... ... hotnews.ge - პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის ტექსტს აქვეყნებს

„ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის ტექსტს აქვეყნებს. მათი განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას.

პარტიის შეფასებით, დღემდე ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება კანონპროექტი, ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი. ასევე, რა არის ცუდი იმაში, რომ დეკლარაცია შეავსონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაორგანიზაციებმა.

„ამიტომ, მთავარი თემა რომ არ დაგვავიწყდეს, ვაქვეყნებთ კანონპროექტის ტექსტს. ყველას მოვუწოდებთ მისი წაკითხვისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანისკენ“, - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ეს კანონი არ ზღუდავს ამ კანონის საფუძველზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.
მუხლი 2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია


1. ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის „შემოსავალში“ იგულისხმება ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მუხლის მიზნებისთვის მისი საბაზრო ფასით გამოითვლება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებულმა შესაბამისმა სუბიექტმა მიიღო შემოსავალი, თუ აღნიშნულ სუბიექტს გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:
ა) აღნიშნულმა სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.

მუხლი 3. უცხოური ძალა

ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
მუხლი 4. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია

1. სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, მის მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის თვის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე. ამ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, აღნიშნული სუბიექტი 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოს სათანადო ვებგვერდზე იმგვარი დაშვებით, რომ ამ სუბიექტმა შეძლოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის (შემდგომ - განაცხადი) ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შევსება და სააგენტოსთვის წარდგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სათანადო ვებგვერდზე სუბიექტის დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში იგი ვალდებულია, ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი.

3. განაცხადის ავტორი ვალდებულია განაცხადში, რომელიც იმავდროულად განაცხადის ავტორის საფინანსო დეკლარაციაც არის, ასახოს შემდეგი ინფორმაცია (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში):
ა) განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი;
გ) განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი;
დ) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
ე) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
ვ) განაცხადის შევსების თარიღი.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი, რისთვისაც ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს და განაცხადი სწორად და სრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო ვალდებულია, მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. თუ განაცხადი არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო განაცხადის ავტორს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. განაცხადის ავტორი ვალდებულია, ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი. სააგენტო ვალდებულია, ამ ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს.

5. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში აღრიცხვისათვის საფასური არ გადაიხდევინება.

6. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე განაცხადის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

მუხლი 5. განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა

1. განაცხადი და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოს ამ სუბიექტის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი განაცხადის, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების, ხოლო არსებობის შემთხვევაში - აგრეთვე აღნიშნული სუბიექტის მოქმედი წესდების, მისი სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და საჯარო რეესტრიდან ამ სუბიექტის შესახებ ბოლო ამონაწერის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
მუხლი 6. ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია


1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წლის ყოველი შემდგომი წლის იანვრის თვეში ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია, რომელშიც მან სწორად და სრულყოფილად უნდა ასახოს სააგენტოსთვის მისი წარდგენის წლის წინა წლის მდგომარეობით არსებული, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოსთვის აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს საფინანსო დეკლარაცია, რისთვისაც ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ აღნიშნული საფინანსო დეკლარაცია არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო მის წარმდგენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაცია და მასში ასახული ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესს, აგრეთვე აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 7. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელიც წინა კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, უფლება აქვს, სააგენტოსთვის ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენისას დასაბუთებული წერილობითი განცხადებით (მატერიალური ფორმით) მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვოს მისი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმება. ამ შემთხვევაში 30 სამუშაო დღეში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ამ მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

2. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, ეს სუბიექტი დაუყოვნებლივ ამორიცხოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრიდან და შესაბამისი ვებგვერდიდან წაშალოს აღნიშნულ სუბიექტთან დაკავშირებით ამ კანონის შესაბამისად მანამდე გასაჯაროებული ინფორმაცია და დოკუმენტები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჯაროა და ქვეყნდება სათანადო ვებგვერდზე.

4. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 8. მონიტორინგი

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა - მონიტორინგი (შემდგომ - მონიტორინგი).

2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.

3. მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

4. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.

5. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს აღნიშნულ სუბიექტს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, რაც ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგინოს სააგენტოს განაცხადი.

6. მონიტორინგის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა და სამართალწარმოების საკითხები

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.

2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გაგრძელება ამავე ქმედების ჩადენისთვის ბოლოს დადებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 თვის განმავლობაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის წარუდგენლობა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს ადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს შეიძლება დაეკისროს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან მხოლოდ 6 წლის განმავლობაში.

8. ამ კანონის საფუძველზე ან/და ამავე კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

1. ამ პუნქტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში:
ა) შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სააგენტომ განახორციელონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რომელიც 2023 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აკმაყოფილებს იმავე მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართოს სააგენტოს განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე, რის შემდეგაც ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პროცედურები.
მუხლი 11. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-მე-9 მუხლებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი-მე-9 მუხლები და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

სალომე ზურაბიშვილი, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შარლ მიშელს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამ კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასტუმრო „პარაგრაფთან“ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო "პარაგრაფთან" იკრიბებიან, სადაც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მიღება იწყება. კონფერენციაზე დამსწრე პირები შენობაში შესვლამდე სწორედ აქტივისტების ბანერებს კითხულობენ, რომლითაც ახალგაზრდები მათ მიმართავენ, მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს რუსული კანონი.

"მნიშვნელოვანია იცოდნენ, რა მოვლენები ვითარდება საქართველოში", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე. 

ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

 

"მთავარი არხი"

სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 19 აპრილს დაამტკიცა.

ინიციატივა ოფშორში რეგისტრირებული საწარმოების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში დაბეგვრისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, როდესაც კომპანია დაფუძნებული არის ოფშორში და ის მოინდომებს საქართველოში გადმოვიდეს, ერთჯერადად, არ გადაიხდის გადასახადს

რას გეგმავენ აქციის მონაწილეები წითელ პარასკევს

ახალგაზრდული ორგანიზაცია "დაფიონი" აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დღევანდელი აქციის ფორმატს განმარტავს:

"ჩვენი ბრძოლა გრძელდება

ჩვენ არ ვაპირებთ შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე, განურჩევლად! ქალებსა და ბავშვებზეც კი!არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, ოდნავ მაინც დავასვენოთ ეს ჯალათები.

ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური, თხოვნაა, ეს გაითვალისწინოთ, იქნება ძალიან ბევრი პროვოკაცია და მზად იყავით.  ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ზრდილობიანად, სუფთად და ლამაზად უნდა ჩატარდეს მსვლელობები. 
თხოვნაა, წამოიღოთ სანთლები. მოსალოდნელი წვიმისთვისაც იყავით მზად,"

მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ - კახა კალაძე სპორტსმენების მოწოდებებზე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონებს არასდროს მიიღებს.

ასევე, მან ისაუბრა სპორტსმენების, მათ შორის, ფეხბურთელების ნაწილის მოწოდებებზეც და აღნიშნა, რომ ეს არის ქართული კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული.

„მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და არც არასდროს მიიღება. აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი კი, არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და ხვალინდელ დღეს იცავს. ეს კანონი აუცილებლად იქნება მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს - შალვა პაპუაშვილი

ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ ასეთი ინტერპრეტაციით გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, როგორც ელჩთან ქვეყანაში, ისე ჩვენს პარტნიორებთან ამერიკაში სასაუბროდ. ამ დღეებშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა აშშ-ში და ჰქონდა შეხვედრა, როგორც კონგრესში და სენატში, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში. თუმცა, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება მოწვევა პრემიერ-მინისტრის და ხდება წინაპირობების დაყენება, ეს არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რომელიც პარტნიორობას უნდა ახასიათებდეს, კერძოდ, ნდობით ურთიერთობასა და იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადება ობიექტურობასაა მოკლებულია, რაც ახალისებს ძალადობას - საგარეო საქმეთა სამინისტრო

მივესალმებით, რომ საფრანგეთის საგარეო უწყება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, თუმცა ვწუხვართ, რომ უწყების განცხადება მოკლებულია ობიექტურობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ.

საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ.

მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ „საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება“.

დერეკ შოლესთან გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო... - ირაკლი კობახიძე

ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.

“გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია.ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო”,- წერს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში 3-4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერი აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ დროებით უნდა შეჩერებულიყო „გამჭვირვალობის" კანონპროექტის განხილვა - საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის საელჩოს საპასუხოდ აცხადებს, რომ პრემიერი აშშ-ში მიწვეული იყო პირობით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. სამინისტროს განმარტებით, ეს არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას.

„დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

"11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია" - აქციის ორგანიზატორების განცხადება

"11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია", - ასე მიმართავენ რუსთაველზე აქციის მონაწილეებს ორგანიზატორები.

„მინდა დავაანონსო ასევე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, და მინდა, რომ დაიმახსოვროთ ეს თარიღი. რომ 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველა ერთად, ყველამ ერთად. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ კალენდრებში. შეიძლება ვიღაცას იცნობთ, ვინც არ მოდის ხოლმე აქ და აი, 11 მაისამდე, ყველამ ავიღოთ ეს დავალება რომ ადამიანები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ არ ყოფილან, მოვიყვანოთ ჩვენთან ერთად, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პარლამენტთან, აქციის მონაწილეებს მიმართავს.