ავტორი: თათია გოჩაძე
20 და 24 ივნისს რუსთაველის გამზირზე უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოვიდა. ამ აქციებს ზოგი 1989 წლის აპრილის მოვლენებს ადარებს. აქ „თავების დათვლა“ აზრადაც არავის მოსვლია, რადგან ისედაც თვალნათლივ ჩანდა, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოსული ათიათასობით ადამიანი ქმნიდა მუხტს, რომელიც ბოლო 30 წელია, საქართველოში არავის უნახავს. 20 და 24 ივნისს, საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში იმის დასამტკიცებლად გამოვიდა, რომ ჩვენ - ქართველი ერი ვირჩევთ ევროპას და უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ჩვენც ვიმსახურებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. სამოქალაქო მოძრაობამ - „შინ ევროპისკენ“ მორიგი მასშტაბური აქცია 3 ივლისისთვის დააანონსა. მანამდე კი, როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მთელი ქვეყნის მოსახლეობას შეხვდებიან, რათა საპროტესტო მუხტი გაცილებით მასშტაბური გახდეს. აქციების ორგანიზატორები ითხოვენ, გადადგეს პრემიერ-მინისტრი; შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი „ტექნიკური მთავრობა“ და ევროკავშირის მონიტორინგის ქვეშ ჩატარდეს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. რამდენად რეალურია ეს მოთხოვნები და რა შედეგს გამოიღებს ზაფხულის აქციები? - „ვერსია“ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციების ორგანიზატორების მხრიდან უფრო რეალურად მისაღწევი იქნებოდა, თუ ხელისუფლებას ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას აიძულებდნენ, რადგან მისი თქმით, უფრო მეტი შანსია, ხელისუფლებამ ეს პუნქტები შეასრულოს, ვიდრე ძალაუფლება დათმოს...
გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:
- ბატონო ვახტანგ, 20 ივნისს, რუსთაველზე უამრავი ადამიანი გამოვიდა, ამ მასშტაბის აქცია მე არ მახსენდება... თქვენ რაზე მიგანიშნებთ ეს ფაქტი?
- გეთანხმებით, ხალხის დიდი რაოდენობა გამოვიდა. იყო რამდენიმე მომენტი, როცა საზოგადოება მართლა გამოვიდა ქუჩაში, არ ვლაპარაკობ ბოლო ათწლეულზე, მაგრამ პროტესტის ასეთი მასშტაბი და სხვადასხვა ჯგუფისგან შემდგარი საზოგადოება, ბოლო წლებია, რუსთაველზე არ ყოფილა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ცნობილი იყო, რომ საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებდა. ეს არის საქართველოს მოსახლეობა იმ გამოკითხვებით, რომ 85% ევროპისკენ მიისწრაფვის და ეს დადასტურდა ამ აქციითაც.
რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ ევროპისთვის განკუთვნილი აქცია იყო და საზოგადოება იმიტომ გამოვიდა, რომ ევროპას დაენახა ჩვენი მისწრაფებებიო, მთლად ასე არაა. კი, იყო ეს მოტივი, მაგრამ არის მეორეც - ეს იყო საპროტესტო აქცია. რამდენიც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ჩვენი მომხრეებიც იყვნენ აქციაზეო, ძალიან ცუდი, თუ ასეა, ე.ი. უნდა ჩათვალონ, რომ ეს ხალხი მათი მომხრე უკვე აღარაა. ხელისუფლებისთვის უკეთეს შემთხვევაში, ისინი პატარა პარტიებში გადანაწილდებიან, უარეს შემთხვევაში კი ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდებიან. 24-ში მომეჩვენა, რომ აქცია ცოტა შემცირებული იყო, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან 24-ში დადასტურდა ის, რაც 20-ში უკვე ვიცოდით. ვნახოთ, რა მოხდება 3 ივლისს. თუ დაიწყება მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღის, მაშინ 3-ში ნამდვილად იქნება ძალიან დიდი აქცია. ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ამაზე და დაიწყოს გამოსავლის ძებნა.
მეორე მხრივ, ოპოზიცია არ უნდა გათამამდეს, რომ ამდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში და სასწრაფოდ არ უნდა მოინდომოს რაღაცების შეცვლა, რადგან ასეთი რაღაცებიც გვახსოვს, როცა ოპოზიციამ იჩქარა და სიჩქარეში ისიც დაკარგა, რაც ჰქონდა...