... ... hotnews.ge - პოლიტიკა

"ეს არის უმარტივესი კანონი, სადაც წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოქვეყნდეს დეკლარაციები" - პრემიერი

ეს არის უმარტივესი კანონი, არის სულ რამდენიმე გვერდი და წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოქვეყნდეს დეკლარაციები, როგორ შეიძლება, ამაზე ვინმეს ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი კონტრარგუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კანონპროექტის მესამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება, ოთხ კვირაში კი, სტანდარტული პროცედურის შესაბამისად, იქნება ვეტოს დაძლევა.

„თუ ვინმეს აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნახვა, ამის საშუალება ექნება ვეტოს დაძლევამდე და ვნახოთ, რა ეწერება იქ. ეს არის უმარტივესი კანონი, არის სულ რამდენიმე გვერდი და წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოქვეყნდეს დეკლარაციები, როგორ შეიძლება, ამაზე ვინმეს ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი კონტრარგუმენტი. როგორ შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ხალხს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია NGO-ების დაფინანსების შესახებ. როგორც შეიძლება, ევროკავშირმა ან ვენეციის კომისიამ თქვას, რომ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი ცუდია. უბრალოდ, ბუნებაში ვერ იარსებებს ეს არგუმენტი. დაელოდონ ვენეციის კომისიის დასკვნას და დაელოდონ სამართლებრივი არგუმენტებს ვენეციის კომისიის დასკვნაში. თუ ნახავენ სამართლებრივ არგუმენტს ვენეციის კომისიის დასკვნაში, ერთად ვნახოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.

დღეს პარლამენტში ბიუროსა და პლენარული სხდომები არ გაიმართება

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომები არ გაიმართება, - ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ პირველ მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საკანონმდებლო ორგანოს შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. საქართველოს პარლამენტის სასახლეში ამჟამად, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე 14:00 საათამდე, შემდეგ კი ყვითელი დონე იმოქმედებს.

"წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. წითელი დონე 2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ გაუქმდება და ამოქმედდება ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

ქართული ძიუდოს კიდევ ერთი გამარჯვება და აღიარება - 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.

როგორც ძიუდოს ფედერაციაში აცხადებენ, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

"საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ" უკანასკნელ პერიოდში არაერთი ამბიციური რეფორმა განახორციელა. ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ეს მოპოვებული წარმატება - 2026 წელს ევროპის ჩემპიონატის ჩატარება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის, როგორც სპორტულ, ასევე ზოგადი პოლიტიკის სწორ და ეფექტიან წარმართვას. მინდა, მივულოცო ქართველ გულშემატკივარს და ხაზი გავუსვა იმ მხარდაჭერასა და თანადგომას, რომელსაც ძიუდოს ფედერაციის მიმართ იჩენს საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი” - განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ.

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან პირველი პირდაპირი ფრენა ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა შეასრულა. ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან 2 წლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის და ვენა არის ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.

,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მივიღეთ Austrian Airlines-ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ორწლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს კვირაში 3 სიხშირით. მოხარულები ვართ, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სრული დატვირთვით ჩამოფრინდა ბორტი, რაც იმის დასტურია, რომ ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისთვის, რომ ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას, პირველ საინაუგურაციო რეისს ვენიდან სავსე ბორტი - 136 მგზავრი ჩამოჰყვა. პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში AUSTRIAN AIRLINES-ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.

1957 წელს დაფუძნებული და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70 საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებს წარმოადგენს.

Visioner-ის ცნობით, 1-ელ მაისს აქციაზე 85 888 ადამიანი იმყოფებოდა

Visioner-ის ცნობით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 1-ელ მაისს 85 888 ადამიანი იმყოფებოდა.შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 1-ელ მაისს "რუსული კანონი" მეორე მოსმენით მიიღო.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტში აღნიშნავენ, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმიდან გამომდინარე, რომელიც საშიშროებას უქმნის პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მიმდინარე წლის პირველ მაისის 23:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომა ამოქმედდა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად.

წითელი დონის დროს ყველა პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია დატოვოს პარლამენტის სასახლე“, – აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

Anonymous ამბობს, რომ "ოცნების" და POSTV-ის ვებგვერდები გათიშა

Anonymous ამბობს, რომ საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნებისა" და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალების, POSTV-ის ვებგვერდები გათიშა.

"საქართველოს მარიონეტულ მთავრობას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ, უგულებელყოთ ჩვენი მოთხოვნა აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის სისასტიკის შეჩერების შესახებ და მათი შეურაცხყოფა, შევიწროება და დაზიანება გააგრძელეთ. მოქალაქეების მიმართ არაადამიანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ინტერნეტ რესურსის დაზიანებას და მათ გათიშვას. ეს არ არის საფრთხე, ეს დაპირებაა. სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, მას ჰაკერობა და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაცვა თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ამართლებს. 
არ დაგავიწყდეთ, საქართველო არ არის რუსეთი და არასდროს იქნება", - წერს ის.

“მონიტინგეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირებს, გავარკვევთ, როგორ მოხვდა მათ ხელში ეს საშუალებები” - შს მინისტრის მოადგილე

აქციის თითოეული მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგანს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უწყება დაინტერესდება და გაარკვევს, როგორ მოხვდა ეს საშუალებები აქციის მონაწილეების ხელში.

„საზოგადოება ხედავს, რომ პოლიცია არის პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე. ჩვენ გარეთ არ გამოვსულვართ და შიგნიდან ვცდილობთ, რომ დავიცვათ ტერიტორია უნებართვო შეჭრისგან. ის სპეცსაშუალებები, რაც კანონით არის გათვალისწინებული, ეს არის წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ეს გამოვიყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი გვქონდა, გამოგვეყენებინა რეზინის ტყვიები, არ ყოფილა გამოყენებული.

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ აქციის თითოეული მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგანს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება და საიდან მოხვდა მათ ხელში ძალიან საინტერესოა. ამით აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ, როგორ მოხვდა ამ ადამიანების ხელში ეს საშუალებები.

შესაბამისად, ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებები. ასე რომ, კატეგორიულად უარვყოფთ და ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

“შეწყვიტეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები” - ბრიფინგი შსს-ში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი
 
მინდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 1 მაისს, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
 
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა 1 მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან დაიწყეს შეკრება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. შეკრების პარალელურად, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები.
 
მოგვიანებით, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება, როგორც პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ასევე, რუსთაველის გამზირზე. ვინაიდან არსებობდა რისკი პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციის კორდონი განგვეთავსებინა ჩიტაძის ქუჩაზე, ამავე დროს, პარლამენტის უკან შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციამ მოუწოდა, რომ მათ გადაენაცვლათ ჭიჭინაძის ქუჩაზე და იქ გამოეხატათ პროტესტი.
 
პარლამენტში, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩიტაძის ქუჩიდან უზრუნველყო პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა.
 
მას შემდეგ, რაც სრულად მოხდა პარლამენტის შენობის დატოვება და აღარ არსებობდა დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმების რისკი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილებისა, რომ აქციის მონაწილეებს მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ძალადობით ცდილობდა ჩიტაძის მხრიდან არსებული პარლამენტის შესასვლელის რკინის კარის დაზიანებას.
 
მიუხედავად პოლიციის და ასევე, თავად აქციის სხვა მონაწილეების არაერთი მოწოდებისა, ძალადობრივი ჯგუფები აგრძელებდნენ საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებას და ცდილობდნენ უნებართვოდ შეღწევას პარლამენტის ტერიტორიაზე.
 
პოლიციამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენა სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი, თუმცა აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩიტაძის ქუჩაზე არსებული სამშენებლო დამცავი ბარიერების დემონტაჟი და მისი მეშვეობით ცდილობდნენ პარლამენტის შესასვლელი კარის დაზიანებას.
 
ვინაიდან აშკარად იყო გამოკვეთილი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი.
 
საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხების პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალს, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების გამოყენებით, ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობის ეზოში მყოფ პოლიციელებზე.
 
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.
 
ბოლო 2 დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.
 
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ესვრიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
 
საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერას. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებისგან.
 
ასევე, შეწყვიტონ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის დაზიანება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ - წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებია რეზინის ტყვიები.
 
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა , რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე, არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, კერძოდ, ე.წ. რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა, შესაბამისად სრულიად გაუგებარია, ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ცდილობენ სამართალდამცველებისგან თავის დაცვას, მაშინ როცა ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრას.
 
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ ორივე სანაპირო და ახდენენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას.
 
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.
 
პოლიციელებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა არ წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვიდეოკამერები დააზიანა

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვიდეოკამერები დააზიანა.

მანამდე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეები პარლამენტის ჭიშკრისკენ ბოთლებს ისროდნენ, კარს არყევდნენ, ჭიშკარზე გადასვლას ცდილობდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება და მოუწოდა აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას.

შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნახევარ საათში ბრიფინგი გაიმართება. 2 მაისს, ღამის 12 საათზე  განცხადებას მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გააკეთებს.

დარახველიძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს.

დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება... ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე - პრეზიდენტის მიმართვა დემონსტრანტებს

"ვადევნებ თვალ-ყურს ამ საღამოს მოვლენებს სასახლიდან და თქვენს გვერდით ვარ. არაჩვეულებრივი, დღევანდელი გამოსვლები აჩვენებს  და მთელი მსოფლიო გვიყურებს და აჩვენებს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანმიმართულობას და ეს არის უდიდეს ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა რომელიც მთავრდება არჩევნებზე, რომ საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი.

მე მინდა ამავე დროს მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ამ დონეზე თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ. მინდა მივმართო მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება, იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებული არის ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და გადის ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს, ამ ხელისუფლების მიერ და რომელიც გვაშორებს ევროპული გზიდან, ეს არის ჩვენი მიზანი, ასე, რომ კარებზე არაფერი არ გადაწყდება გარდა იმ გაზის გამოშვებისა და რაღაცა ძალადობა, რაც არ არის საჭირო რომ გამოვიწვიოთ იმიტომ, რომ ძალადობასთან უთუოდ გვექნება საქმე მომავალში,. დღეს არის ვნების კვირა, დღეს არის სი პერიოდი, სადაც არ შეიძლება გამოწვევა ძალადობის, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს, რა არის საქართველო  და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას"

ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვაში.