... ... hotnews.ge - პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც  მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ ხელმძღვანელობს.

 

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. პრემიერ-მინისტრის შეფასებით ამ კუთხით, ისევე როგორც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ბიზნესისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაფორმდა.

 

ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ.

 

"არა რუსულ კანონს, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება" - მდინარაძე ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება.

მამუკა მდინარაძემ განმარტა, სინამდვილეში რას მოიცავს კანონპროექტი და ასევე აღნიშნა, რომ ქართულ პროექტში არცერთი შეზღუდვა არ არის.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთი წელია, ჩვენ მომსწრენი ვართ დიდი აფერის, თითქოს ეს კანონი არის რუსული. რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ – არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში. რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას. ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება, არავის აწყობდეს, საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან.

ვეთანხმები მიდგომას, რომ ევროპული ყაიდის კანონმდებლობა უნდა მივიღოთ, მაქსიმალურად შევუსაბამოთ ევროდირექტივას, რომელიც ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ არის ფრანგული კანონი, რომელიც უკვე მიღებულია ქვედა პალატის მიერ. ამ ეგრეთ წოდებულ ბანერზე რაც ამოგიწერიათ რუსული კანონიდან, არცერთი შეზღუდვა არ არის ჩვენს კანონპროექტში. რომელიმეს თუ ნახავთ, პირობას გაძლევთ, ამოვიღებთ. არათუ უმკაცრესი, არამედ არცერთი შეზღუდვა არ არის ქართულ კანონმდებლობაში. ტყუილია, რომ კანონპროექტი ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, ასევე კრძალავს აქტიურ საარჩევნო უფლებას, პედაგოგიურ საქმიანობას, ჩვენთან მსგავსი არ არსებობს; ასევე ტყუილია, რომ ზღუდავს უფლებებს ქონებათა ფინანსურ ტრანზაქციებზე, ჩვენს კანონპროექტში მსგავსი არ არსებობს, რეესტრში ქვეკონტრაქტორებიც კი შეჰყავსო, საჯაროობისას აწესებს გავლენის აგენტად მოხსენიების ვალდებულებასო, ჩვენთან მსგავსი არ არსებობს; აწესებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასო, არც ასეთი არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

„ როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს“-მდინარაძე ოპოზიციაზე

როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს, ნუ ყვირით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის წარმომადგენლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, კანონპროექტის განხილვას ხელი შეუშალოს, რათა საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს.

„ქალბატონო სალომე, თქვენი დესტრუქცია რაში მდგომარეობს იცით? როგორც კი გადავედი ერთადერთ ვალდებულებაზე, რაც კანონის ობიექტებს ევალებათ, იმწუთას შეეცადეთ, რომ შეგეშალათ ხელი. ამას აკეთებთ თქვენ, ამას აკეთებს ქალბატონი თინა [ბოკუჩავა]. მაგრამ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას მაინც უნდა ვუთხრათ ის, რაც წერია ამ კანონპროექტში. ერთადერთი ვალდებულება, რაც გააჩნიათ, რეესტრში დარეგისტრირება და წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსებაა. რატომ აკეთებენ [ოპოზიციის წარმომადგენლები] ამას იცით? ხალხმა რომ არ გაიგოს. პირდაპირი მტკიცებულება, როგორ უნდათ სხდომის ჩაშლა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

„რუსული კანონის“ განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. 

აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიების წარმომადგენლები, მათ შორის აკრედიტებული ჟურნალისტები, რომლებიც დღეს პარლამენტში არ შეუშვეს, ასევე, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები. ადგილზე ისმის შეძახილები: "არა რუსულ კანონს!"; "მონებო", გაშალეს ევროკავშირის დროშა.

ქალაქში გამოჩნდა „ქართული ოცნების“ დაკვეთით დაბეჭდილი პლაკატები, QR კოდით მომხმარებელს შეუძლია გადავიდეს ბმულზე და გაეცნოს „გამჭვირვალობის კანონს“

წაიკითხე გამჭვირვალობის კანონი, თავი არავის მოატყუებინო! დადექი საქართველოს მხარეს! - ამ წარწერით ქალაქში გამოჩნდა "ქართული ოცნების" დაკვეთით დაბეჭდილი პლაკატები.

პლაკატებზე დატანილია QR კოდი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია  გადავიდეს ბმულზე და გაეცნოს "გამჭვირვალობის კანონს"

 

ირანის თავდასხმა ისრაელზე - G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ

დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით 
განცხადებას ავრცელებენ.

"ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთხოებისადმი. ამ ქმედებებით ირანმა რეგიონში დესტაბილიზაციისა და რეგიონული, უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გაზრდისკენ ნაბიჯი გადადგა. ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული", - წერია განცხადებაში. 

ისინი ირანისა და მისი მარიონეტებისგან თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვენ. ასევე, გამოთქვამენ მზადყოფნას, მიიღონ შესაბამისი ზომები დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.

ირაკლი კობახიძე აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საჯარო დისკუსიას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საჯარო დისკუსიას სთავაზობს.

როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის - ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა განსაკუთრებული პრიორიტეტია.

„საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის - ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვაფასებთ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, მათ ყველა საფუძვლიან რჩევასა და რეკომენდაციას მომავალშიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდებით.

საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.

ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს - ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია მოვეკიდოთ.

თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ.

გასული დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, ეს განცხადებებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას.

მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა.

ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

"ეს კვლევები საუკუნის ანეკდოტია "- სააკაშვილი

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა. 

მიხეილ სააკაშვილი კვლევის შედეგებს ეხმაურება და საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე პოსტს ავრცელებს: 

"გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი.
ჩვენ გავიმარჯვებთ !
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია"

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ცხელი ხაზი მოქმედებს.

"შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები:

+972 52-6919092;

+972 52-7583344;

+972 54-7386813;

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი (ბავშვი). დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ. 

"ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს! აღფრთოვანებულები ვართ ქართული ენის უნიკალურობით" - აშშ-ის საელჩო

"ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს! ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ."

წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

"გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი არაჩვეულებრივი დედაენა არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს" - პრეზიდენტი

"გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი არაჩვეულებრივი დედაენა არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს და რაც კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ჩვენი ძალა და ენერგია."

ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

14 აპრილს ქართველმა ერმა გადაარჩინა დედაენა - ახლაც არის არჩევანი, შეინარჩუნო საყრდენები, თუ სხვას მიანდო შენი ხვალინდელი დღე - შალვა პაპუაშვილი

1978 წლის 14 აპრილს ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა, უკვე მერამდენედ, დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, როგორც საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ქვაკუთხედი,” - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორს შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ისტორია მეორდება. მანამდეც და მერეც, საქართველო მრავალჯერ მდგარა დიდი გამოცდის წინაშე, თვითმყოფადობის და თავისუფლების დასაცავად.

მისი თქმით, ყოველთვის, მაშინაც და ახლაც, არის არჩევანი, შეინარჩუნო შენი საყრდენები, თუ სხვას მიანდო შენი ბედი, შენი ხვალინდელი დღე.


,,1978 წლის 14 აპრილს ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა, უკვე მერამდენედ, დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, როგორც საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ქვაკუთხედი. მანამდეც და მერეც, მრავალჯერ ვმდგარვართ ამ დიდი გამოცდის წინაშე, თვითმყოფადობის და თავისუფლების დასაცავად.

ყოველთვის, მაშინაც და ახლაც, არის არჩევანი, შეინარჩუნო შენი საყრდენები, თუ სხვას მიანდო შენი ბედი, შენი ხვალინდელი დღე.

ისტორია მართლაც მეორდება. სხვადასხვა დროს, ხან რა იყო გადასარჩენი, ხან რა. ზოგჯერ ენა, ზოგჯერ რწმენა, ზოგჯერ სახელმწიფო, ზოგჯერ კი სამივე ერთად. თავისუფლებისთვის ბრძოლის გრძელი და ეკლიანი გზა სწორედ ამ სამივეს გადასარჩენად გამოიარა ქართველმა ხალხმა, რადგან არ არსებობს ერი იდენტობის გარეშე და არ არსებობს სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე.

დღეს დედაენის დღეა. ქართველებისთვის წმინდა საფიცარის დღე. უძველესი ქართული ენა, ცურტაველის, რუსთაველის, ილიას და გალაკტიონის ენა. ამ ენაშია განფენილი ჩვენი არსი, სულიერება და ცხოვრების წესი.

წყალნი წავლენ, ქართული ენა და ჩვენი ისტორია კი გაგრძელდება, მებრძოლი და თავისუფალი ერის ისტორია”, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.