... ... hotnews.ge - პოლიტიკა

"რუსული კანონის" განხილვა პარლამენტში ხვალ გაგრძელდება

პარლამენტში რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ გაგრძელდება.

დღეს, 16 აპრილს, პლენარული სხდომა 21:00 საათზე დაიხურა. ეს რეგლამენტით განსაზღვრული წესია.

წესის მიხედვით, სხდომები 7 საათამდე გრძელდება, მაგრამ დეპუტატთა გადაწყვეტილებით, მისი გაგრძელება 9 საათამდეა შესაძლებელი.

სხდომის დახურვამდე მომხსენებელმა მამუკა მდინარაძემ რუსული კანონი წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

ამის შემდეგ პარლამენტის წევრებმა სიტყვით გამოსვლა დაიწყეს.

სხდომა ხვალ კვლავ სიტყვით გამოსვლებით გაგრძელდება, რის შემდეგაც კანონპროექტი პირველი მოსმენით კენჭისყრაზე გამოვა.

პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტმა კიდევ ორი მოსმენა უნდა გაიაროს. კანონი პარლამენტის მიერ მიღებულად მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ითვლება.

 

ხაბეიშვილი "რუსულ კანონზე" პლებისციტს ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის პლებისციტზე გატანას სთავაზობს.

„ფაქტია ვერ ვთანხმდებით. თქვენ თქვენი გადმოსახედი გაქვთ, არავისი არ გესმის, ერთი პარტნიორი არ გყავთ. ჩვენ გვესმის ისე, როგორც არის, თქვენ ამბობთ, რომ სხვანაირად არის. ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოდის. მამუკა, თქვენ თქვით, რომ არცერთი ადამიანი არ გიღირთ ვნებათაღელვად, რაც სწორია. ახლა სპეცრაზმი გყავთ მობილიზებული. ხომ არ გეუბნებით, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, ოპოზიციამ გადაწყვიტოს. მიეცით ხალხს მშვიდად გადაწყვეტის და ცხოვრების შესაძლებლობა. გთავაზობთ შემდეგ რამეს, გაიტანეთ პლებისციტზე არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე ჩაატარეთ. ხალხს მიეცით შესაძლებლობა გადაწყვიტოს მოსწონს თუ არ მოსწონს. თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

 

აქცია "არა რუსულ კანონს" - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

არა რუსულ კანონს! - რუსთაველის გამზირი, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, გადაიკეტა. აქცია პარლამენტის წინ ამ წუთებში იწყება.

პარალელურად, ხმაურია ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პარტია "ახალის" წევრები არიან შეკრებილები.

ეს კანონპროექტი არ არის ფრანგული - ელჩი შერაზ გასრი

ფრანგული კანონი არ არის ქართული კანონპროექტი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.

შერაზ გასრის კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ გამჭვირვალობის კანონპროექტთან შედარებით, უფრო მკაცრ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლას ეხება.

„საფრანგეთში გვაქვს კანონები, რომლებიც განიხილება ჩვენს პარლამენტში. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ქართული კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი და ის, რაც ხდება საფრანგეთში ან მსოფლიოს სხვა ნაწილში, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასაცავად, რის გაკეთებასაც საქართველო აპირებს თავისი მომავლისთვის. შეხედეთ, რა ხდება საქართველოში. შემიძლია, გითხრათ, რომ ფრანგული კანონი არ არის ქართული კანონპროექტი“, – განაცხადა შერაზ გასრიმ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტს, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს.

ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს - ჰულუსი აქარის შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებით.
ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულია აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზადაა თურქულ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

{youtube}https://https://www.youtube.com/watch?v=tQrQ-SMhw-4{/youtube}

„ არც ერთი აკრძალვა ქართულ კანონპროექტში არ არის“-მდინარაძე „გამჭვირვალობის კანონზე“

ვფიქრობ, გუშინდელმა დღემ ბევრი რამ გამოაჩინა და გამოაჩინა ისიც, რომ ერთი მიზეზი, ერთი საფუძველი იმისა, რომ კანონ-პროექტი, რომელიც შეეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, უმარტივესი მიზეზის გამო, რომ მასში არაფერია არალეგიტიმური, რაც საქართველოს არ შეუძლია განახორციელოს, არ შეიძლება რამე კრიტიკასაც კი დაექვემდებაროს, თუმცა ამ კანონის სტიგმატიზება უკვე წელზე მეტია დაწყებულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას,

„უნდა ვთქვა, ჩვენი მოსახლეობისა და საზოგადოების გასაგონად, რას ითვალისწინებს კანონპროექტი. ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ. კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას, რომლის ხერხიც არის ის, რომ ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარედან, ნებისმიერი ქვეყნიდან მიიღებენ შემოსავალს წლის განმავლობაში 20 პროცენტზე მეტს უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები და ყოველი წლის იანვარში წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, რომელშიც მითითებული იქნება შემოსავლები და გაწეული ხარჯები დეტალურად წინა წელთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი ვალდებულება, რაც აკისრიათ მედია და ენჯეო ორგანიზაციებს. ხაზგასმით ვამბობ, არც ერთი აკრძალვა რომელზეც ამ დღეებში სამწუხაროდ მაინც იყო ლაპარაკი, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, არც ერთი აკრძალვა ქართულ კანონპროექტში არ არის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები ვერ აირჩია

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია.

ცესკოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილია, წევრობის კანდიდატთა შორის კი მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი არიან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, "ოცნების" 3 დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პლენარულს სხდომას ვერ ესწრება და კანდიდატებმა 90 ხმა ამიტომ ვერ მოაგროვეს. პაპუაშვილის თქმით, ხელახალი კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი კიდევ ერთხელ შეიცვალა. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებენ.

 

არ დაარღვიოთ კანონი, მშვიდობიანად გამოხატეთ პროტესტი - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან. 
15 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან და მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში გამოხატავდნენ პროტესტს, ხოლო 19:00 საათიდან აქციის წევრებმა შეკრება დაიწყეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი. 


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა პარლამენტის გარშემო მსვლელობის დაწყებისა და მის გარშემო განთავსებისკენ, მაშინ როდესაც შენობაში კვლავ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. 
წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები. ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ჰქონდათ საშუალება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით. 
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა. 
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე. 
სამართალდამცველები უზრუნველყოფენ ადგილზე მართლწესრიგის და როგორც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მყოფი პირების, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

 

"ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი მოხდა გუშინ ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით" - კახა კალაძე

ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, ძალადობას, პოლარიზაციასა და ბულინგს ხელი უნდა შევუშალოთ, რადგან ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი მოხდა გუშინ პარლამენტში ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით.

„კიდევ უფრო მეტი უბედურება იყო ის სტატუსები და განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისებაა. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან ეს ადამიანები რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ. თავიანთი ტელევიზიებით სწორედ ისინი ახალისებენ ქვეყანაში ძალადობას, პოლარიზაციას, ადამიანების ერთმანეთის მიმართ ბულინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა ამგვარ ქმედებებს ხელი უნდა შევუშალოთ, რადგან ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებაზეც, რომელმაც აქციის მსვლელობისას მოქალაქეებს ტრიბუნიდან მიმართა, პარლამენტისთვის ალყა შემოერტყათ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის უფლება დაცულია, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში.

„სამწუხაროდ, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, პროვოკაციული სიტუაცია შექმნან. ჩვენ არაერთი ფაქტის მომსწრენი ვართ, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებები კეთდება. შემდეგ ისინი, ვისაც ახალგაზრდები შეცდომაში შეჰყავს, აქციიდან იპარებიან. რა თქმა უნდა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. თუმცა, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში და მშვიდობიანად გააკეთონ. არავინ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს მიღმა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს, კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოუწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

"გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღესაც აქციის ფონზე ჩაივლის - პარლამენტის მიმდებარე აქციის მონაწილეები უკვე მივიდნენ

"გამჭვირვალობის კანონის" განხილვა დღესაც აქციის ფონზე ჩაივლის. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია დაიწყო. შენობის უკანა შესასვლელთან პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა შეკრება 12 საათზე დააანონსეს.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. საპროტესტო აქციას შეუერთდნენ ჟურნალისტების ნაწილი, ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გადის

"გამჭვირვალობის" შესახებ კანონი დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გადის. 

გუშინ, საკომიტეტო სხდომაზე დაწყებული თითქმის 12 საათიანი ხმაურიანი განხილვის მიუხედავად, კონსენსუსი არ შედგა. არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები მმართველი გუნდის მხრიდან ვერ მიიღეს. ასევე, განმარტავენ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსულია და მისი მიღება ქვეყნის ევროპულ მომავალს დააზარალებს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. მათი განმარტებით, განხილვის პროცესში ვერ მოისმინეს საკმარისი არგუმენტი, თუ რატომ არის კანონი რუსული.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოების შეცდომაში შემყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ეს არის მათი ბრძოლა შავი ფულისთვის.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის უცხოური დაფინანსებაც აღემატება 20%-ს, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნება. საკითხი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიმდინარე კვირაში გავა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კალანდარიშვილსა და ცესკოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს მოუსმინა.

თავმჯდომარეობის ერთადერთ კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს წევრობის 3 კანდიდატს - მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძეს და გია ცაცაშვილს - "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი 3 ეტაპიანი გახდა. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება 2-ჯერ იქნება შესაძლებელი. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებენ.