... ... hotnews.ge - პოლიტიკა

მნიშვნელოვანია ზიზღის, მუქარის, შანტაჟისა და ზეწოლის კამპანიის მორალური შეფასება, რომელიც , ნაცმოძრაობამ დაიწყო - პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია ზიზღის, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანიის მორალური შეფასება, რომელიც ცალკეულ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაწყებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე საპროტესტო აქციები უკვე გასცდა იმ მშვიდობიანი პროტესტის კულტურას, რომელიც საქართველოში იყო დამკვიდრებული და, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევს.

„პროტესტების დროს ხიდან ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა ხოლმე, ამით ვამაყობდით. რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივ თავდასხმას და შტურმს, უკანონო პიკეტირებას, არის 2019 წლის 20 ივნისის, 2019 წლის ნოემბრის აქციების გამეორებაა, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული იყო. ვხედავთ უკვე არა მხოლოდ სამართალდამცავებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, არამედ მოქალაქეებზე თავდასხმას. შეგახსენებთ გმირთა მოედნის გადაკეტვის დროს კონფლიქტებს მოქალაქეებთან, მათ შორის მათთან, ვინც არ იყო ჩართული პროტესტში, მათ მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა ვიხილეთ”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს ფაქტები საზოგადოების წვერებზე ზეწოლის, მათ შორის სპორტსმენებზე, ხელოვანებზე, რომ დაფიქსირდეს ის პოზიცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის სასურველი.

„ცენზურაზე არიან გადასული და რაიმე სიტყვა თუ არ ემთხვევა, დამატებით, მორალურ ტერორზე გადადიან, როგორც ამ ადამიანებზე, ისე ამ ადამიანების ოჯახის წევრებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ შეაფასოს ეს. ეს ეწინააღმდეგება თავად საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ კულტურას, მათ შორის პროტესტის უფლებას. პარტიამ და პოლიტსაბჭომ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეიქმნას ბაზა, ვებგვერდი, სადაც ყველა ეს ადამიანი იქნება მხილებული. საზოგადოება შემდეგ თავისთავად განსჯის და ჩამოაყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ადამიანები საჯაროდ რასაც ერიდებიან, არ ერიდებიან კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილება აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს სოციალურ ქსელში ზიზღის ენა, მათ შორის ფაშისტური მოწოდებებიც კი არის კერძო საუბარი. მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც აღვივებს ზიზღს, აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათი ოჯახის წევრებზე. საზოგადოებას როდესაც ექნება ამაზე რეაქცია, მორალური შეფასება, ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებს და განცხადებებს. მნიშვნელოვანია, მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, ზიზღის კამპანია, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე. გვახსოვს, რომ ამ აქტივისტების მხრიდან სპორტსმენებზე და მათი ოჯახის წევრებზე მიდიოდა ზეწოლა, ქვეყნდებოდა მათი პერსონალური ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ვინ დგას ამის უკან, ვინ არიან კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც ამ ზიზღის კამპანიას იწყებენ, აღვივებენ, მხარს უჭერენ, ახალისებენ“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

შევქმნით მონაცემთა ბაზას, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულ ყველა პირს შევიტანთ -პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს, – აღნიშნულის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცდილობენ, პარლამენტთან მოაწყონ პროვოკაციები, რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან, აქ ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში.

„ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს.

კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება.

მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია CANVAS-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება. აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

II მსოფლიო ომის მონაწილეები - 2 000, ხოლო II მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები 1 000 ლარს მიიღებენ - მთავრობა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე.

თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა, მთავრობის განკარგულებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - ახალგაზრდები "ოცნების" ოფისისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, ახალგაზრდები კი საპროტესტო მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისისკენ გაემართებიან. 

არა რუსულ კანონს! წინ ევროპისკენ -  ეპიცენტრი, რა თქმა უნდა, კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა. 

 გრანდიოზული აქცია 11 მაისს ევროპის დღეს იგეგმება. 

ფოტო: მთავარი არხი

თელავში, ქუთაისსა და ფოთში "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

თელავში, ქუთაისსა და ფოთში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატი წარწერით: „არა რუსულ კანონს“.

აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერიც მონაწილეობდა.

ქუთაისში, ახალგაზრდები  მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც, მსვლელობით ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან გაემართნენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კვლავ რუსული კანონის უკან გაწვევას და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ისინი "ოცნებას" არ მისცემენ საშუალებას, რომ რუსული კანონპროექტი კანონად იქცეს.

 

 

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულად დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები  1000 ლარს მიიღებენ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე.

თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა, მთავრობის განკარგულებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე - პრეზიდენტის ინიციატივით, ათონელზე კონცერტი გაიმართება

ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე - საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Loudspeakers , დაგადაგანი, quemmekh.

ასევე, "სუხიშვილები" და  ანსამბლი "შავნაბადა".

ბჟანიამ არძინბა "საგარეო საქმეთა მინისტრობიდან" გადააყენა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა "საგარეო საქმეთა მინისტრობიდან" გადააყენა.

ბჟანიამ განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოაწერა. ჯერჯერობით, არძინბას გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება.

"საგარეო საქმეთა მინისტრის" მოვალეობას არძინბას მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შეასრულებს.

ინალ არძინბა აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრად" 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა.

 

20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დარღვევა დაუდგინა

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. 

ევროსასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. 

22 ადამიანს შორის, რომელთა ინტერესებსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა, მშვიდობიანი აქციის 10 მონაწილე, მედიის 11 წარმომადგენელი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით შემთხვევით აღმოჩენილი 1 მოქალაქეა. 

"საიამ საფუძვლიანად შეისწავლა 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდეგ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, გამოძიების არაეფექტიანობა, რაც მათ შორის, ვლინდებოდა გაჭიანურებულ გამოძიებაში, სტატუსის მინიჭების პრობლემებში და ა.შ. ამ ყველაფერთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა, გაიზიარა საიას არგუმენტები და დაადგინა მე-3 მუხლის, ანუ წამების აკრძალვა. ამასთან ერთად, სახელმწიფოს დააკისრა ჯამში 153 600 ევროს გადახდა კომპენსაციის სახით", - აცხადებს ორგანიზაცია. 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონია შესაბამისი ნებელობა და არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა დაადგინა. მიუთითა ისიც, რომ 4-ნახევარი წლის შემდეგ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ არის მისული. სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირდაპირ იყვნენ მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. 

"სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი, არ არსებობს ოფიციალური, სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას", - აცხადებს საია. 

რუსული კანონი ხელს შეგვიშლის საქმიანობაში - ექიმებისა და მეცნიერების მიმართვა

მედიცინის მუშაკები და მეცნიერები რუსულ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას მიმართავენ და აცხადებენ, რომ კრემლის მიერ შთაგონებული კანონი ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და უმთავრეს ღირებულებას - თავისუფლებას. ხელმომწერები სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს:

"ჩვენ, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მყოფი, ქართველი მეცნიერები და მედიცინის მუშაკები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტის დამტკიცებას. კრემლის მიერ შთაგონებული,
ეს, რუსული კანონი ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და უმთავრეს ღირებულებას - თავისუფლებას. 

საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფით.

სოლიდარობას ვუცხადებთ ქუჩაში გამოსულ, ასი ათასობით ადამიანს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს. მათ,  ვინც დღეს ხმამაღლა და დაუღალავად აპროტესტებს ქვეყნისათვის დამღუპველ რუსულ კანონს,  რისთვისაც,  ფიზიკურად უსწორდება სახელმწიფო მანქანა -  ცრემლსადენი და მხუთავი აირით წამლავს საკუთარ მომავალს. ამის მიუხედავად, ხალხი მყარად დგას, თავდაუზოგავად იცავს საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს!

ქედს ვიხრით, მათი გამბედაობის და შეუპოვრობის წინაშე, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში.

აღნიშნული კანონ-პროექტი არა მხოლოდ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ - ანგრევს დემოკრატიისა
და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც,  მსხვერპლად შეეწირება არაერთი თაობა და მისი მომავალი. 

ჩვენ, მეცნიერებს და მედიკოსებს, კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და მხარდაჭერა პროგრესის, ინოვაციებისა და კეთილღეობისათვის. აღნიშნული კანონი არის ფუნდამენტურად რეგრესული და ის შეაჩერებს უკლებლივ ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის მედიცინისა და მეცნიერების. რუსული კანონი შეგვიზღუდავს საშუალებას ვითანამშრომლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მოვიძიოთ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. ხელს შეგვიშლის, უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა, ჩვენი სტუდენტების  მეცნიერების და ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებში  დროული ჩართვა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ყური უგდოს ხალხის ხმას, სტრატეგიული პარტნიორების რჩევას და არ მიიღოს ქვეყნის ინტერესების შეუქცევადად დამაზიანებელი კანონი. " ნათქვამია მიმართვაში, რომელზეც ხელმოწერები გრძელდება.

გამჭვირვალობის კანონპროექტს 13 მაისს განვიხილავთ - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, 10 მაისს კომიტეტის სხდომაზე განიხილება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრულ ცხრა პუნქტთან დაკავშირებული საკითხები, 13 მაისს კი გამჭვირვალობის კანონპროექტი.

„პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული ცხრა პუნქტიდან.

ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის ცხრა პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.

გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს. ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას. ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – წერს ოხანაშვილი.