... ... hotnews.ge - "შევეცადოთ, ყველამ ერთად ვიმღეროთ ერთი სიმღერა" - უნიკალური აფხაზური ალბომის დაბადება

"შევეცადოთ, ყველამ ერთად ვიმღეროთ ერთი სიმღერა" - უნიკალური აფხაზური ალბომის დაბადება

არც თუ მცირეხნიანი სამუშაო პროცესის შემდეგ, "ბრავო რექორდსი" უნიკალურ მუსიკალურ პროექტს წარმოგვიდგენს. გამოვიდა ქართულ-აფხაზური ალბომი, თერთმეტი აფხაზური ჰიტით. სიმღერებს შორის არის როგორც ფოლკლორული, ისე თანამედროვე სიმღერები. როგორც ხმის ჩამწერი სტუდიის დამფუძნებელი, ზაზა შენგელია "პრაიმტაიმთან" ამბობს, აფხაზურ სიმღერებს, რომელთაც რუსული პაპსის გავლენა აქვს, ამ ალბომში მაქსიმალურად დახვეწილი ფორმითაა ორიგინალთან მიახლოებული.

სიმღერებს ქართველი შემსრულებლები ასრულებენ. CD ალბომის გამოშვება, რომლის სახელწოდებაა "ერთ სიმღერას ვმღერით", ცხადია ემსახურება ჩვენსა და აფხაზებს შორის კულტურული ხიდების აღდგენასა და ჩვენს ქვეყანაში აფხაზური ენის პოპულარიზაციას. მუსიკალური პროექტი არაკომერციული ხასიათისაა. ალბომი სხვადასხვა მედიაპლათფორმაზე აიტვირთება, რათა მასზე წვდომა აფხაზეთის მოსახლეობაზე გაუჩნდეს.ზაზა შენგელია: რახან არსებული ჰიტები (რუსული პაპსის გავლენის გამო) მდარე ხარისხის იყო, ჩვენი არანჟირების ავტორებს სერიოზული მუშაობა მოუწიათ, რომ ორიგინალი უფრო გაემდიდრებინათ და მრავალფეროვანი გაეხადათ; სიმღერებისთვის თანამედროვე ჟღერადობა რომ მიეცათ. პროექტზე სამუშაოდ ავიყვანეთ აფხაზური ენის საუკეთესო მცოდნე, მთარგმნელი და ჟურნალისტი, ქალბატონი ირმა ოსია და მომღერლებს ის ამეცადინებდა. მათაც თავი დააკლეს სიმღერის ტექსტებსაც, ისე იშრომეს. პროცესი საინტერესო და მომღერლებისთვის სახალისოც იყო. 

ალბომში ორი ფოლკლორული სიმღერა შედის, ავთენტიკურია აფხაზური ხალხური სიმღერა "რირარა", რომელსაც ამ პროექტში ანსამბლი "შავნაბადა" ასრულებს. "შატილის ასულოს" ახლებური ვერსია, რომ  ჩაიწერა, ხომ გახსოვთ? ასევე ახლებურად გაიჟღერს ეს სიმღერაც. რამდენიმე სიმღერა ავიღეთ 80-იანი წლებიდან და დანარჩენი თანამედროვე ჰიტებია. 

ალბომს დართული აქვს ცნობილი ადამიანების მოგონებები აფხაზეთზე, რომელიც სპეციალურად ამ ალბომისთვის გაკეთდა. მათ - მომღერლებს, რეჟისორებს, მსახიობებს თუ სხვა, ყველას ემოციური ბმა აქვს აფხაზეთთან. საპასუხისმგებლო პროექტია, მას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს, რომ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის დიალოგი დაიწყოს. კულტურას დიდი როლის თამაში შეუძლია. ამდენად, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია. 

YOU MAY LIKE