... ... hotnews.ge - პოლიტიკა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. 

16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია, ხოლო 8 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. 

შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან გმირთა მოედნისკენ ასასვლელი გზა გადაკეტეს

"გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა, ფილარმონიიდან გმირთა მოედნისკენ ასასვლელი გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების განცხადებით, მათ სურთ ყველა მოქალაქეს გააგებონონ თავიანთი პროტესტის შესახებ.

მანამდე, მათ პოლიციამ არაერთხელმ მოუწოდა გზა არ გადაეკეტათ, რადგან ეს კანონდარღვევა იქნებოდა.

თავდაპირველად, მომიტინგეები დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას და გადავიდნენ ტროტუარზე. იყო მცირე დაპირისპირებაც, რა დროსაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე გზა გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე გზა გადაკეტეს - დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ და ამბობენ, რომ როცა მათი რაოდენობა გაიზრდება, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეების დაკავებას ცდილობენ.

პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან - დამონტაჟებულია სცენა და ხმის გამაძლიერებლები

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონ-პროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქცია პარლამენტის შენობის წინ 7 საათისთვის დაანონსდა. მთავარი მოთხოვნა უცვლელია - გაიწვიოს სახელისუფლებო გუნდმა სადავო ინიციატივა.

პარლამენტის წინ დამონტაჟებულია სცენა და ხმის გამაძლიერებლები, სავარაუდოდ იქნება სიტყვით გამოსვლები.

ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს - აშშ-ის ელჩი

"მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას."

ნათქვამია აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაში. 

„არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს“-თალაკვაძე

ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. თუ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ასეთი მშვიდობა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა პირდაპირი შეტევა საქართველოს პარლამენტზე, იყო ასევე ფიზიკური ძალადობის მაგალითები, დაშავებული არიან პოლიციელები, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ეს და სხვა მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია რეალურად გადაიზარდა ძალადობაში.

მისი თქმით, სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს უსაფრთხოება, დაიცვეს როგორც მოქალაქეები ისე ინსტიტუტები. აქვე მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს და სასწრაფო დახმარების სამსახურს გაწეული სამუშაოსთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ გუშინ და შემდეგ დღეებში იქნებოდა უკვე პირდაპირი მცდელობები, რომ ეს პროტესტი გადაიზარდოს ძალადობაში და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის განხორციელება დაიწყოს, რაც გუშინ ნახა ჩვენმა საზოგადოებამ. ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. თუ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ასეთი მშვიდობა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. კიდევ ერთხელ მივმართავთ ორგანიზატორებს, მონაწილეებს, დარჩნენ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, დაიცვან კანონით დადგენილი წესები მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.

სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს უსაფრთხოება, საერთო ჯამში დაიცვეს როგორც მოქალაქეები ისე ინსტიტუტები, დიდი სამუშაო გასწია ჯანდაცვის სამინისტრომ და სასწრაფო დახმარების სამსახურმა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.
რაც შეეხება კონკრეტულ პროცესებს, რისი აღწერაც და დოკუმენტირებაც მიმდინარეობს, საზოგადოებამ ეს ნახა პირდაპირ ეთერში - იყო პირდაპირი შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე, საქართველოს პარლამენტზე, იყო ასევე ფიზიკური ძალადობის მაგალითები, დაშავებული არიან პოლიციელები. ეს და სხვა მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია რეალურად გადაიზარდა ძალადობაში. სწორედ ამაზე ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ რადიკალური ოპოზიციის და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმა იქნებოდა ასეთი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, აღინიშნა EIB-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის, განსაკუთრებით კი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სატრანსპორტო სექტორის მიმართულებებით.

მთავრობის მეთაურმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყანას სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში უწევს.

თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ EIB-მა, როგორც ევროკავშირის ფინანსურმა ინსტიტუტმა, კვლავ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით.

საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებს და აღინიშნა, რომ არსებული ტენდენცია გრძელდება.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა  საჯარო სექტორში 1,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ არსებით ტურბულენტობას ვერ გამოიწვევს...- ირაკლი კობახიძე

თუ ზუსტად არ იციან ჩვენმა რადიკალმა ოპონენტებმა, რომ გარანტირებულად აგებენ არჩევნებს, მაშინ რა აწუხებთ, მოვიდნენ ხელისუფლებაში და ნოემბერში შეცვალონ კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, ვინაიდან მისი კოლექტიური რეიტინგი დაახლოებით 25%-ია.

„ზუსტად იციან, რომ არჩევნების მოგების შანსი არ აქვთ. ხომ გასაგები და ცხადია ეს ყველაფერი? თვითონ ხომ იციან თავიანთი რეიტინგი. ჩვენ რომ დაგვიფიქსირდა 61,5% მარტის შუა რიცხვებში, ხომ იცით, რა გამოდის მათი რეიტინგი? მთელი კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი გამოდის დაახლოებით 25%. ამ ვითარებაში არავითარი იმედი არ აქვთ, რომ არჩევნებს მოიგებენ. რაც შეეხება ტურბულენტობას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ არსებით ტურბულენტობას ვერ გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას და მათი მეგობარი NGO-ების გამჭვირვალობას, რაც არის ევროპული სტანდარტი და ევროპული ღირებულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ...- ირაკლი კობახიძე

შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, კანონის მიღების შემთხვევაში ხომ არ ელოდება დასავლეთისგან სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ადრეც იყო შანტაჟის ენით საუბარი რევოლუციის მცდელობებთან ერთად.

„2020 წელს გვესაუბრებოდნენ შანტაჟის ენით, 2021-ში, 2022-ში, 2023-ში და შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ეს ხალხიც არის გამოცდილი და აქვს თავისი ღირსება. ამიტომ, ჩვენთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის“, - განაცხადა პრემიერმა.

"ვინც ამბობს, რომ ეს კანონი არის რუსული, ის არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი

2020 წელს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე და უხეში ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით; ამაზე საუბრობდნენ ელჩები, კონკრეტული პოლიტიკოსები, რაც ეფუძნებოდა სინამდვილეში ენჯეოების მიერ დასკვნების გაყალბებას - ცნობილი პარალელური ხმის დათვლას, ცნობილ ზედმეტობებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოური დაფინანსებით გაყალბდა პარალელური დათვლის მონაცემები, რაც შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საბაბი გახდა.

„ეს კანონი რომ მიიღება, ამის შემდეგ გაიგებს საზოგადოება, ვისი დაფინანსებით ყალბდება ხოლმე პარალელური დათვლის შედეგები. აქამდე ეს ყველაფერი გამჭირვალე არ იყო. ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მინდა ვისაუბრო, ეს არის წარსული. თუმცა, როგორც კი ეს კანონი იქნება მიღებული, საზოგადოება გაიგებს, ვისი დაფინანსებით ყალბდება მაგალითად პარალელური დათვლის შედეგები, ან ზედმეტობის შესახებ მონაცემები,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა წერია რუსულ კანონში და რა განსხვავებაა ამ კანონსა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შორის.

„ვინც ამბობს, რომ ეს კანონი არის რუსული, ის არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს. ეს არის ტყუილის ყველაზე უხეში ფორმა. რატომ არის ეს ცრუპენტელობა და რას ითვალისწინებს მაგალითად რუსული კანონი: რუსული კანონი, გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს დეკლარაციების ჩაბარებას, ითვალისწინებს მაგალითად იმას, რომ რამდენიმე თვით შეიძლება პირდაპირ ჩაჯდეს სახელმწიფო კონტროლი არასამთავრობო ორგანიზაციაში. შეიძლება, შეაჩეროს არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ამ კონტროლის განხორციელების პროცესში, შეიძლება საერთოდ აკრძალოს ამ არასამთავრობოს საქმიანობა, შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრას, როგორც ორგანიზაციის, ისე მასში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსული კანონი ითვალისწინებს ბრენდირებას, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მარტო ორგანიზაციაა, არამედ როცა მაგალითად ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი და საუბრობს ასეთი ორგანიზაციის სახელით, მას ქვევით ეწერება ტიტრებში, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ეს, ასე ვთქვათ ამერიკული სტანდარტია. ჩამოგითვალეთ 10 პუნქტი, რაც წერია რუსულ კანონში, ძალიან უხეში პუნქტებია, საიდანაც არც ერთი არ წერია ქართულ კანონში. რანაირად არის ქართული კანონი რუსული, ლოგიკა ხომ გაქვთ?,“- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ყველა, ვისაც აქვს 9 კლასის განათლება, მიხვდება, რომ როცა 10 უხეში და რეპრესიული რამ წერია რუსულ კანონში, ხოლო არც ერთი - ქართულ კანონპროექტში, არ შეიძლება ამ კანონს რუსული ეწოდოს.

უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, თავხედო ნაძირალა - კალაძე ფორმულას ჟურნალისტს

„ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხე სახლში და ოჯახში, თავხედო ნაძირალა, ბატონო კახა კი არა, მოიკითხე მეთქი ოჯახში...  უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ, შენ ხარ თავხედი უზრდელი.

შეურაცხყოფა არ არის, უტიფარს რომ უწოდებთ?... უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში შენი გაზრდისთვის, შე თავხედო.“

თბილისის მერის კახა კალაძის მტკიცებით, 1-2 მაისის აქციაზე სპეცრაზმს არცერთი რეზინის ტყვია არ გამოუყენებია. ამაზე მედიის წარმომადგენლებმა თბილისის მერს უთხრეს, რომ არიან ტყვიებით დაშავებული ადამიანები და არსებობს დაზიანებების ამსახველი ფოტომასალა. ფორმულას ჟურნალისტის კითხვამ, "არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუება შინაგან საქმეთა სამინისტრო?", კახა კალაძე გააღიზიანა.

 

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის განვითარების ფონდის (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბერტრან ვალკენერს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ფონდის არსებით მხარდაჭერას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსების კუთხით და AFD-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს მადლობა გადაუხადა. 
საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობები და საფრანგეთის მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. 
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების ფონდს შორის გაფორმებული პარტნიორობის შეთანხმება. აღინიშნა, რომ AFD-ის პროექტები საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ სფეროებთან სრულ შესაბამისობაშია და ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.