზე აღოჩნდა და მის იქიდან აყენებას არც არავინ აპირებდა.

ჰოდა, ლოგიკური იყო, მან ზამთარში „აიაქსი“ იჯაარის წესით რომ დატოვა და ისევ მშობლიურ „მეცს“ დაუბრუნდა, სადაც ძველებურად ათამაშდა, გოლებიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. „მეცი“ ახლა უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის და ყველაზე დიდი იმედი სწორედ მიქაუტაძის აქვთ, ნიდერლანდელებმა კი...

„გასულ ზაფხულს ბევრი შეცდომა დავუშვით. კლუბის აწ უკვე ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, სვენ მისლიტანტმა 12 ფეხბურთელი იყიდა და საერთო ჯამში 115 მილიონი ევრო გადაიხადა. 12-დან მხოლოდ 3-მა გაამართლა, დანარჩენებს კი, იმაზე ბევრად დაბალ ფასში შეველევით ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე, ვიდრე შევიძინეთ. მწარე რეალობაა, მაგრამ უზარმაზარ ფინანსურ ზარალს უნდა შევეგუოთ“,-აცხადებენ ყველაზე ტიტულოვანი ნიდერლანდური კლუბის ხელმძღვანელები და გასაყიდ ფეხბურთელთა შორის მიქაუტაძეცაა. 16 მილიონად ნაყიდ ქართველში, ამსტერდამელები 10 მილიონის მიღებითაც კი ბედნიერი იქნებიან და ეჭვი გვაქვს, თუ „მეცი“ საფრანგეთის უძლიერეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, მიქაუტაძის ტრანსფერს სწორედ ისინი გამოისყიდიან.

ირლანდია ვილი სანიოლს გვართმევს

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთ-ერთი ვყელაზე საპასუხისმგებლო შეხვედრები ელოდება. ჰო, იმედი გვაქვს, რომ შეხვედრები და არ შეხვედრა. 21 მარტს, ერთალ იგის ნახევარფინალში ლუქსემბურგს ვმასპინძლობთ და გამარჯვების შემდეგ (ჰო, შემდეგ, და არა შემთხვევაში), საბერძნეთი-ყაზახეთს შორის საუკეთესოს დავუპირისპირდებით და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. წესითა და რიგით, არამარტო ფეხბურთელების და მწვრთნელების, არმაედ მთელი ფედერაციის და გნებავთ, მთავრობის ყურადღება, სწორედ ამ შეხვედრებისკენ უნდა იყოს გადატანილი, მაგრამ ბრიტანული გამოცემებმა ისეთი რამ დაწერეს, ეჭვი გვაქვს, ჩვენი ნაკრების თავკაცს სხვა საფიქრალიც  გაუჩინეს.

„ვილი სანიოლი ძალიან მალე, ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას მიიღებს და სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება, ირლანდიელთა ნაკრები ჩაიბაროს. ის, რომ ფრანგი სპეციალისტი საქართველოს დატოვებს, ცხადია - თუ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანს, მოხსნიან, ხოლო თუ გაიყვანს - თავისით წავა და უკეთეს შეთავაზებას დაელოდება. ამიტომ, ირლანდიელებმა მის გადასაბირებლად სწორი დრო შეარჩიეს“,-წერენ ბრიტანელები.

კალათბურთში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) მსოფლიოს 2027 წლისჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ყატარს მიანიჭა.

ტურნირის ყველა მატჩი ქალაქ დოჰაში გაიმართება.

„FIBA მოხიბლული დარჩა ყატარის მიერ შეთავაზებული წინადადებით, კერძოდ, კომპაქტური გეოგრაფიული განლაგებით, მატჩების ჩატარების მოქნილი განრიგით, რათა უკეთ მოვემსახუროთ გულშემატკივრებს.

ყატარის დედაქალაქი დოჰა ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა მსოფლიოში, აქვს პირდაპირი რეისები პოტენციური მონაწილე ქვეყნების უმრავლესობასთან, ცოტა ხნის წინ მოდერნიზაცია ჩაუტარდა მეტროს და საზოგადოებრივი ტრანსპორტიაერთიანებს ყველა ადგილს, უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სერვისს ყველასტუმრისთვის.

იმის გამო, რომ ყველა გუნდი ერთ ქალაქში თამაშობს, გულშემატკივრებს შეუძლიათყველაფერი წინასწარ დაგეგმონ და მიიღონ უნიკალური შთაბეჭდილება, რადგანჩატარების ყველა ადგილი ერთმანეთთან მაქსიმუმ 30 წუთის სავალზეა“, – წერიაFIBA-განცხადებაში.

კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ტოპ-5 ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი დასახელდა. ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022-23 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეს უშუალოდ იტალიური სერია A-ს არჩევანია.

კვარა, საფეხბურთო სეზონის განმავლობაში, სამჯერ დაასახელეს ტურის საუკეთესო ფეხბურთელად და სიმართლე გითხრათ, ეს საუკეთესოობისთვის სერიოზული განაცხადი იყო. ახლა, რა გამოკითხვაც არ უნდა ჩატარდეს, რომელმა გამოცემამაც არ უნდა დაწეროს საუკეთესოს შესახებ, ან საკუთარი ვერსია შემოგვთავაზოს, ასი წლის შემდეგაც ყველას ეცოდინება, რომ  2022-23 წლებში, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

რეალური ვარიანტი - მამარდაშვილი პრემიერლიგაში

მიმდინარე სეზონის ბოლოს, ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილს და იუნუს მუსას შეელევა. ეს ორი ფეხბურთელი, „ღამურების“ დღევანდელ შემადგენლობაში ყველაზე ძვირადღირებულები არიან და ისინი რომ არ გაასხვისონ და პრიმერადივიზიონში დარჩნენ, ფინანსური პრობლემების გამო, შესაძლოა, მაინც დააქვეითონ. სწორედ ამიტომ, „ვალენსიასთვის“ საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ორი მოთამაშის გაყიდვით გადარჩენა იდეალური გამოსავალია. თანაც, იმის მიუხედავად, რომ როგორც მამარდაშვილის, ისე მუსას შემთხვევაში, გამოსასყიდ თანხად მითითებული 100 მილიონი ევრო ბევრად შემცირდება და საერთო ჯამში,კლუბი  ორივე მოთამაშეს, 45-50 მილიონად შეელევა.

მუსასი რა გითხრათ, მაგრამ მამარდაშვილის შეძენა რამდენიმე პრემიერლიგურ კლუბს სურს. მათ შორის, გრანდებიც არიან, თუმცა „ლივერპულს“, „არსენალსა“ და „მანჩესტერ სიტის“, გიორგი უფრო გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, მეორე კიპერად სურთ, რაც ჩვენებურისთვის კარგი არ უნდა იყოს. სამაგიეროდ, „ლესტერს“, „ვესტ ჰემსა“ და „კრისტალ პალასს“ მამარდაშვილი პირველ მეკარედ სჭირდებათ და ამ სამი კლუბის წარმომადგენელი, „ვალენსიას“ ბოლო თამაშებს ერთგული გულშემატკივარივით არ აცდენს. უდიდესი ალბათობით, „ვესტ ჰემი“ და „კრისტალ პალასი“ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებენ, რასაც „ლესტერზე“ ჯერჯერობით ვერ ვიტყვით და გადაწყვეტილებასაც სეზონის დასრულებისა და სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ მიიღებენ.

მანჩესტერულ კლუბებს ლოგოს ცვილიებისკენ მოუწოდებენ

ორი მანჩესტერული კლუბი - „სიტი“ და „იუნაიტედი“ სერიოზულ შარში არიან. ინგლისურმა პრესამ ხმაური ატეხა, ორივე კლუბის ლოგოზე ხომალდია ასახული, რაც მონობას გვახსენებს და ამიტომ, დისკრიმინაციულიაო. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1902 წელს დაარსდა, „მანჩესტერ სიტი“ - 1880 წელს და ლოგოები მას შემდეგ არსებობს, თუმცა დისკრიმინაციასთან მებრძოლი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ სწორედ იმ წლებში, ამ ქალაქის ხომალდებზე უამრავი მონა ჰყავდათ, ზოგადად, სწორედ მონებს უკავშირდება მანჩესტერის, როგორც ქალაქის აღმასვლა და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკვანძო ცენტრად ქცევა. მეტიც, იმ დროს მანჩესტერს  Cottonopolis-ს, ანუ ბამბის ქალაქს ეძახდნენ და თითქმის მთელ ინგლისში, ბამბა სწორედ იქიდან გადიოდა.

მომხდართან დაკავშირებით, არცერთ კლუბს კომენტარი არ გაუკეთებია. გულშემატკივრები კი ამბობენ, რომ ლოგოების შეცვლას აუცილებლად გააპროტესტებენ.