... ... hotnews.ge - ზურაბ მახარაძის თქმით, "ალტ-ინფო" "პატრიოტთა ალიანსის" მეშვეობით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას

ზურაბ მახარაძის თქმით, "ალტ-ინფო" "პატრიოტთა ალიანსის" მეშვეობით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას

ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე პარტია "პატრიოტთა ალიანსის" მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ მან "ალტ-ინფოს" ეთერში ისაუბრა.

მახარაძის თქმითვე, სხვა "კონსერვატიულ ძალებთანაც" მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა გაერთიანდნენ და ისინიც "პატრიოტთა ალიანსით" შევიდნენ პარლამენტში.

"ერთადერთი პარტია კონსერვატიულ ფლანგზე, რომელთანაც იდეოლოგიურად არის თანხვედრაც და რომლის დაბლოკვაც არ გამოდის, არის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ახლა არის საპარლამენტო პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი გამოეყო და ცალკეა, იურიდიულად საპარლამენტო პარტიაა, მას არაფრის შეგროვება, ხელმოწერები არ სჭირდება უკვე იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მისი დაბლოკვაც შეუძლებელია.

ჩვენ პატრიოტთა ალიანსთან გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები. ვსაუბრობდით. მათი ხედვაც არის ანალოგიური, რომ დიდი ეროვნული ერთობა უნდა შედგეს. ამ მიმართულებით ხდება მუშაობა, ამ წუთებშიც მიდის მუშაობა, ჩვენსა და მათ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია - ფუნდამენტური, პრინციპული ძირითადი შეთანხმება შედგა. მიდის დეტალებზე მუშაობა", - თქვა მან.

„ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული პარტიისთვის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 8 აპრილს გავრცელდა. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მიიღო.

9 აპრილს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „იქ იყო მამხილებლის განცხადება და შემდგომში, ასევე მიმართვა ანტიკორუფციული ბიუროსი“. ბრეგაძემ თქვა, რომ საჯარო რეესტრში არ იყო წარდგენილი აწ უკვე გაუქმებული პარტიის ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდება; ხოლო პასუხისმგებლობა არა სხვას, არამედ - თავად პარტიას ეკისრება.

 

YOU MAY LIKE