... ... hotnews.ge - პოლიტიკა

"საზოგადოება გუშინ დარწმუნდა, რომ არის მცდელობა, ყვირილით გადაფარონ მსჯელობა" - შალვა პაპუაშვილი

მგონი, საზოგადოება გუშინ დარწმუნდა, რომ არის მცდელობა, ყვირილით გადაფარონ მსჯელობა. ჩვენ ახლა ვართ ქართულ საზოგადოებაზე დეზინფორმაციული შტურმის მოწმე, სადაც კვლავ ცდილობენ, სლოგანებით, ლოზუნგებით, დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დოგმატიზმია, როდესაც არგუმენტების წარმოდგენის ნაცვლად, მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი.

„ჩვენ რასაც ვისმენთ, რუსული კანონი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის დოგმით მსჯელობა, როდესაც აღარ შემოდიან არგუმენტში. გუშინ ცხრა საათის განმავლობაში მამუკა მდინარაძე სვამდა მთავარ კითხვას. ვინაიდან, იმისთვის, რომ გამოავლინო დოგმატური არგუმენტები და დოგმატიზმი, არსებობს ერთი მარტივი ხერხი, ეს არის მარტივი კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე როდესაც არ არის არგუმენტირებული და ლოგიკური პასუხი, ესე იგი ჩვენ საქმე გვაქვს დოგმასთან, რწმენასთან, რომელიც უნდათ, წარმოადგინონ როგორც არგუმენტი.

გუშინ დაისვა კითხვა, რატომ და ვერ გასცეს პასუხი. საქმე გვაქვს დოგმებთან. პასუხი იყო, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს. ბრიუსელი და ვაშინგტონი ხომ გეუბნებიან, რომ არა. ამ ქვეყანას გამოვლილი აქვს სხვადასხვა ეტაპი თავის ცხოვრებაში და ამ ხალხსაც გამოვლილი აქვს სხვადასხვა ეტაპი. ჩვენ ბოლო 30 წელია, ერთი რამ ვიცით, მთავარია, რას ამბობს ქართველი ხალხი და არა ის, რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებთან, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, რომ ვეკითხებით, რატომ არ უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს არ უნდა. ვეკითხებით საზოგადოების ამ ნაწილს ვეკითხებით, რატომ არ გინდათ, რადგან უცხოელები გვეუბნებიან, არ მიიღოთო. ასეთი ურთიერთმითითება მიდის. შეგახსენებთ, ზუსტად იგივე ხერხი იყო გამოყენებული ე.წ. ვეტინგის დროს. ვეკითხებით არასამთავრობო სექტორს, რატომ უნდა იყოს, უცხოეთიდან გვეუბნებიან, ჩაატარეთო. ვეკითხებით უცხოელებს, რატომ უნდა ჩავატაროთ, იმიტომ, რომ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენო. სინამდვილეში, არის მცდელობა, რომ ჩვეულებრივი დოგმატიზმით აუკრძალონ საზოგადოებას აზროვნება. ვხედავთ, რომ საზოგადოებამ ეს ეტაპი გამოიარა და ძალიან კარგად ხვდება, რომ მსჯელობის ალტერნატივა არ არსებობს. დოგმებით საუბარი და მსჯელობის ჩახშობა აღარ გამოუვათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აქციაზე 14 პირია დაკავებული - შსს-ს განცხადება

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რამდენიმე საათია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა.

"საქართველო არ შეეგუება რუსეთიზაციას" - სალომე ზურაბიშვილი

რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სამოქალაქო საზოგადოების მასიური მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. "სპეცნაზი" წყლისა და გაზის ბალონებით მზად არიან გადავიდნენ მოქმედებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს. დაკავებები გრძელდება. საქართველო არ შეეგუება რუსეთიზაციას" 

იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

11-საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მიზანია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

„აქედან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და შესაბამისი სუბიექტების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოაწესრიგებს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო აქტი მხოლოდ ინფორმირების მიზანს ემსახურებოდეს და მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ შეუზღუდოს ჩვეული საქმიანობის განხორციელება.

გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი კანონმდებლობა და პრაქტიკა არსებობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის, მაგალითად, აშშ, ავსტრალია, ისრაელი; კერძოდ, აშშ-ში მოქმედებს უცხოური გავლენის აგენტთა რეგისტრაციის შესახებ აქტი (Foreign Agents Registration Act (FARA))1 ; 2018 წელს ავსტრალიამ აშშ-ის კანონის ნიმუშის მიხედვით მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის შესახებ აქტი (Foreign Influence Transparency Scheme Act (FITSA))2 ; ისრაელის ქნესეთმა 2016 წელს ანალოგიური ცვლილება შეიტანა 2011 წლის კანონში უცხოური პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილ სუბიექტთა გამოვლენის ვალდებულების შესახებ.

ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტი განმარტავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება კანონპროექტის ძირითად არსს, წესრიგდება შემდეგი საკითხები:

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;
სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის საკითხი;
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი“, - ნათქვამია მასში.

მოვუწოდებთ, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას - შსს-ს განცხადება აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

პარლამენტის წინ აქცია „არა რუსულ კანონს!" მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს შორის არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ჩვენ არ უნდა დავიღალოთ. „ქართული ოცნება“ გაწელავს ახლა ამ პროცესს და ჩვენ პრინციპულად, ჯიუტად უნდა ვიდგეთ აქ, მივაღწიოთ მთავარ შედეგს. მთავარი შედეგი არის მინიმუმი – ამ კანონის საერთოდ გაუქმება და ისტორიის სანაგვეზე მოსროლა“, – განაცხადა  პოეტმა რატი ამაღლობელმა მიმდინარე აქციაზე.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დილიდან მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს, ჩენ ჭოუს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  გასულ წელს, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
ხაზი გაესვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შედეგია საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაფორმდა. 
დელეგაციის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადეს პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის. 
თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ასევე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  მარკ კლეიტონს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური  სტანდარტის დაკმაყოფილება. 

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ.

 

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას შეტევისკენ მოუწოდებს

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას შეტევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ერთიანობისა და შეტევის დროა! მოვუწოდებ ყველა თაობის ჩემს მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ რუსული კანონის წინააღმდეგ დღეიდან დაწყებულ ყველა აქციაში და დაიცვან საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სცემა - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა

ამ წუთებში პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა. "მოქალაქეების" დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა "ოცნების" დეპუტატ, მამუკა მდინარაძეს, რომელიც რუსულ კანონს წარადგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი გაარტყა. 

შემდეგ დაპირისპირება სხვა დეპუტატებს შორის გაგრძელდა. პარლამენტის ლაივ სტრიმი გათიშულია.

"ბიჭო რუსეთში მიგვაქანებენ, აღარ არის აქ სხვა ამბავი, რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ, ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ**ში ამათ", - თქვა გარეთ გამოსულმა ელისაშვილმა.

"მზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერის მიერ დიპლომატებისთვის შეთავაზებულ დისკუსიაში" - შალვა პაპუაშვილი

საჯაროობა დემოკრატიის საფუძველია, შესაბამისად, მივესალმები პარტნიორი ქვეყნების ელჩებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოხატავს მზაობას, ჩაერთოს პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაში, რათა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ამომწურავი პასუხი გაეცეს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ამ კანონპროექტის გარშემო არსებობს.

„საჯაროობა დემოკრატიის საფუძველია. შესაბამისად, მივესალმები პარტნიორი ქვეყნების ელჩებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით. დიპლომატიური საქმიანობისთვის უცნაური მოვლენაა, როდესაც უცხოელი დიპლომატები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დებატების უშუალო მონაწილედ მიიჩნევენ თავს. როგორც წესი, ასეთ დროს გარე მონაწილეებისთვის შეუძლებელია ხოლმე ცხარე პოლიტიკურ კამათში ობიექტური შეფასებების შენარჩუნება, რაც აჩენს რეპუტაციული ზიანის რისკებს. ჩვენ ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით მსგავს საკითხებს და მაქსიმალურად ვცდილობდით სამუშაო ფორმატებში აზრთა ურთიერთგაცვლას. თუმცა, პოლიტიკურ პროცესებში დიპლომატების აქტიურობის გამო, მზად ვართ, ჩავერთოთ პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაშიც, რათა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ამომწურავი პასუხი გაეცეს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ამ კანონპროექტის გარშემო არსებობს.

მზად ვართ, პრემიერთან ერთად, მოვისმინოთ დასაბუთებული არგუმენტები ჩვენი მეგობრების მხრიდან, რაც თავისთავად დიდად წაადგება კანონშემოქმედებით პროცესს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის საკითხებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გაიმართება გამჭვირვალედ, ინკლუზიურად და არგუმენტირებულად“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ვინ იყო ბიჭი, რომელიც 9 აპრილს რუსულ ტანკს ჯოხით შეებრძოლა

ალბათ, საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გოგა ხაინდრავას გადაღებული კადრები და ის საოცრად ემოციური მომენტი არ უნახავს, როდესაც ქართველი ბიჭი რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამს. ის 9 აპრილის დაუმორჩილებლობის სიმბოლოდაც იქცა. ეს ბიჭი ირაკლი (შმაგი) დოლიძე იყო, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში ტრაგიკულად დაიღუპა.

 

„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მაია კიკაბიძე ფოტოს აქვეყნებს და სწორედ ამ მამაც ბიჭზე, ირაკლი (შმაგი) დოლიძეზე წერს.

„ერთი ბიჭი იყო, ირაკლი (შმაგი) დოლიძე, როდის გავიცანი და როგორ, არ მახსოვს, 13 წლის ვიყავი, დაახლოებით. ერთ უბანში ვცხოვრობდით, მაჩაბლის ქუჩაზე ცხოვრობდა, ჩემზე უფროსი იყო ერთი წლით და ჩემი ლამაზი კლასელი უყვარდა. შმაგი იყო ძალიან უცნაური და განსხვავებული სახელიც, შმაგი დაირქვა, ასე დამიძახეთო, მხიარული, ხმამაღალი, იმ ეპოქისთვის ძალიან თავისუფალი იყო. უცბად, საიდან სად გაჩნდებოდა ხოლმე, მეორე სართულიან ხტებოდა. მთამსვლელობა უნდოდა, ერთხელ, ვიღაცამ ბათინკები აჩუქა, დიდი, ბრაგუნა ბათინკები და ზაფხული იყო, იმით დადიოდა, მთაში მივდივარო, მე და ჩემს კლასელს სულ დაგვყვებოდა აქეთ-იქით უბანში, რაღაცებს გვიყვებოდა ხელგაშლილი, ემოციურად აჟიტირებული ხასიათით და იპრანჭებოდა.

ერთხელ, დამიძახა და ხელი გავიჭერიო, მითხრა, მუშტი შეკრული ჰქონდა, გაშალა და ვხედავ, ხელის გული გაჭრილი ჰქონდა, ნემსით და ძაფით ამოუკერია, უნდოდა, ეს ვაჟკაცობა მომეყოლა ჩემი მეგობრისთვის.

ყოველდღე მხვდებოდა თითქმის, უბანში, ხან - თავის ქუჩაზე, ხან - „ბირჟასთან“, სულ სოლოლაკში და ამ დროს, ყველგან იყო. თავისუფლება ცხოვრობდა მასში, უშუალო ადამიანი, პატარასთან და უფროსთან ერთნაირად მეგობრობდა და ყველას უყვარდა, მასზე არასოდეს გამიგონია რამე უარყოფითი.

ყველა იცნობდა, თბილისი იცნობდა. ერთ დღეს, სახლში მივედი და დედაჩემმა ძალიან ცუდი ამბავი მოხდაო, მითხრა...

რამ გამახსენა შმაგი...

გუშინ ტვ-ში, ფიქრია ჩიხრაძე იგონებდა 9 აპრილს. არასოდეს არავის უხსენებია და მან ახსენა - იყო ერთი, პატარა ბიჭი, შმაგი დოლიძეო, აი ისო, პატრიარქი ვინც გაიყვანა და აეფარაო, კადრშიც ჩანსო, მიკროფონიც უჭირავს, ეს ის ბიჭიაო, ჯოხს რუსულ ტანკს რომ ურტყამს, უკან დაიხიეთო, კადრებშიც ჩანსო... გული გამიჩერდა, 9 აპრილს გადარჩა, ისეთი იყო, რომ იქიდან ბევრს გამოიყვანდა და გადაარჩენდა. ერთი წელი იყო გასული 9 აპრილის შემდეგ, რუსთაველზე იდგა, ტაქსის აჩერებდა და მანქანა დაეჯახა. იყო ასეთი ადამიანი, კარგი და საამაყო შმაგი, - წერს მაია კიკაბიძე.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.