... ... hotnews.ge - დაიჯესტი

ტვინის სიმსივნეს ახალი მეთოდით უმკურნალებენ

იტალიელმა სწავლულებმა, ტრიესტის უნივერსიტეტიდან, ტვინის სიმსივნის გენური თერაპიის ახალი მეთოდი გამოიგონეს. მათ მიერ ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ახალი მიდგომა შეიძლება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს, რადგან ტვინის სიმსივნის შემთხვევაში, ხშირად, ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია. როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, Emx2-ის გენი, ადამიანის ემბრიონის განვითარების გარკვეულ სტადიებზე ძალზე აქტიურია და ტვინში ნეირონების ფორმირებას უწყობს ხელს, ხოლო მომავალში ის „ითიშება“. ამის შემდეგ, ნეორონების ფორმირების პროცესი ნელდება და იწყება ასტროციტების ფორმირება, რომელთა მეშვეობითაც იკვებებიან უკვე არსებული ნეორონები. სწავლულთა თქმით, ამ გენის ხელოვნურად აქტივაციის შემთხვევაში, ის არა მარტო ასტროციტების ფორმირებას შეაჩერებს, არამედ, მისი მსგავსი სიმსივნური უჯრედების განვითარებასაც შეაფერხებს. გენეტიკოსებმა დაადგინეს დნმ-ის არეალი, რომელიც მხოლოდ დაავადებულ უჯრედებში მისი გააქტიურების საშუალებას იძლევა, ჯანმრთელი უჯრედები კი დაუზიანებელი რჩება.

 

 

სექსი მეხსიერებას აქვეითებს?

ყველაფრის მკვლევარმა ბრიტანელმა სწავლულებმა დადგინეს, რომ ინტიმური კავშირი გავლენას ახდენს ადამიანის მეხსიერებაზე. ამის მაგალითად მათ 54 წლის ამერიკელი ქალის ისტორია მოჰყავთ, რომელიც კლინიკაში პანიკურ მდგომარეობაში მიიყვანეს. გაირკვა, რომ მას საერთოდ არაფერი ახსოვდა, რა ხდებოდა მის თავს, ბოლო 24 საათის განმავლობაში. ეს კი ქმართან სექსის შემდეგ დაემარტა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ქალი, ეგრეთ წოდებული, გლობალური ამნეზიით დაავადდა, რომელიც დროებითი ხასიათისაა, მაგრამ მისი გამოვლენის სიმწვავის გამო, ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანზე. მედიკოსები ამბობენ, რომ ეს სრულიად არ ვნებს ტვინს, რაც ქალის ტვინზე ჩატარებულმა სკანირებამაც დაადასტურა. სტატისტიკის თანახმად, წელიწადში ყოველ 100 ათას ადამიანზე 5-მდე ასეთი ამნეზიის შემთხვევა მოდის. ჩვეულებრივ, მეხსიერება რამდენიმე საათის შემდეგ აღდგება. ყველაზე ხშირად კი გარდამავალი გლობალური ამნეზია 50-60 წლის ადამიანებს ემართებათ.

ჭარხლის ყავას მიეძალნენ

„მწვანე კონინენტზე“ ახალი გატაცება გაჩნდა - ყავა ჭარხლის წვენის დამატებით. კაფეებისა და რესტორნების ბარისტები ერთმანეთს ეჯიბრებიან ყველაზე გემრიელი და მატონიზირებელი ჭარხლის „ესპრესოსა“ და ნაზი ვარდისფერი „ლატეს“ მომზადებაში. ჭარხლის ყავა, მასში ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო, საკმაოდ პოპულარულია მათ შორის, რომლებიც ჭარბ წონას ებრძვიან, კუნთებს იყენებენ, მძიმე ფიზიკური ან გონებრივი შრომით არიან დატვირთულნი. განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარხლის ყავა ნუშის, ან სოიოს რძის, კოჭასა და სხვა სანელებლების დამატებით. ასეთი სასმელი ნამდვილი სუპერპროდუქტია ვეგეტარიანელებისთვის და მათთვისაც, რომლებსაც რძის აუტანლობა აქვთ. ჭარხლის ყავასთან ერთად, ავსტრალიელები ჭარხლისა და შოკოლადის დესერტს მიირთმევენ.

მწვანე ჩაი ინსულტის რისკს ამცირებს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა, ჩინელ კოლეგებთან ერთად, ჩინეთში დაავადებათა სტატისტიკა შეისწავლეს. ამ გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მწვანე ჩაის ხშირი და ხანგრძლივი მოხმარება მნიშვნელოვანწილად ამცირებს იშემიური ინსულტის - ტვინის რომელიმე ნაწილის სისხლით მომარაგების დარღვევის რისკს. ავსტრალიელმა სწავლულებმა ჩინეთის საავადმყოფოებში 400-მდე პაციენტი გამოიკვლიეს, რომელთაც ინსულტი გადაიტანეს და კიდევ 500-მდე ადამიანი - საკონტროლო ჯგუფის რანგში. იშემიური ინსულტის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნებოდა, სულ მცირე, კვირაში ერთი ფინჯანი მწვანე ჩაის მიღების შემდეგაც კი. ხოლო ყვლაზე მეტად ეს რისკი მათში მცირდებოდა, რომლებიც ამ სასმელს ყოველდღიურად, ერთ ან ორ ფინჯანს მაინც სვამდნენ. ჯერჯერობით, ზუსტად არ არის დადგენილი ის ბიოლოგიური მექანიზმები, რაც მწვანე ჩაის ამ თვისებას უკავშირდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩაის კომპონენტებს შეუძლიათ არტერიული წნევის დაწევა, ასევე ხელს უშლიან თრომბების წარმოქმნასა და ათეროსკლეროზის განვითარებას.

ჭორაობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გაარკვია, რომ მეგობრებთან რეგულარული ურთიურთობა და საუბარი ქალს უფრო ჯანმრთელსა და ბედნიერს ხდის. ამის მიზეზი პროგესტერონის - იმ ჰორმონის დონის მომატებაა, რომელიც სტრესისა და შიშის გრძნობას ახშობს. სწავლულები ამბობენ, რომ ჰორმონის დონე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალურ ურთიერთობებში. კერძოდ, რაც მაღალია მისი დონე, მით უფრო იზრდება სხვების დახმარების სურვილი, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის გაწირვის რისკს უკავშირდებოდეს. პროგესტერონის დადებით თვისებებზე აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა მეცნიერებმა მხოლოდ ახლა დაადგინეს, რომ ჭორაობა და ბევრი ლაპარაკი არსებითად ზრდის ამ ჰორმონის დონეს. გარდა ამისა, ბრიტანელი მკვლევარების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით გაირკვა, რომ ჭორაობა გავრცელებულ დამოკიდებულებათა ტოპ-ათეულში მე-7 ადგილს იკავებს. სიას კი ყავა, შოკოლადი დ სოციალური ქსელი - Facebook ლიდერობენ.

კბილები გატეხილი გულის წილ

34 წლის პოლონელმა სტომატოლოგმა ქალაქ ვროცლავიდან, ანა მაკოვიაკმა ყოფილ საყვარელს, 45 წლის მარეკ ოლშევსკის სამაგიერო სასტიკად გადაუხადა - მას ყველა კბილი ამოუღო. დაშორებიდან ცოტა ხანში მარეკმა, სისულელით ჩაიდინა ეს, თუ სიძუნწის გამო, კბილების პრობლემის მოსაგვარებლად, კვლავ ანას მიმართა. დაშორებით გამწარებულმა დანტისტმა პაციენტი დააძინა და ნარკოზის ქვეშ მყოფს ყველა კბილი დააძრო. „სამუშაოს“ დასრულების შემდეგ, გამოფხიზლებულ ყოფილ საყვარელს ანამ განუცხადა, რომ საქმე რთულად ჰქონდა და სპეციალისტთან სტუმრობა ურჩია. „თავის ხელში აყვანას ვცდილობდი, მაგრამ ჩემს წინ დაძინებული რომ დავინახე, თავი ვერ შევიკავე. გავიფიქრე, ამ ნაგავმა პასუხი უნდა აგოს იმ ტკივილისთვის, რაც მომაყენა. გატეხილი გულის ტკივილი კბილის ტკივილს არ ჩამოუვარდება“, - განაცხადა სასამართლოზე შურისმაძიებელმა დანტისტმა. მარეკის ახალმა საყვარელმა უკბილო მეგობარი მალევე მიატოვა, დაზარალებულს, პირის ღრუს მოსაწესრიგებლად, საკმაო დრო და თანხა დასჭირდება. ანა მაკოვიაკს სამუშაო ლიცენზია ჩამოართვეს და მას სამწლიანი პატიმრობაც ემუქრება.

ახალი სახეობის საწვავი აღმოაჩინეს

როგორც ჩანს, ებრაელი სწავლულები ბენ-გურიონის უნივერსიტეტიდან, შეძლებენ, ენერგეტიკის სფეროში „მწვანე რევოლუცია“ მოხდენას. მათ მიერ შემუშავებული ეკოლოგიური ნედლეულის წარმოების პროცესი, რომელიც ნავთობს შეცვლის, დედამიწაზე ყველაზე უფრო გავრცელებული ორი ქიმიური ნაერთის - წყლისა და ნახშირმჟავა აირის გამოყენებას გულისხმობს. საწვავის სხვა, ალტერნატიული წყაროებისგან განსხვავებით, რომლებიც ელექტრონულ ელემენტებს შეიცავენ და მისი შექნისთვის დამატებითი ინსფრასტრუქტურაა საჭირო. ახალი, „მწვანე“ ნედლეული, უბრალოდ, შეცვლის ნავთობს, რომელსაც გამოიყენებენ საწვავის გადამამუშავებელ ქარხნებში. მეცნიერების თქმით, ეს ინოვაციური ტექნოლოგია კატალიზაციის პროცესს ეფუძნება, რომლის დროსაც განსაკუთრებულ მეთოდს იყენებენ და რომლისთვისაც აქამდე არავის მიუმართავს. ეს პროცესი სინთეტური აირის გამოყენებას გულისხმობს, რომელიც წყალბადისა და ნახშირმჟავა აირის შერწყმით მიიღება. მისი მასობრივი წარმოებისთვის ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ხედავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „მწვანე საწვავის“ ახალი სახეობა, შესაძლოა, სულ მალე, 5-10 წელიწადში ყველგან გამოიყენონ.

კაკალი გახდომაშიც დაგეხმარებათ

კაკლის რეგულარული მომხმარება ხელს უწყობს წონის დაკლებას და სიმსუქნის განვითარების ალბათობას ამცირებს, - აცხადებენ ამერიკელი სწავლულები, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან. სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 40-დან 75 წლამდე ასაკის 50 ათასზე მამაკაცი და 24-დან 44 წლამდე ასაკის 30 ათასამდე ქალი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ ნებისმიერი სახის კაკლის მოხმარების გაზრდა ჭარბი წონის მომატების ნაკლებ რისკს უკავშირდებოდა. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ პორცია ნიგოზს (28 გრამი) კიდევ 14 გრამს ამატებდნენ, ზედმეტი კილოგრამების პრობლემა არ ჰქონდათ. სწავლულების თქმით, ასეთი ეფექტის მიზეზი ის არის, რომ ნიგვზის ღეჭვა ადამიანისგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, რის შედეგადაც იხარჯება კალორიები და ნაკლები ენერგია რჩება სხვა პროდუქტების საჭმელად. გარდა ამისა, კაკალში უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო, ადამიანი უფრო დიდხანს გრძნობს თავს დანაყრებულად.

ჯაგრისი ხელოვნური ინტელექტით

შეერთებულ შტატებში გამოჩნდა კბილის ჯაგრისი ხელოვნური ინტელექტით. სიახლე კომპანიებს Oral-B და Procter & Gamble ეკუთვნით. ჯაგრისს Genius X დაარქვეს.  „ჭკვიანი“ გაჯეტის შემქმნელები აცხადებენ, რომ ჯაგრისი მომხმარებელს დაეხმარება, ყოველდღიურად განსაზღვროს კბილების გახეხვის აუცილებელი დრო. სპეციალისტებმა ალგორითმი შექმნეს, რომელიც ჰიგიენის ამ პროცესს გააუმჯობესებს. კბილების გახეხვისას აუცილებელია, შესაბამისი აპლიკაციის გააქტიურება „სმარტფონში“. ჯაგრისი მომხმარებელს იმასაც აუწყებს, ზედმეტად მაგრად ხომ არ აწვება ის კბილის ემალსა და ღრძილებს.

ხელმძღვანელების ზარებს არ უპასუხოთ

ავსტრალიის ხელისუფლებამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს უფლებას აძლევს, არ უპასუხონ ხელმძღვანელების ზარებს, ან შეტყობინებებს, თუკი ეს არასამუშაო დროს ხდება. მთავრობა ამას იმით ხსნის, რომ შრომითი კოდექსის შესწორებები მიმართულია თანამშროლების პირადი ცხოვრების უფლების დაცვაზე. „ადამიანი, რომელსაც 24-საათიანი ანაზღაურება არ აქვს, არ უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი არ არის არასამუშაო დროს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალბანეზემ. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებსაც დამსაქმებლებისთვის, რომლებიც საკუთარი თანამშრომლების სიმშვიდეს არასამუშაო დროს დაარღვევენ.

 

თირკმლიდან 300 კენჭი ამოუღეს

ტაივანის ქალაქ ტაინანის მცხოვრებ 20 წლის ქალს თირკმლიდან 300-ზე მეტი ქვა ამოუღეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გოგონა კლინიკაში წელის მწვავე ტკივილებითა და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მისი მარჯვენა თირკმელი გამოტენილი იყო წვრილი კენჭებით. პაციენტმა აღიარა, რომ ძალიან ცოტა სითხეს იღებს და წყურვილს უფრო მეტად გაზიანი სასმელით, ან ცივი ჩაით იკლავს. ჩანს, თირკმელები ქრონიკული გაუწყლოებისგან დაზიანდა. მედიკოსებმა შეძლეს, ავადმყოფის თირკმლიდან კენჭების ამოღება მინიინვაზიური ოპერაციით, რის გამოც ისინი ძალიან ამაყობენ. მათ 300-ზე მეტი მინერალური წარმონაქმნი ამოიღეს, რომელთა ზომები 0.5-დან 2 სანტიმეტრამდე იყო. ეს კლინიკური შემთხვევა ცხადი მაგალითია იმისა, როგორი საშიშია არასწორი კვებითი ჩვევები და სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება.

ქალმა ყოფილ შეყვარებულს ერთ დღეში 100-ჯერ 12 სხვადასხვა ნორმიდან დაურეკა - მისი საქმე სასამართლომ განიხილა

დიდ ბრიტანეთში სასამართლო პროცესი გაიმართა ქალის მიმართ, რომელიც ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგაც მას ზარებით და მესიჯებით ატერორებდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მანჩესტერში მცხოვრებმა ესპანელმა ემილიო აგუერომ საჩივარი შეიტანა 29 წლის ჰოუპ შიკის წინააღმდეგ, რომელთანაც ის ადრე რომანტიკულ ურთიერთობაში იყო. კაცმა თქვა, რომ შიკთან დაშორების შემდეგ ქალი მას ყოველ დღე ასობით მესიჯს უგზავნიდა და ურეკავდა.

ერთ დღეს ბრიტანელმა ქალბატონმა ყოფილ ბოიფრენდს 12 სხვადასხვა ნომრიდან 100-ჯერ დაურეკა და ურთიერთობის განახლება მოსთხოვა.  

აგუერო პოლიციას დაუკავშირდა და სამართალდამცველებს უთხრა, რომ ის მუდმივ შიშში ცხოვრობდა ყოფილი შეყვარებულის  ხრიკების გამო. კერძოდ, სახლიდან გასვლის ეშინია. თუ სადმე მაინც დასჭირდება, უკანა კარს ხმარობს, რომ ქუჩაში შიკის არ გადაეყაროს.

სასამართლოზე ქალმა დანაშაული სრულად აღიარა. მას სასამართლომ ერთწლიანი პირობითი თავისუფლების აღკვეთა და სავალდებულო ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა. გარდა ამისა, შიკის აგუეროსთან ერთი წლით ყოველგვარი კონტაქტი აეკრძალა.