... ... hotnews.ge - პოლიტიკა

დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. ინფორმაციას თავისუფალი საზოგადოება ავრცელებს.

"უცვლელი მიზანი, დრო და ადგილი! მოდი აქციაზე. არა რუსულ კანონს! ერთობით ევროპისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს თელავშიც დაანონსდა. აქციის მონაწილეები შეკრებას 19:00 საათზე, ერეკლე მეორის ძეგლთან დაიწყებენ.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.

 

7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

"ვლადიმერ პუტინი შეიჭრა საქართველოში, მაგრამ არ შეჩერდა საქართველოში, პუტინი უკრაინაშიც არ შეჩერდება" - ჯეფერსი

წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის "დე­მოკ­რა­ტე­ბის“ ლი­დე­რის, ჰა­კიმ ჯეფ­რი­სის გან­ცხა­დე­ბით, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უნდა გა­აგ­რძე­ლოს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს უფრო ფარ­თო ომი.  მას მი­აჩ­ნია, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ცდი­ლობს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხე­ლახ­ლა შექ­მნას და ამით ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებს საფრ­თხეს შე­უქ­მნის.

"ჩვენ ვერ და­ვუშ­ვებთ უკ­რა­ი­ნას და­ცე­მას, რად­გან თუ ეს ასე მოხ­და, მა­შინ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამე­რი­კას მო­უ­წევს კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვა - არა უბ­რა­ლოდ ჩვე­ნი ფუ­ლით, არა­მედ ჩვე­ნი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბით. თუ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს უკ­რა­ი­ნა­ში, ის არ შე­ჩერ­დე­ბა. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შე­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ის არ შე­ჩერ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ის შე­ვი­და ყი­რიმ­ში, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ მხო­ლოდ ყი­რიმს არ ეხე­ბო­და, რად­გან უკ­რა­ი­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა. უნდა გვჯე­რო­დეს, რომ ასე­თი თან­მიმ­დევ­რუ­ლი აგ­რე­სი­ის ფონ­ზე, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში შე­ჩერ­დე­ბა? რა თქმა უნდა - არა. მო­დით, ნუ და­ვუ­ჯე­რებთ მის სი­ტყვებს, და­ვუ­ჯე­როთ მის მოქ­მე­დე­ბებს და მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი გვთა­ვა­ზობს, რომ მას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის აღ­დგე­ნა სურს, რაც საფრ­თხეს შუქ­მნის ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებს და ლო­გი­კუ­რი შე­დე­გე­ბით გა­მო­იწ­ვევს ამე­რი­კუ­ლი ჯა­რე­ბის ბრძო­ლა­ში ჩარ­თვას“, - აღ­ნიშ­ნა ჰა­კიმ ჯეფ­რის­მა.

ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი..." - სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტებზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, რამაზ ბეღელურის, გატაცებას ეხმაურება:

"ეგრეთწოდებული ერთორწმუნე და ვითომცა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან - არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცეებს მეგობრები და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!"

შეგახსენებთ, რომ ბეღელური 29 აპრილს გაიტაცეს. ის უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ბეღელური ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.

 

 

რუსთაველზე მორიგი აქცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება

"ჟუჟუნა წვიმამ ჩვენი ერთობის ველი დანამა," - რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 5 მაისს, 19:00 საათზე ისევ გაიმართება. 

მოქალაქეები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ - ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და არა რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ აღდგომის ღამეს ახალგაზრდები რუსთაველზე ქაშვეთის ეკლესიაში შეხვდნენ და დღესასწაული ერთად აღნიშნეს. 

პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

სააღდგომო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულეს.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.

სააღდგომო ღვთისმსახურებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ერთად შევხვდეთ აღდგომას! - ახალგაზრდებმა რუსთაველზე შეკრება დაიწყეს

"რუსული კანონის" საწინააღმდეგოდ უწყვეტი პროტესტის 21-ე დღე. რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტები დღესაც იკრიბებიან. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ახალგაზრდები ერთად, ქაშვეთის ეკლესიასთან შეხვდებიან. არა რუსულ კანონს -  კი ევროპას  -  ეს გახლავთ აქციის მონაწილეების მთავარი მოწოდება.

“იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელობა აქციაზე” - ლევან იოსელიანი

იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელობა აქციაზე, ეს  ამ თაობის მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან - ამის შესახებ,

სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი წერს.

 

“მინდა დავწერო, როგორც მოქალაქემ და არა როგორც სახალხო დამცველმა, რთულია მიმდინარე მოვლენებზე განყენებულად საუბარი, იმ პოზიციიდან რაც მიკავია და იმ პასუხისმგებლობით, რაც მაკისრია. მოკლედ ვიტყვი, რომ აქციების დაწყების პირველივე დღიდან, მეც და სახალხო დამცველის აპარატიც სრულად, ვაკეთებთ იმას, რასაც კონსტიტუცია და კანონი გვავალდებულებს, ვნახულობთ დაკავებულებს და დაზარალებულებს, ვაწვდით ინფორმაციას ოჯახის წევრებს და საზოგადოებას, ვაფასებთ პოლიციის მოქმედების პროპორციულობას და მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. აღნიშნულზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე. 

აქ სხვა რამეზე მინდა გამოვთქვა აზრი და ეს, პირველ რიგში, ეხება ჩვენს ახალგაზრდებს, პროტესტის მონაწილეებს, იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელობა აქციაზე, ეს  ამ თაობის მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან.  მე ვიცი ვინ დგას იქ, ისინი ჩვენი შვილები, მათი მეგობრები, ჩვენი მეგობრების შვილები, მეზობლები, ნათესავები არიან.  კატეგორიულად მიუღებელია მათი შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა! მაქვს განცდა, რომ ამ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მათი მშობლების თაობაა (თუნდაც, ისინი განსხვავებულად უყურებდნენ ბევრ რამეს) და ის მომავალიც, რომელიც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული. ჩვენ ვერ ვიქნებით მათ გარეშე და ისინი უჩვენოდ, რადგან ეს ერთი დიდი ოჯახია. 

ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა; ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება. ამ ჯოჯოხეთს ძლივს დავაღწიეთ თავი და იქ  არასდროს უნდა დავბრუნდეთ. სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ შემთხვევაში, მან არ უნდა დაუშვას ძალადობა, ხოლო მოძალადეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.  ძალადობა დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მხრიდანაც, ყველას უნდა გვესმოდეს რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე დგას და ამ ინსტიტუციებს პატივისცემა სჭირდება, პოლიციელების შეურაცხყოფა, გინება თუ ფურთხება კატეგორიულად მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს.

სიძულვილის ენა ის წყევლაა, რაც ათწლეულების მანძილზე არ გვაძლევს საშუალებას გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების ირგვლივ, სიძულვილის ენის გამოყენება არის ადამიანის დეჰუმანიზაციის სამარცხვინო აქტი და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად არჩეული უარგუმენტო გზა, განსაკუთრებით, როცა ჩვენს საამაყო სპორტსმენებზეა  საუბარი, ისინი ბევრად მეტს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს, მათ აქვთ უფლება, აკეთონ საკუთარი საქმე და არავის აქვს უფლება ამუნათოს ამისთვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაც ადამიანის უფლებაა და არა ვალდებულება.

და ბოლოს, ისევ ჩვენს ახალგაზრდებს დავუბრუნდები, ჩვენი ევროპული  მომავლის ფლაგმანს და ვიტყვი, რომ არ შევწყვიტოთ შრომა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ორ სიტყვაში „ადამიანის უფლებები“,  მთავარი სიტყვა ადამიანია.

გილოცავთ, ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერებას, მშვიდობას და სიხარულს გისურვებთ!” - წერს იოსელიანი.

"ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია" - პრემიერი

ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევე, როგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობაძემ აღნიშნა, საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის გაძლიერებაც.

„ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთის საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი რეფორმის პროგრამა ქვეყნის სარკინიგზო სექტორისთვის, რაც გადამწყვეტია საჯარო კორპორაციების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის.

ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოს განვითარებას და ამ საპასუხისმგებლო საქმეში კარგად ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე, გლობალურად დაკავშირებულ მსოფლიოში ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება პარტნიორების გარეშე შეუძლებელია. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მრავალფეროვანი პორტფელი ჩამოგვიყალიბდა როგორც სუვერენულ, ისე კერძო სექტორში. ჯამურად, 4.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიმართება ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების და პროექტების დაფინანსებაზე, როგორიცაა ჩქაროსნული მაგისტრალები, ელექტროგადამცემი ხაზები, სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა.

სიამაყით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა აზიის განვითარების ბანკს 2007 წელს შეუერთდა, როგორც აზიის განვითარების ფონდის ბენეფიციარი; დღეს კი, საქართველოს აღნიშნულ ფონდში უკვე დონორი ქვეყნის სტატუსი აქვს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიზანდასახულობას და საქართველოს განვითარების შეუქცევადობას.

მეგობრებო, ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევე, როგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში.

ამდენად, ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია.

ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი რეფორმებისა და პროექტების განხორციელებას უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო! - ზურაბიშვილი

"როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო, რომლებსაც შემდეგ ხელისუფლებისა და პარლამენტის ქვედა რგოლები საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმეორებენ," - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან პარტნიორებს ბოდიში მოუხადა იმ თავდასხმების გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ნაკლები პროვოკაცია და იმის უფრო მეტი გააზრება უნდა იყოს, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება.

"ჩვენ ასევე ვნახეთ თავდასხმა ჩვენს პარტნიორებზე და მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ სიტყვების გამო, რაც თქვენი ქვეყნების მიმართ იქნა გამოყენებული. თქვენ ის ქვეყნები ხართ, რომლებიც 30 წელზე მეტია - 33 წელია მხარს უჭერენ ამ ქვეყნის ყველანაირ განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კულტურულ ინფრასტურქტურას, ქართული იდენტობის დაცვას; ყველა ის პროგრამა, რომელიც თქვენმა ქვეყნებმა და თქვენმა არასამთავრობო, თუ კერძო ორგანიზაციებმა განახორციელეს იყო საქართველოს ინტერესში.

და ეს ისაა, რაც საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ მათი სახელით, მინდა ამისათვის ოფიციალურად მადლობა გადაგიხადოთ, რადგან (ყველგან რომც არ ჩანდეს) ეს ისაა, რასაც ხალხი ფიქრობს. ქართველებს არასდროს უგრძნიათ თავი რაიმე სახით თქვენი რომელიმე ქვეყნის მონობაში, ან თქვენი დომინანტობა (ბატონობა), განსხვავებით ჩვენი მეზობლებისგან.

ასევე, ადგილი აქვს პროვოკაციასა და ძალადობას კონსტიტუციაზე, რომელშიც, როგორც ყველასათვისაა ცნობილი, ძალიან ნათლადაა ნათქვამი რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე მკაფიოდ არ მომისმენია. მოულოდნელად ისე ჩანს, თითქოს სხვა მიმართულება აქვს საქართველოს. ასე რომ, ესაა კონსტიტუციაზე ძალადობა.

ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და ხელისუფლებასთან თქვენი კომუნიკაციისას ხაზი გაუსვათ მათ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით, პარტნიორებისა და მოსახლეობის მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ რიტორიკაზე. როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო, რომლებსაც შემდეგ ხელისუფლებისა და პარლამენტის ქვედა რგოლები საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმეორებენ.

ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილური გარემო, არჩევნებისკენ წასვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც ყველა იმ მიღებული კანონის შესწორების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ნაკლებ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, უკეთ უნდა აღიქვას რა არის მოსახლეობის ზოგადი ნება.

მინდა გთხოვოთ და ეს გზავნილია თქვენი ხელისუფლებებისთვის - ის პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან გადამწყვეტია, იქნება კანონის მესამე მოსმენა და ვფიქრობ, თარიღების არჩევის მეთოდიც ასევე, ცოტა პროვოკაციულია; ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღდგომის პერიოდში ხდება, რომელიც წესით გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის პერიოდი უნდა იყოს, თუმცა პირიქითაა. ბატონი ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენც მნიშვნელოვანი როლი გაქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობას დაანახოთ სტაბილურობა, დაანახოთ, რომ საქართველო მარტო არაა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს.

ჩემი თხოვნა სწორედ ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაა, შემდეგ, ვიცი რომ ევროპელებისთვის სხვა პერიოდი იწყება - ევროპული საპარლამენტო არჩევნების.," - განაცხადა პრეზიდენტმა.

"თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს" - კახა კალაძე

„ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“, – სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა. სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

„დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი – მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს – სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად. ხვიჩას განცხადება მკაფიოა. ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა!

ასევე, შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!

საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!“ – წერს კახა კალაძე.